კორეული ბრენდები და თავის მოვლის საშუალებები გამორჩეულია შემადგენლობით და საკმაოდ სწრაფი, თვალსაჩინო ეფექტით. ასევე აღსანიშნავია, რომ მაგალითად ფრანგულ ანალოგებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვთ. მართალია, კორეული თავის მოვლის რუტინა 10 საფეხურს ითვალისწინებს, თუმცა მე ყოველდღიურად მხოლოდ 5 პროდუქტს (+1 მზისგან დამცავს დღისით) ვიყენებ და მათ ამ პოსტში გაგაცნობთ.

1 – Heimish all clean green foam cleanser – გარდა იმისა რომ ასუფთავებს კანს და აშორებს მსუბუქ მაკიაჟს (ვერ მოგაშორებთ წყალგამძლე ან/და თვალების მძიმე მაკიაჟს), აღადგენს PH ბალანსს, არ აშრობს და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის. მის და ზოგადად, სახის კანის მოვლის პროდუქტების შემადგენლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ და მომწონს ინგრედიენტები – witch hazel და centella asiatica, რომლებიც უზრუნველყოფენ დატენიანებას და მგრძნობიარე/გაღიზიანებული კანის დამშვიდებას. გელი ხელის გულზე ცოტაოდენი წყლის დამატების შემდეგ ქაფად იქცევა. სახეზე ნაზი, წრიული მოძრაობებით (1-2 წთ განმავლობაში) უნდა დაიტანოთ, ჩამოიბანოთ თბილი წყლით. გამოყენების შემდეგ კანი სუფთა, გლუვი და დატენიანებულია.

2 – Dear, Klairs supple preparation facial toner – ტონერის ფუნქცია კანის PH ბალანსის აღდგენა და შემდგომი პროდუქტებისთვის მომზადებაა, რასაც ეს ტონერი წარმატებით ართმევს თავს. გარდა ამისა, შემადგენლობის დახმარებით ატენიანებს და ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. ამ შემთხვევაშიც, მისი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია centella asiatica, რომელიც გამორჩეულად კარგად მოქმედებს რეაქტიულ კანზე (სიწითლე, დაჭიმულობა, ანთებითი პროცესი). ეს ბრენდი ძირითადად სწორედ პრობლემური კანის გამოვლინებებზე მუშაობს და ამ პოსტში მის კიდევ რამდენიმე პროდუქტს შეხვდებით. თუ დარწმუნებული ხართ, რომ კანი საგულდაგულოდ გაისუფთავეთ, მაშინ ეს და ზოგადად, სხვა ტონერები (პროდუქტის უკეთ ასათვისებლად და ასევე, მისი ეკონომიისთვის) ხელით (და არა ბამბის დისკოთი) გადაინაწილეთ კანზე, მასზე მსუბუქი ძალდატანებით/ბიძგებით.

3 – It’s skin power 10 formula, GF effector – ამ ბრენდის შრატები სხვადასხვა მიმართულებით (ანტი ასაკობრივი, აკნე, ელასტიურობა და ა.შ) მუშაობენ, ეს კონკრეტული დატენიანებას და გაღიზიანებული კანის დამშვიდებას უზრუნველყოფს. აქვს ბლანტი კონსისტენცია და სასიამოვნოდ ნაწილდება კანზე, რომელიც შედეგად მშვიდი, ფაფუკი და ღრმად დატენიანებულია. გაითვალისწინეთ, რომ შეიცავს არომატიზატორს, თუმცა მას ჩემს მგრძნობიარე კანზე რეაქცია არ გამოუწვევია.

4 – It’s skin mangowhite brightening emulsion – ჩემი აზრით, ემულსია აუცილებელი ნაბიჯი არ არის, თუმცა ამ პროდუქტის რუტინაში ჩასმით ის დამატებითი ფუნქციით (კანის ამონათება/ე.წ “glass skin” ეფექტი) გავამდიდრე, რადგან ჩემი სხვა საშუალებები დატენიანებას და მგრძნობიარე კანის დამშვიდებას უზრუნველყოფენ. ემულსია სასიამოვნოდ ნაწილდება, სძენს დამატებით დატენიანებას და ამის შედეგად ტონუსში მოჰყავს კანი. როგორც შრატის, ასევე ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინეთ, რომ შემადგენლობაში არომატიზატორს შეხვდებით, რომელიც ამ ემულსიას უგემრიელეს სურნელს ანიჭებს და არც მას გაუღიზიანებია ჩემი მგრძნობიარე კანი.

5 – Dear, Klairs rich moist soothing cream – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დამატენიანებელია მგრძნობიარე და ამავდროულად მშრალი კანისთვის. საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს, თუმცა მარტივად ნაწილდება და იწოვება, არ ტოვებს ნიღბის ან წებოვნების შეგრძნებას. მუშაობს კანის არა მხოლოდ გარეგან დატენიანებაზე, არამედ მისი ბარიერის აღდგენაზე და დაცვაზე. ამ ჩამონათვალში, ეს ბრენდი ჩემთვის აღმოჩენა და უპირობო ლიდერია. აუცილებლად გამოვცდი და შემდგომში გაგიზიარებთ ინფორმაციას მათ სხვა პროდუქტებზეც.

+1 და მეექვსე ნაბიჯი დღის რუტინაში – SOME BY MI truecica mineral 100 calming suncream – მზისგან დამცავი საშუალების გამოყენების აუცილებლობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მის სახეობებზე და მახასიათებლებზე მეტს პოსტში გაიგებთ. რაც შეეხება ამ კრემს, ის მინერალური/ფიზიკური დამცავია, რომელიც რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვის. სხვა მინერალური მზისგან დამცავებისგან განსხვავებით, მას საკმაოდ მსუბუქი კონსისტენცია აქვს და ფაქტობრივად არ ტოვებს სითეთრეს. გარდა იმისა რომ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას (SPF 50), შემადგენლობიდან გამომდინარე ატენიანებს და ამშვიდებს მგრძნობიარე კანს.

კვირაში რამდენიმეჯერ, უფრო სწორად კი მაშინ, როდესაც მახსენდება, ვიყენებ ნაჭრის ნიღბებს. მათგან გამოვყოფდი Dear, Klairs – rich moist soothing tencel sheet mask და midnight blue calming sheet mask, ასევე Some By mi – glow luminous ampoule mask, tea tree calming. სამივე მათგანი კანის დატენიანებას და დამშვიდებას უზრუნველყოფს.