ისევე როგორც მშრალი და გამომშრალი, კანის ეს ორი სახეც განსხვავდება. მგრძნობიარე/sensitive ფაქტობრივად კანის ტიპია, რომელიც მუდმივია და შესაძლოა გენეტიკურიც იყოს, ხოლო გაღიზიანებული/sensitized კანის დროებითი გამოვლინებაა.

მგრძნობიარე კანი:

• ის ასეთია ადრეული ასაკიდან;

• მეტწილად გენეტიკურია;

• გამოვლენილია არა მხოლოდ სახეზე, არამედ სხეულზეც;

• ალერგიულია;

• ალკოჰოლის, ყავის, ცხარე საკვების მიღების შემდეგ წითლდება და ხურდება;

• რთულია მოვლის პროდუქტების შერჩევა, რადგან მარტივად ღიზიანდება ბევრ ინგრედიენტზე;

• მიდრეკილია სისხლძარღვების/კაპილარების დაზიანებისკენ;

• კანი თხელია, სისხლძარღვები და შესაბამისად სიწითლე/სილურჯე ხილული;

• კანის დამცავი ბარიერი დასუსტებულია, ამიტომაა რომ კანზე გამღიზიანებლები უფრო მარტივად და მყისიერად მოქმედებენ.

• აუცილებელი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გვხვდება მშრალ კანთან კომბინაციაში.

გაღიზიანებული კანი:

• ეს გამოვლინება კანის ნებისმიერ ტიპს შეიძლება ჰქონდეს;

• როგორც წესი, მხოლოდ სახის კანზე გამოიხატება;

• ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი;

• გაივლის გამომწვევი მიზეზის პოვნის და მისი შესაბამისად მოვლის შემდეგ;

• გამომწვევი მიზეზია: მოვლის არასწორი პროდუქტები, უხეში ექსფოლიაცია, ბევრი აქტიური ინგრედიენტის ერთდროულად მოხმარება, ხშირი ექსპერიმენტები და მოვლის საშუალებების/კოსმეტიკის ცვლა, ჰორმონები, დაბინძურება, კვებითი ჩვევები, სტრესი, გარკვეული მედიკამენტები, ამინდის ცვალებადობა, მოგზაურობა/აკლიმატიზაცია.

სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს როგორც მგრძნობიარე, ასევე გაღიზიანებულ კანს:

• დაჭიმულობა;

• სიწითლე;

• წვის/სიმხურვალის შეგრძნება;

• კანის აქერცვლა;

• გამოშრობა.

მე მგრძნობიარე კანის ტიპი მაქვს. მუდმივად ახალი პროდუქტების ცდაში ვარ (თუმცა სიფრთხილით ვარჩევ). არ მაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე საშუალება სიწითლეს საერთოდ გამიქრობს და კანის ტიპს შემიცვლის. უბრალოდ, ვცდილობ მის მაქსიმალურად განეიტრალებას, ამასთანავე კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებას და მზისგან მაქსიმალურად დაცვას.