დღევანდელ დღეს, ამ საკმაოდ რთულ პერიოდში, როდესაც სამყარო უხილავ მტერს ებრძვის, მათ ვისაც შეიძლება ვთქვათ გაგვიმართლა და მხოლოდ თვითიზოლაცია და სახლში დარჩენა მოგვეთხოვება, შეგვიძლია ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს განახლებული ძალებით და ახალი უნარებით დავუბრუნდეთ.

გაიგეთ მეტი საკუთარი კანის ტიპის, მისი მოვლის და საშუალებების შესახებ. ზოგად ინფორმაციას და გარკვეული პროდუქტების შეფასებებს Ann.ge-ზე ნახავთ, უფრო მასშტაბური კვლევისთვის და მიმოხილვებისთვის კი გაგიზიარებთ ჩემ საყვარელ Youtube არხს – Beauty Within . ვინაიდან ყველანი ვიცავთ წესებს და ვრჩებით სახლში, ამ პერიოდში კოსმეტიკის მოხმარების აუცილებლობა აღარ გვაქვს, შესაბამისად, გამოიყენეთ ეს დრო კანის მოვლის არა მხოლოდ რუტინული პროცედურებისთვის – ნიღბებისთვის, ექსფოლიაციისთვის. გადაახარისხეთ კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, შეამოწმეთ ვადები, დააკვირდით შემადგენლობას და იმას თუ რამდენად გჭირდებათ/დაგჭირდებათ კანის ამჟამინდელი მდგომარეობისთვის.

ფილმები და სერიალები, რომლებისთვისაც ცხოვრების სტანდარტულ რეჟიმში დრო არ გრჩებოდათ. არჩევანი უდიდესია ჟანრის, ეპოქის, რეჟისორების, რეიტინგების, მსახიობების თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით. კარგი ფილმის/სერიალის ყურება სიამოვნების გარდა სხვა სარგებელსაც მოგიტანთ თუ მას იმ უცხო ენაზე (+სუბტიტრებით) უყურებთ, რომელსაც სწავლობთ ან ცოდნის დონის გაუმჯობესება გსურთ. აქვე გაგიზიარებთ ბოლო პერიოდის რამდენიმე რჩეულს – ფილმები: Where’d you go, Bernadette, Downton Abbey, Jojo Rabbit, Knives out, Bombshell (გარდა ამ მოკლე სიისა, იხილეთ ბლოგის განყოფილება – კინო) . სერიალები: The morning show, Killing eve (მესამე სეზონის პრემიერა 12 აპრილს), Money heist (მეოთხე სეზონის პრემიერა 3 აპრილს).

განათლება და თვითგანვითარება არასდროს უნდა შევწყვიტოთ, ყველაზე დატვირთულ სამუშაო დღესაც კი რამდენიმე წუთი დაუთმეთ უცხო ენებს, ახალი უნარების/თემის შესწავლას. საბოლოოდ ამას დიდი და დადებითი ცვლილებების მოტანა შეუძლია. მიმდინარე პერიოდი კი ამ ძალისხმევის მაქსიმალურად გაზრდისთვის საუკეთესოა. თუ უცხო ენის შესწავლა, ცოდნის დონის გაუმჯობესება ან უბრალოდ ვარჯიში გსურთ, გამოგადგებათ Duolingo, რომელიც გახლავთ ენების შემსწავლელი ამერიკული პლატფორმა, წარმოდგენილი როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის სახით. მისი გამოყენება ფაქტობრივად უფასოა, თუ განსაკუთრებული პრემიუმ სერვისებით არ გადაწყვეტთ სარგებლობას. მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტების 2500 ზე მეტი ონლაინ კურსი დაგხვდებათ EDX – ზე. მიმართულებების არჩევანი ძალიან დიდია, გრაფიკი მაქსიმალურად მორგებული და რაც მთავარია, მათი უმრავლესობის გავლა უფასოა (ჩემი გამოცდილებით, თანხას იხდით იმ შემთხვევაში თუ სერტიფიკატიც გსურთ).

ლიტერატურა ალბათ ყველას გვიყვარს, მაგრამ ხშირად ვწუხვართ, რომ კითხვას იმდენ დროს ვერ ვუთმობთ, რამდენსაც გვინდა. გიზიარებთ საყვარელ კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებს – დეკამერონი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მარტინ იდენი, ნაივური.სუპერი, საოცარი ახალი სამყარო, უჩინარი კაცი, დაიკიდე ჯივზ, ოსტენდელი მეოცნებე, ცუდი გოგოს ოინები, მკვლელის ჰიგიენა, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, Tales of the Jazz Age, Down and Out in Paris and London (ეს უკანასკნელი 2 როგორც მახსოვს, ქართულად ნათარგმნი არაა).

გადაახარისხეთ გარდერობი – ის რომ გარდერობი სავსეა და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვთ, იმის ბრალია რომ გარდერობი სავსეა. იმ ნივთებს შორის, რომლებიც მოძველდა, ან აღარ გეტევათ/დიდი გაქვთ, იმპულსური შენაძენი იყო და საერთოდ აღარ მოგწონთ/არ შეეფერება ცხოვრების ამჟამინდელ სტილს იკარგება ის საბაზისო და საყვარელი ნივთები, რომელთა ტარებაც სასიამოვნო და კომფორტულია. გადაახარისხეთ ნივთები ზომების და სტილის მიხედვით. გამოარჩიეთ ისინი, რომლებიც აღარ გახსოვდათ და ახლა, როდესაც გაიხსენეთ ვერ ხვდებით რაში უნდა გამოიყენოთ. მოკლედ, ყველანაირად გაფილტრეთ და დარჩენილი ერთეულებისგან შეადგინეთ ერთიანი ვიზუალები, გადაუღეთ ფოტო და შედეგად, გექნებათ რამდენიმე მზა ანსამბლი, რომლებიც განსაკუთრებულ ან/და ყოველდღიურ შემთხვევებში გამოგადგებათ.

რაც ყველაზე მთავარია #დარჩისახლში