ფერი – წლის მთავარი ფერი კლასიკური ლურჯია, თუმცა გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე მასთან ერთად საპატიო ადგილს იკავებენ: ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, იასამნისფერი და ხაკისფერი. ისევ აქტუალურია ნეონი და ამასთანავე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფერის პასტელური ტონი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფერი ტენდენციურია, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული და გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს თუ რომელი გიხდებათ და როგორ შეახამებთ მათ.

პრინტი – კოპლები, ყვავილები, კუბოკრული, ტროპიკული, შავ-თეთრი. ჩამოთვლილთაგან თითოეული იმდენად დამკვიდრებულია გარდერობებში, რომ კლასიკადაც იქცნენ. ცხოველური პრინტები მეტ-ნაკლებად კარგავენ აქტუალობას, თუმცა მიმდინარე სეზონებზე მაინც გვხვდება ზებრის პრინტი, აქვეა ნებისმიერი ზომის და ფერის უცვლელი კოპლები და ყვავილები. რაც შეეხება კუბოკრულ პრინტს, კლასიკური შავ-თეთრი და ზემოთ ჩამოთვლილი აქტიური ფერების თეთრთან შეხამება გამოკვეთილი ტენდენციაა.

მატერია – ტყავი, ჯინსი. ერთი შეხედვით, აქ ახალი არაფერია, ტყავის და ჯინსის ნივთები ყოველთვის, ფაქტობრივად ყოველ სეზონზე გვაქვს გარდერობში. განსხვავება მხოლოდ მათ ინტენსიობასა და მრავალფეროვნებაშია. თუ აქამდე მხოლოდ ტყავის ქურთუკით ან შარვლით შემოიფარგლებოდით, მიმდინარე სეზონებზე შეგიძლიათ მთელი ანსამბლი ტყავისგან ააწყოთ და აუცილებელი არ არის რომ ის აუცილებლად შავი, ყავისფერი და მუქი იყოს. ფერადი ეკო-ტყავი ერთ-ერთი მკვეთრი ტენდენციაა. იგივე შეიძლება ითქვას ჯინსზეც. იყო დრო, როდესაც ჯინსის შარვალთან ერთად ჯინსის ქურთუკის ან/და სხვა დეტალის გამოყენებას ერიდებოდნენ, ახლა კი პირიქით. ჯინსმა ძალიან მასიური სახე მიიღო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და სამოსის (შარვლების, ქვედაბოლოების, ქურთუკების…) მოცულობით. ასევე აქტუალურია გამჭვირვალე, დაწნული, სქლად ნაქსოვი სამოსი.

კოსტიუმები – გარდა იმისა რომ კლასიკაა, ბოლო რამდენიმე სეზონია ტენდენციურიცაა. ისიც უცვლელად რჩება ჩვენს გარდერობებში და ემატება ჟილეტი, რომელიც ანსამბლს უფრო ერთიან და დასრულებულ სახეს აძლევს, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. პიჯაკების შემთხვევაში ე.წ oversized ტენდენცია რჩება, თუმცა წელი უფრო იკვეთება თავად თარგის ან ქამრის/აქსესუარების დახმარებით.

პერანგები – ერთი შეხედვით, გარდერობის ყველაზე საბაზისო წარმომადგენელი წელს პოდიუმებზე განსაკუთრებული ინტენსიობით შეინიშნება. თავისუფალი სტილის, განიერი მკლავებით, როგორც ზედატანის ასევე კაბის სახით პერანგები გაზაფხული-ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენციაა. შეიძლება შევახამოთ ჟილეტებთან, კაბებთან, მოკლე ტოპებთან, კორსეტებთან ან კლასიკურად – ჯინსებთან და ა.შ.

რომანტიზმი – კაბები და პერანგები მაქმანებით, პლისე, მოცულობა, ჰაეროვნება, ყვავილების პრინტი. ამ ტენდენციაზე ფიქრისას, ჩემი საყვარელი სატელევიზიო შოუს KILLING EVE მთავარი გმირის ვარდისფერი კაბა გამახსენდა. რენესანსული დიდებულება 21-ე საუკუნეში გვიბრუნდება.

დუტი – ეს ტექსტურა ტენდენციად ბოტეგა ვენეტას ცნობილმა ფეხსაცმელმა აქცია და ის გავრცელდა როგორც აქსესუარებზე, ასევე სამოსზე. თხელი ქურთუკები, ჩანთები, ჟილეტები, ფეხსაცმელები. როდესაც საქმე ამ სტილის ფეხსაცმელს და ჩანთებს ეხებათ, გეტყვით რომ ისინი მაინც “სწრაფი მოდის” წარმომადგენლები არიან, უკვე ფართოდ გავრცელებულნი მასმარკეტებში და შესაბამისად, მალე მობეზრებადი. თუმცა როდესაც იგივე სტილის მაგალითად ქურთუკებზე ან ჟილეტებზე ვსაუბრობთ, ისინი ისედაც ჩვენს ყოველდღიურობაში არსებულ საბაზისო ერთეულებს წარმოადგენენ. ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს დეტალი ნივთებში “ინვესტირებისას”.

90-იანი წლები – ყველაფერი ახალი, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყებული ძველია. პლატფორმები, ნეონი, დიდი და ფერადი აქსესუარები, მხარზე გადასაკიდი ჩანთები, არასტანდარტული ფორმის/ფერის სათვალეები და ა.შ Oops….we have to do it again, 90-ები დაგვიბრუნდა.

მონოქრომი – მთელი კომპლექტის ერთ ფერში აწყობა ისევ გამოკვეთილი ტენდენციაა და ეს გასაკვირი არაა. ასეთი, ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილება ვიზუალს უფრო ნაფიქრ, დასრულებულ და დახვეწილ სახეს აძლევს. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში ტანს უფრო ლამაზად აჩენს.

ფეხსაცმელი – ლოფერები თუნდაც არასტანდარტული და სახეცვლილი დეტალებით, ე.წ mary jane სტილი, ნეონი, პლატფორმები და ზოგადად, ფეხსაცმელები უხეში ძირით მიმდინარე სეზონის მკვეთრი ტენდენციებია.

აქსესუარები – როგორც უკვე აღვნიშნეთ აქსესუარებში ძირითადად 90-იანი წლების დეტალები გვხვდება. ფერადი სამაჯურები, ჯაჭვები, ნეონი და მეტალიკი ჩანთები, საყურეები.