ალბათ დამეთანხმებით, რომ საჩუქრების ჩუქება მიღებაზე არანაკლებ სასიამოვნოა. ხშირ შემთხვევაში მეტადაც კი. დეკემბრის თვე წლის ყველაზე ბრჭყვიალა, ლამაზი, მყუდრო, მოლოდინებით, სიურპრიზებით და საჩუქრებით სავსეა. საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები…წელიწადის ამ დროს ბევრი ფიქრი გვიწევს იმაზე თუ რა ვაჩუქოთ? ამიტომ, პოსტში შემოგთავაზებთ/გაგახსენებთ რამდენიმე მარტივ იდეას, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში აუცილებლად ახარებს ადრესატებს.

ონლაინ საგანმანათლებლო კურსი – თუ იცით თქვენი ადრესატის ინტერესების, სურვილების, სამეცნიერო თუ პროფესიული გაქანების შესახებ, მაშინ ინტერნეტის უძირო სამყარო თქვენს ხელშია, აარჩიეთ სასურველი კურსი და დაეხმარეთ მას ახალი უნარების შეძენაში.

ვაუჩერი სპა პროცედურაზე – განტვირთვა წელიწადის ნებისმიერ დროს და სეზონზე სასიამოვნო და საჭიროა, განსაკუთრებით კი დატვირთული წლის ბოლოს. საკუთარი გადაწყვეტილებით ასეთ პროცედურებს ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო არ/ვერ იტარებს. ასე რომ ასეთი საჩუქრით ნამდვილად ნებისმიერს გაახარებთ.

სახლის პიჟამა და ჩუსტები – თუ გსურთ ადრესატს თქვენი საჩუქრით მყუდროება შეუქმნათ და ამასთანავე ხშირად გაახსენოთ თავი, მაშინ აჩუქეთ მას სახლის სამოსი და თბილი ჩუსტები. პიჟამა მხიარული პრინტით არასდროსაა ზედმეტი, ხოლო მაგალითად ბაჭიის ყურებიანი ჩუსტებით მას ყოველდღიურად გაღიმების საბაბს მისცემთ.

სასაჩუქრე ბარათი – არ იფიქროთ, რომ ეს მარტივი გამოსავალია და ამით ადამიანს აგრძნობინებთ, რომ მის საჩუქარზე ფიქრი დაგეზარათ. ბევრს გარდა შენაძენისა/ნივთისა თავად ყიდვის და მაღაზიებში სიარულის პროცესიც ძალიან ახარებს, შესაბამისად, ასე მათ ორმაგ სიამოვნებას მიანიჭებთ.

ტანის მოვლის ნაკრები – კლასიკად ქცეული საჩუქარია, თუმცა ისეთი ყველას და ყოველთვის რომ სჭირდება. შეიძინეთ უკვე დაკომპლექტებული ნაკრები ან თავად შეარჩიეთ ის ადრესატის გემოვნების და მოთხოვნილებების მიხედვით. შხაპის გელი, სკრაბი, დამატენიანებელი, აბაზანის ბომბი, მბზინავი ზეთი და ა.შ. არჩევანი დიდია.

აქსესუარები ზამთრისთვის – ქუდი, ხელთათმანები და რაც მთავარია, შარფი. ეს ის ტრიოა, რომლის გარეშეც ცივი ზამთარი რთულად წარმოსადგენია. თუ კარგად იცით ადრესატის სტილი, მაშინ ასეთი საჩუქრით მის გარდერობში და გულშიც დაიმკვიდრებთ ადგილს.

დღიური ჩანაწერებისთვის – საკანცელარიო ნივთების მოყვარულთათვის საუკეთესო საჩუქარია. რა ჯობია ახალი წლის პირველ დღეს, ახალ დღიურში მომავალი წლის გეგმების და მიზნების ჩამოწერას. (რა ჯობია და შემდეგ წელს მათ გასწვრივ “პწიჩკების” დასმა 😀 )

წიგნი – ასევე კლასიკად ქცეული საჩუქარია, თუმცა უმჯობესი იქნება თუ მის არჩევას იმაზე მეტ დროს და ყურადღებას დაუთმობთ ვიდრე წიგნების მაღაზიაში მისვლა და რომელიმე ბესთსელერის შეძენაა. ნახეთ რას წერს თქვენი ადრესატი ლიტერატურულ ჯგუფებში, საკუთარ სოციალურ ქსელებში, რომელი ავტორი, ეპოქა ან ჟანრი მოსწონს…

მაისური საყვარელი ფოტო/ნახატით – ეს შესაძლოა არ იყოს მხოლოდ მაისური და მისი საყვარელი ფოტო, ნახატი ან ტექსტი გადაიყვანოთ ჭიქაზე, ბალიშზე, საწოლის თეთრეულზე და ა.შ. ასეთი პერსონალიზებული საჩუქრები ნამდვილად იმეტყველებს თქვენს დიდ მონდომებაზე.

ყურსასმენები – ყურსასმენების გარეშე, სახლის ზღურბლს გარეთ თავი ვერსად წარმომიდგენია. დარწმუნებული ვარ, არაერთი ადამიანია ასე, შესაბამისად, კარგი ხარისხის ყურსასმენით ბევრს გაახარებთ.

კოსმეტიკა – ამისთვის აუცილებელია ადრესატს კარგად იცნობდეთ და მისი გემოვნებაც მეტ-ნაკლებად იცოდეთ. გახსოვდეთ, აქ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. საახალწლო საჩუქრად რამდენიმე დაბალფასიან ნივთს, ერთი შედარებით ძვირადღირებული თუნდაც ტუჩსაცხი ჯობია. თუ გამოწერას აპირებთ, ამისთვის თადარიგი უკვე უნდა დაიჭიროთ, რადგან საშობაო/საახალწლო დღეებში ბევრი შეკვეთაა, რაც შიფინგს და შემდეგ საქართველოში ტრანსპორტირებას აგვიანებს.

სუნამო – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი საჩუქარია, თუმცა ჩამოთვლილთაგან ყველაზე რთული სწორედ მისი არჩევაა. ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ ადამიანს და მის გემოვნებას, რომ სწორი სურნელი შეურჩიოთ. ამ შემთხვევაში, სუნამოს შერჩევა, წიგნის შერჩევას ჰგავს. მაღაზიაში შესვლა და ყველაზე პოპულარულის ან ძვირადღირებულის არჩევა წარმატებას საერთოდ არ გპირდებათ. აქაც დაიხმარეთ სოციალური ქსელები, ნახეთ მისი საყვარელი ბრენდები, კარგად ჩამოსქროლეთ პროფილი. უკიდურესს შემთხვევაში, მიმართეთ მეგობარს.

სახის მოვლის საშუალებები – ამ შემთხვევაში, სულ მცირე კანის ტიპის შესახებ უნდა გქონდეთ ინფორმაცია. პირდაპირ დღის ან ღამის კრემის ყიდვის სურვილით ნუ შეხვალთ მაღაზიაში (თუ დანამდვილებით არ იცით მიმდინარე პერიოდში რას იყენებს ან რა უნდა). აირჩიეთ საშუალებები, რომლებიც არასდროსაა ზედმეტი. მაგალითად: სახის კრემოვანი ან ნაჭრის ნიღბები, გომაჟი, თვალის პაჩები, ტუჩების ბალზამი, მასაჟორი. თუ არჩევანი გიჭირთ, მაგრამ გსურთ რომ თავის მოვლის საშუალებებით გაანებივროთ ადრესატი, მაშინ ზემოთხსენებულ ვარიანტზე – ვაუჩერის ჩუქებაზე დაფიქრდით.

აქსესუარები – ეს ყველაზე დიდი კატეგორიაა, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე ბანალური და მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთანავე რთულია ამხელა არჩევანის პირობებში სწორედ ის ერთი მოძებნოთ. თუ მის გემოვნებას კარგად იცნობთ, მაშინ დავალება მარტივია, ხოლო თუ ნაკლებად, მაშინ აარჩიეთ ნეიტრალური დიზაინის აქსესუარი, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს პერსონალური გრავირებით შესძენთ.

ტექნიკა – და რა თქმა უნდა, აქ ტოსტერზე, ბლენდერზე, ულტიმეტ ჩოფერსა და ყველის შესანახ კონტეინერზე არ არის საუბარი. (ასე ერთი ხელის მოსმით თქმაც ძნელია. შესაძლოა ძალიანაც უნდოდეს, დამწყები მზარეული იყოს ან უბრალოდ პრაქტიკული ადამიანი, თუმცა ასეთი ნივთებით ისე, უმიზეზოდ გაახაროთ ადრესატი აჯობებს). ერთ-ერთი კარგი ვარიანტია მობილურის “power bank” (p.s თუ ამ ნივთს იმ მიზეზით აჩუქებთ ადამიანს, რომ მობილური სულ დამჯდარი აქვს, მაშინ აზრი არ აქვს, არც power bank-ს დატენის 😀 ), ასევე ზემოთხსენებული ყურსასმენები, დინამიკები, fuji-ს აპარატი, პლანშეტი, პერსონალური კომპიუტერი, მობილური…თქვენი ბიუჯეტის და სურვილის მიხედვით.

სურნელოვანი სანთლები – არომათერაპია განტვირთვის ძალიან სასიამოვნო საშუალებაა. ბაზარზე უამრავი საფასო სეგმენტის, სურნელის, ბრენდის და ფორმის სანთლები იყიდება, რომელიც ადრესატს არომატულ და მყუდრო დღეებს აჩუქებს.

თეატრის ბილეთები – ალბათ ბევრს გვქონია შეგრძნება, როდესაც კარგი სპექტაკლის ნახვის შემდეგ გვიფიქრია: მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ემოციები დიდი ხნით გაგვყოლია, პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში წარმოგვიდგენია და გარშემომყოფებთან პარალელები გაგვივლია. მოკლედ, კარგი სპექტაკლი ხომ კარგია და მასზე საჩუქრად მიღებული ბილეთები უფრო კარგი.

საჩუქრების სიის ჩამოთვლა ალბათ დაუსრულებლად შეიძლება. ამ პოსტში ვეცადე გამეზიარებინა მარტივად ხელმისაწვდომი და ის უტყუარი ვარიანტები, რომლებიც სწორად შერჩევის შემთხვევაში აუცილებლად გაახარებენ ადრესატს.