დეკორატიული კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების ვადებზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

• პროდუქტის გამოშვების თარიღი და თაროზე დაყოვნების ვადა – როდისაა გამოშვებული ან/და როდემდეა ვარგისი. თუ ორივე მაჩვენებელი ან/და როდემდეა ვარგისი მითითებულია, მაშინ მარტივი გასარჩევია, ხოლო თუ მხოლოდ გამოშვების თარიღი აწერია, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტის თაროზე დაყოვნების ვადას (პერიოდი საწარმოდან თქვენს სახლამდე, ანუ სანამ მაღაზიის/აფთიაქის თაროზე დევს). შესაძლოა, კონკრეტული საშუალება 2017 წელს იყოს ქარხნულად გამოშვებული და დღემდე ვარგისი და 2019 წელს გამოშვებული უკვე აღარ ვარგოდეს, რაც ინგრედიენტებზეა დამოკიდებული;

• პროდუქტის ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ – ძირითადად ფლაკონზევეა მითითებული ან მისსავე ყუთზე. ეს არის პატარა მაჩვენებელი, სადაც შეიძლება შეგხვდეთ 6M, 12M, 18M და ა.შ, რაც შესაბამისად თვეების აღმნიშვნელია. გახსნიდან სწორედ ამ ხნის მანძილზე იქნება პროდუქტი ვარგისი;

• პროდუქტის შენახვის პირობები – არსებობს საშუალებები, ძირითადად კანის მოვლის, რომელთაც შენახვის განსაკუთრებული პირობები, ზოგს კი მაცივარი სჭირდებათ. ზოგადად, რეკომენდებულია მათი 20 გრადუსზე ნაკლებ, მშრალ და შედარებით ბნელ ადგილზე შენახვა.

რა შევინახოთ მაცივარში? (არა საყინულეში):

• C ვიტამინის და რეტინოლის შემცველი შრატები;
• სახის მისტები;
• ნაჭრის ნიღბები;
• თვალის ნიღბები/პატჩები და ასევე გელი/კრემი, რომლებიც გაგრილებას და შეშუპების მოხსნას უზრუნველყოფენ;
• როლერები, გუაშა;
• ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტები.

როგორ უნდა მივხვდეთ რომ კანის მოვლის საშუალება ან/და დეკორატიული კოსმეტიკა გამოსაყენებლად უვარგისია/ვადაგასულია:

• ეცვლება პირვანდელი სურნელი;
• ეცვლება ფერი;
• ეცვლება და უმაგრდება/უსქელდება ტექსტურა;
• გიღიზიანებთ კანს;
• არაერთგვაროვნად გადმოდის ფლაკონიდან;
• უჩნდება ბურთულები და ნაწიბურები.

გაითვალისწინეთ – კოსმეტიკას განსაკუთრებით არ უყვარს სინესტე, ასე რომ, დეკორატიული საშუალებები აბაზანაში არ შეინახოთ. არც მოვლის პროდუქტებისთვისაა სახარბიელო ასეთი გარემო. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ მათი ძირითადი ნაწილი მშრალ და გრილ ადგილას გქონდეთ და მხოლოდ დასაბანი საშუალებები დატოვეთ თქვენს სველ წერტილში.