ქვემოთ ჩამოთვლილ დამატენიანებლებზე რეკომენდაციას პირადი გამოცდილებით გიზიარებთ. მათ სხვადასხვა დროს ვიყენებდი/ვიყენებ მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. თავიანთი შემადგენლობებიდან და კონსისტენციიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა უზრუნველყოფს დატენიანებას, თუმცა ალერგია და მგრძნობელობა მაინც ინდივიდუალურია და გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით გამოსაცდელი პროდუქტის შემადგენლობას. ჩემს შემთხვევაში, არცერთ მათგანს გამოუწვევია რაიმე გვერდითი მოვლენა და გიზიარებთ სწორედ იმიტომ რომ მომეწონა. განსხვავება შემადგენლობებში, კონსისტენციებში, ფასში და იმ დამატებით ბენეფიტებშია, რასაც დატენიანებასთან ერთად უზრუნველყოფს ზოგიერთი მათგანი.

(დატენიანება) Cerave moisturizing cream – ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური დამატენიანებელია, რადგან გამოიყენება როგორც სახისთვის, ასევე სხეულისთვის. შეიცავს კერამიდებს და ჰიალურონს. საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს, თუმცა მარტივად შეიწოვება კანში და არ ტოვებს წებოვანების შეგრძნებას. თუ საბაზისო, მსუყე კონსისტენციის და ხელმისაწვდომ დამატენიანებელს ეძებთ, ეს პროდუქტი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

(სუპერ დატენიანება და დაცვა) Drunk Elephant Lala Retro – სიის აბსოლუტური ფავორიტია. აქვს საოცარი კონსისტენცია (ათქვეფილი ჰაეროვანი ღრუბელივით ფაფუკი კრემის) და სულ რამდენიმე გამოყენების შედეგად კანი საოცრად დატენიანებული, აღდგენილი და ჯანსაღია. შეიცავს კერამიდების კომპლექს და სხვადასხვა სახეობის იშვიათ აფრიკულ ზეთებს. ვინაიდან დამცავი და აღმდგენი ფუნქციაც აქვს, კარგად მუშაობს მგრძნობიარე და გარემო ფაქტორებისგან გაღიზიანებულ კანზეც. მისი ერთადერთი მინუსი მაღალი ფასია, თუმცა თუ შესაძლებლობა გაქვთ და გამოცდით, თითოეულ ცენტს აანაზღაურებს.

(სუპერ დატენიანება) Belif moisturizing bomb – არაჩვეულებრივი ბრენდია. გამოცდილი მაქვს მათი თვალის კრემი, ტონერი და რა თქმა უნდა დამატენიანებელი, რომელსაც საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს და კარგად ატენიანებს კანს. შედეგი უფრო ეფექტური იქნება, თუ გამოიყენებთ ამავე ბრენდის ტონერთან (witch hazel herbal extract) ერთად.

(დატენიანება და მგრძნობელობა/სიწითლე) GlamGlow omega rich moisturizer– ორი ერთში პროდუქტი, რომელიც დატენიანებასთან ერთად, კანის ერთ ტონალობაში მოყვანაზე/სიწითლის განეიტრალებაზე ზრუნავს. მისი მრავალფეროვანი შემადგენლობა უზრუნველყოფს კანის დაცვას ისეთი გარემო ფაქტორებისგან, როგორიცაა მაგალითად ლურჯი (ელექტრონული მოწყობილობები) გამოსხივება, ასევე აღადგენს ბარიერს და უზრუნველყოფს რეაქტიული/სიწითლისკენ მიდრეკილი კანის დამშვიდებას. კონსისტენციიდან გამომდინარე, რომელიც არც ისე სქელია, საკმაოდ კომფორტულია მისი გამოყენება შედარებით თბილ/ცხელ სეზონზეც.

(დატენიანება) Bioderma Atoderm – სააფთიაქო ბრენდების დამატენიანებლებში ფავორიტია. მარტივი და ეფექტური. ბიოდერმას პროდუქტები (ვარდისფერი და ლურჯი ხაზიდან) სათუთად მოქმედებენ რეაქტიულ/მგრძნობიარე კანზე. ეს კრემი ზედმეტი ზეწოლისა და რეაქციების გარეშე უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და ბარიერის აღდგენას.

(სუპერ დატენიანება და მგრძნობელობა/სიწითლე) First aid beauty ultra repair intense hydration – ამ ბრენდს საკმაოდ დიდი ასორტიმენტი აქვს იმ პროდუქტებისა, რომლებიც მშრალ და გამომშრალ, გაღიზიანებულ კანზე მუშაობენ. ეს ინტენსიური დამატენიანებელი ამშვიდებს დაჭიმულ, აქერცლილ, მგრძნობიარე/სიწითლისკენ მიდრეკილ და მშრალ კანს. ინგრედიენტებიდან გამომდინარე, აქვს საკმაოდ სქელი კონსისტენცია და შედეგი პირველი გამოყენებისთანავე თვალსაჩინოა.

(დატენიანება და მგრძნობელობა/სიწითლე) Glow recipe banana souffle moisture cream – ერთი შეხედვით საკმაოდ მსუბუქია, თუმცა მისი შემადგენლობის წყალობით კარგად ატენიანებს კანს, ასევე უზრუნველყოფს მის ერთ ტონალობაში მოყვანას/სიწითლის განეიტრალებას. აქვს მართლაც სუფლესავით კონსისტენცია და სასიამოვნოდ გამოსაყენებელია შედარებით თბილ/ცხელ სეზონებზე და დილის რუტინაში.