ვიტამინი D ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ზომიერება ყველაფერში საჭიროა. მზისგან დამცავის გამოყენება ყველა სეზონზე აუცილებელია, მნიშვნელობა არ აქვს საგანგებოდ ეფიცხებით მზეს თუ უბრალოდ ქუჩაში გადაადგილდებით. ეს თავიდან აგარიდებთ ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებს, ლაქებს, პიგმენტაციას და სხვა უფრო სერიოზული შედეგებს/გამოვლინებებს. რაც მნიშვნელოვანია, არ შეუშლის ხელს ნამზეურის და D ვიტამინის მიღებას.

ბაზარზე ძალიან ბევრი ბრენდის, სახეობის, SPF ფილტრის და სხვა მახასიათებლების მზისგან დამცავი საშუალებები იყიდება. როგორ ავარჩიოთ ის ჩვენი კანის ტიპის და მოთხოვნილებების მიხედვით? მივყვეთ ეტაპობრივად:

რა არის UVA UVB?UVB ულტრაიისფერი სხივებია, რომლებიც აღწევენ კანის შრე დერმისში, აღიზიანებენ მას, რაც შედეგად სიწითლეს და დამწვრობას იწვევს. ხანგრძლივ პერიოდში ეს შეიძლება გადაიზარდოს ლაქებში, სიჭრელეში. რაც შეეხება UVA სხივებს, ისინი კიდევ უფრო ღრმა შრეებში აღწევენ და გავლენას ახდენენ უჯრედების დნმ-ზე. შედეგად ვიღებთ ჰიპერპიგმენტაციას, კანის ნაადრევ დაბერებას და არაერთგვაროვნებას. UVA მავნე ზემოქმედების შედეგები შესაძლოა არ არის მყისიერად თვალსაჩინო, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იჩენს თავს.

რა არის SPF? – იშიფრება როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი. გვხვდება სხვადასხვა მაჩვენებლით 30, 50, 80 და სხვა. როგორ ავარჩიოთ? რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი მით უფრო დაგვიცავს? მაგალითად, SPF50 UVB სხივების 98% ფილტრავს, SPF20 კი 95%. აქედან გამომდინარე, SPF მაჩვენებელი უმნიშვნელო არაა, თუმცა არც გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანი მისი სწორად გამოყენებაა. წასმიდან რამდენი ხანი გვიცავს პროდუქტი? ამის დასაანგარიშებლად ცოტა არითმეტიკა გვჭირდება – ის დრო სანამ თქვენი კანი (ტიპის/ფერის მიხედვით) დამცავის გარეშე არ იწვება (ძალიან თეთრი/ღია ფერის კანი 5-10 წთ, საშუალო/ხორბლისფერი 10-15 წთ, მუქი ფერი/ყავისფერი/შავი 15-20 წთ +/- 2-3 წთ) გაამრავლეთ SPF მაჩვენებელზე. მაგალითად – თუ ძალიან თეთრ/ღია ფერის კანზე, რომელიც მზეზე დამცავის გარეშე 10 წუთზე მეტი დროის შემდეგ დაწვას იწყებს წავისმევთ SPF 50 მაჩვენებელს მივიღებთ 500 წუთს, ანუ პროდუქტი წასმიდან დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დაგვიცავს (თუ რა თქმა უნდა ამ პერიოდში შეხება არ გვექნება წყალთან ან რაიმე ისეთ ზედაპირთან, რაც პროდუქტს მოგვაშორებს. მაგალითად, ზღვაზე ყოველ ჯერზე, როდესაც წყალში ჩახვალთ და ამოხვალთ ხელახლა უნდა წაისვათ დამცავი).

არსებობს ქიმიური და ფიზიკური (მინერალური) მზისგან დამცავი პროდუქტები. ლოგიკურია, მათ შორის მთავარი განსხვავება – ქიმიური შეიცავს ქიმიურ (მაგ: oxybenzone, octocrylene avobenzone და ა.შ.), ხოლო ფიზიკური ბუნებრივ ინგრედიენტებს (მაგ: zinc, titanium oxide). ქიმიური შემადგენლობის დამცავი კრემები შეიწოვენ კანის შრეში შემავალ UV სხივებს, რაც შემდგომ კანის ზედაპირის სიმხურვალით გამოიხატება, ასე თავისუფლდება შრეები. როგორც წესი, ქიმიური დამცავები უფრო მსუბუქი კონსისტენციისაა, მარტივად ნაწილდება და იწოვება კანში. მიიჩნევა, რომ მისი მსუბუქი ფაქტურის გამო, უკეთ თანაცხოვრობს მაკიაჟთან. გაითვალისწინეთ რომ ქიმიურმა მზისგან დამცავმა შესაძლოა გააღიზიანოს მგრძნობიარე კანი. რაც შეეხება ფიზიკურ მზისგან დამცავებს, მათი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კანზე სითეთრის დატოვებაა, რაც ინგრედიენტების გამოვლინებაა. ეს აქტიური მინერალები კანის ზედაპირზე ფიქსირდებიან და ისხლეტენ/ირეკლავენ UV სხივებს. ფიზიკურ მზისგან დამცავებს აქვთ უფრო მსუყე კონსისტენცია, მოქმედებენ დატანის შემდეგ მომენტალურად და მეტად რეკომენდებულია მგრძნობიარე და ღია ფერის კანისთვის.

გაითვალისწინეთ – SPF ფილტრი, რომელიც თქვენს კოსმეტიკურ საშუალებებს (ტონალური, პუდრა და ა.შ) აქვთ საკმარისი არ არის, რადგან მთავარი მზისგან დამცავი ფაქტორის კონცენტრაციაა, რომლის მისაღებად გარკვეული რაოდენობის პროდუქტის წასმაა საჭირო (თვალსაჩინოებისთვის – 1/4 ჩაის კოვზი, დაახლოებით 1.2 გრამი). წარმოიდგინეთ რამდენი “პამპია” 1/4 ჩაის კოვზი ტონალური. ამ რაოდენობის პროდუქტის სახეზე გადანაწილება საკმაოდ გაგიჭირდებათ. შესაბამისად, არ იყოთ მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტების SPF დაცვის იმედზე.

რაც შეეხება თანმიმდევრობას, მზისგან დამცავს ისვამთ მოვლის პროცედურების (დამატენიანებლის) შემდეგ. თუ მაკიაჟსაც იკეთებთ, დაელოდეთ 4-5 წთ კარგად შეწოვას და შემდეგ დაიწყეთ პროდუქტების გამოყენება.