თუ წინა პოსტში ხელმისაწვდომ კოსმეტიკაზე გესაუბრეთ, ამჯერად, შედარებით ძვირადღირებულ კოსმეტიკას და კონკრეტულ პროდუქტებს განვიხილავ.

მაკიაჟის ფიქსატორი – Mac – უპირობო ლიდერია. წარმოადგენს ერთგვარ დამატენიანებელ, მსუბუქ ბაზას მაკიაჟამდე და რაც მთავარია, ფიქსატორს, რომელიც არ ტოვებს ნადებს, წებოვანების შეგრძნებას და მაკიაჟის ფაქტობრივად უძრავს ხდის. 28$

წამწამების ტუში – Dior – diorshow უკვე კლასიკად ქცეული ტუშია. აქვს მოსახერხებელი აპლიკატორი, რომელიც უზრუნველყოფს წამწამების აპრეხას, სძენს მათ სიგრძეს, მოცულობას, არის პიგმენტური და მდგრადი. 29$

წარბების ტუში/ფიქსატორი – Glossier – აქვს მოსახერხებელი აპლიკატორი, კონსისტენცია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბრად გადანაწილებას და გამორიცხავს ნადებს ან აჭრელებას. წარმოდგენილია როგორც გამჭვირვალე, ასევე შეფერილი გელის სახით. 16$

ტუჩსაცხი – ეს ერთ-ერთი ყველაზე სადავო კატეგორიაა, რადგან ტუჩსაცხის კონსისტენციის და ფერის მორგება ძალიან ინდივიდუალურია. მიუხედავად ამისა გაგიზიარებთ ორ რჩეულ ბრენდს – MAC და Charlotte Tilbury. MAC (19$) გლუვი ტუჩსაცხების პალიტრიდან გამოვარჩევდი წითელ და ზოგადად მკვეთრ ფერებს, ხოლო თუ ნეიტრალურ და Nude ფერებს ანიჭებთ უპირატესობას მაშინ Charlotte Tilbury (34$) სცადეთ.

CC კრემი – It cosmetics – აქვს რამდენიმე ვერსია მშრალი/ნორმალური, კომბინირებული/ცხიმიანი კანისთვის და დამატებითი ბრწყინვალებით. საკუთარ გამოცდილებას მშრალი/ნორმალური ანუ ვერცხლისფერი შეფუთვით წარმოდგენილ CC-ზე გაგიზიარებთ. ერთ-ერთ beauty box-ში ამომივიდა მინი ვერსია და სულ რამდენიმეჯერ გამოვცადე, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მის ღირსებებში დასარწმუნებლად. ერთადერთი, რაც შეიძლება მინუსად ჩაითვალოს მისი კონსისტენციაა, რომელიც ნამდვილად არ არის სტანდარტული CC კრემების მსგავსი, რადგან შედარებით სქელია. თუმცა სწორედ ამ კონსისტენციის წყალობით ახერხებს კანის ტონის გათანაბრებას, ლაქების, სიწითლეების დაფარვას და მდგრადობას. ითავსებს spf 50 დაცვას, დამატენიანებლის და ანტი ასაკობრივ ფუნქციებს. 39$