სრულყოფილი მაკიაჟის შემადგენელი ნაწილი, გარდა თავად ტექნიკის ცოდნისა ის პროდუქტებია, რომლებსაც ვიყენებთ. ისევე როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, კოსმეტიკის შერჩევისას დევიზი – კარგია, რადგან ძვირადღირებულია/ბრენდულია არ მოქმედებს…და თუ რა მოქმედებს, მაკიაჟის ბაზის, ტონალურის და კორექტორის შერჩევისას, ამას დღევანდელ პოსტში გაგიზიარებთ.

სანამ კონკრეტულ, ადგილობრივ მაღაზიას მიაშურებთ, მანამდე მოკალათდით თქვენს ელექტრონულ მოწყობილობასთან და ჩაატარეთ უმარტივესი ოპერაცია – დაგუგლეთ. ასე გაიგებთ იმ ბრენდების ჩამონათვალს, რომელიც ერგება თქვენს ბიუჯეტს, ასევე მუშაობს თქვენი კანის ტიპზე და მოთხოვნილებებზე, ნახავთ ე.წ “სვოჩებს”, ფერთა პალიტრას, პროდუქტის შემადგენლობას, წაიკითხავთ უამრავ რეალურ შეფასებას. დამიჯერეთ, ასე ბევრად მარტივი და უტყუარია გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ჩამოუყალიბებლად პარფიუმერიის მაღაზიაში მისვლა და მხოლოდ კონსულტანტის რეკომენდაციის ან პროდუქტზე მთავარი წარწერის გათვალისწინება. ამ მეთოდის გამოყენებით, თქვენ თავიდან აიცილებთ იმპულსურ შენაძენს, რადგან სახლში მისვლამდეც წაკითხული გექნებათ ყველაფერი, ისიც კი რაც ძალიან წვრილი ასოებით წერია.

ისევე როგორც მოვლის საშუალებების არჩევისას, ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესია საკუთარი კანის ტიპის და მოთხოვნილებების ცოდნა. მაშინ როდესაც კოსმეტიკაზე ვსაუბრობთ კანის ტიპში მოვიაზრებთ, როგორც მის ზედაპირს, ასევე ფერს და ქვედა ტონს, რადგან ეს უკანასკნელნი მთავარი ფაქტორებია თქვენთვის შესაფერისი ტონალობის და პიგმენტის შესარჩევად. კანის ტიპების და მათი მოთხოვნილებების შესახებ ბლოგზე რამდენიმე პოსტია, ფერი მეტ-ნაკლებად მარტივი დასადგენია. რაც შეეხება ქვედა ტონს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია მაგალითად ტონალურის შერჩევისას. რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით თქვენი კანის ფერი პროდუქტი გიყიდიათ და წასმისას ყვითლისკენ, ნაცრისფერისკენ, სიმწვანისკენ ან ვარდისფრისკენ წასულა? ალბათ ერთხელ მაინც. სწორედ ამისთვისაა საჭირო ქვედა ტონის ცოდნა, გაქვთ ის თბილი თუ ცივი, ნეიტრალური, ყვითელი/ოქროსფერი თუ ვარდისფერი/წითელი.

როგორ გავიგოთ კანის რომელი ტონალობა გვაქვს? – დააკვირდით თქვენს ვენებს, თუ ისინი მოლურჯო ფერისაა მაშინ ცივი ტონალობა გაქვთ, ხოლო თუ მწვანე ფერი დაჰკრავს, მაშინ თბილი ტონალობა. თუ ფერის იდენტიფიცირება გიჭირთ, მაშინ დიდი ალბათობით ნეიტრალური ტონალობის კანი გაქვთ. არსებობს ტონალობის დასადგენი კიდევ ერთი ექსპერიმენტი. სახის კანთან ახლოს მიიტანეთ როგორც ოქროსფერი, ასევე ვერცხლისფერი აქსესუარი. თუ ვერცხლისფერი აქსესუარი უფრო მოგიხდებათ, მაშინ მეტი შანსია კანის ცივი ტონი გქონდეთ და შესაბამისად, თუ ოქროსფერი სამკაული, მაშინ თბილი.

  • თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ უნდა აარჩიოთ საშუალებები, რომლებიც თავიანთი შემადგენლობით არიან Matte და oil free, წყლის ფუძეზე დამზადებული. ეს ეხება როგორც ბაზას და ტონალურს, ასევე პუდრს ფიქსაციისთვის. რაც შეეხება თვალების გარშემო კორექტორს, ვინაიდან ეს არე ყველას შედარებით თხელი და ნაზი გვაქვს, ასევე სულ მცირე, მიმიკური ნაოჭებით, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ნორმალური/კომბინირებული კანისთვის განკუთვნილ პროდუქტს შეარჩევთ, რადგან არ გამოაშროთ და ხელი არ შეუწყოთ მიმიკური ნაოჭების წარმოჩენას.
  • თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ უნდა აარჩიოთ საშუალებები, რომლებიც მთავარ დანიშნულებასთან ერთად, კანის ატენიანებენ, აქვთ შედარებით მსუყე კონსისტენცია და რა თქმა უნდა არ აქვთ ზემოთხსენებული შემადგენლობა. მშრალ კანზე გლუვი ან ზეთოვანი ინგრედიენტებისგან თავისუფალ ტონალურს/კორექტორს თუ გამოიყენებთ, ნუ გაგიკვირდებათ მისი არაეფექტურობის რა თანხაც არ უნდა გქონდეთ მათში გადახდილი.
  • თუ თქვენ კომბინირებული კანი გაქვთ, სახის სხვადასხვა მონაკვეთისთვის, განსხვავებული ტიპის პროდუქციის არჩევა მოგიწევთ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ლოყები სიმშრალისკენაა მიდრეკილი, შუბლი, ნიკაპი და ცხვირი ცხიმიანობისკენ და ფორებისკენ. აქ დაგჭირდებათ ბაზა, რომელიც ცხიმიანი არეების შემთხვევაში იმუშავებს ფორებზე და კანის გაგლუვებაზე, რათა გამორიცხოს კანის ზედმეტი ბზინვარება, ხოლო მშრალ ნაწილზე პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დატენიანებას. ტონალურის შემთხვევაში შეარჩიეთ კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი პროდუქტი და ის გადაინაწილეთ მთელს სახეზე, ხოლო ფიქსაციისას მხოლოდ ცხიმიან არეებზე, მსუბუქად გადაიტარეთ ცოტაოდენი დამაფიქსირებელი პუდრი.
  • თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ნორმალური ტიპის კანი გაქვთ, გილოცავთ. ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. ყოველთვის საკმარისად დაიტენიანეთ კანი და გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც არ არის მიმართული კონკრეტული პრობლემის აღმოსაფხვრელად. შეარჩიეთ ისინი თქვენი კანის ფერის და ქვედა ტონის მიხედვით.
  • მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა ბლოკიდან მოგიწევთ რჩევების გათვალისწინება. პირველ რიგში დააზუსტეთ რისგან არის კანის მგრძნობიარება გამოწვეული, არის ეს მაგალითად აკნე და ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი, თუ პირიქით სიმშრალისგან გამოწვეული გამოვლინებები, სიწითლე, დაჭიმულობა და ა.შ.

ბაზის შერჩევისას, გარდა უკვე განხილული საკითხისა (კანის ტიპები) შესაძლოა გაითვალისწინოთ კანის მოთხოვნილებები. რა არის თქვენი პრობლემა? პიგმენტაცია? სიყვითლე? სიწითლე? გამონაყარი? არაერთგვაროვანი ზედაპირი? და ამის მიხედვით შეარჩიოთ ის. ბაზა შეიძლება შეიცავდეს სილიკონს (რეკომენდებული არ არის მისი ყოველდღიურად გამოყენება) და მიმართული იყოს კანის უსწორმასწორო ზედაპირის გათანაბრებისკენ. ის შეიძლება იყოს დამატენიანებელი და ანტიასაკობრივი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მიმიკური ნაოჭების ამოვსებას და შემდგომ, მაკიაჟის ერთგვაროვნად გადანაწილებას. ბაზები არის სხვადასხვა ფერის – მწვანე (ფარავს სიწითლეს), ყვითელი (ხელს უწყობს საერთო ტონის გათანაბრებას და ებრძვის უსიცოცხლო, არაჯანსაღ ფერს), იასამნისფერი (ფარავს სიყვითლეს). თუ მსგავსი გამოვლინებები არ გაწუხებთ და ბაზა მხოლოდ იმისთვის გინდათ, რომ მაკიაჟი კარგად გადანაწილდეს და მთელი დღე გაძლოს, მაშინ შეარჩიეთ ის კანის ტიპის მიხედვით.

თვალების გარშემო კორექტორის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო საკითხია, რადგან მას შეუძლია ხაზი გადაუსვას მთლიან მაკიაჟს და თქვენს გარეგნობას ან პირიქით, იქცეს გამორჩეულ და ლამაზ შტრიხად. როგორც ცხიმიან კანზე საუბრისას აღვნიშნე, თვალების გარშემო არე ყველაზე ნაზია, თხელი, გამოხატული მიმიკური თუ ასაკობრივი ნაოჭებით, შესაბამისად, პროდუქტიც ასეთი უნდა იყოს – მსუბუქი, თხელი, კარგად ნაწილდებოდეს. ამასთანავე, თუ თვალების ქვეშ სიმუქე გაწუხებთ, მაშინ შეარჩიეთ სტაფილოსფერი/ატმისფერი ტონალობის კორექტორი.

…და ბოლოს, გახსოვდეთ, იმისათვის რომ კანზე მაკიაჟი კარგად გამოიყურებოდეს, პირველ რიგში მასზე ზრუნვაა საჭირო, აუცილებლად კარგად გასუფთავება და დატენიანება. ასევე გახსენებთ ტონალურის/კორექტორის ფერის შერჩევის ერთ-ერთ წესს – ის უნდა დაიტანოთ არა მაჯაზე, არამედ კისერზე, რომელიც ფაქტობრივად იდენტურია სახის ფერის და ქვედა ტონის, განსხვავებით მაჯისა, რომელიც აუცილებლად შეცდომაში შეგიყვანთ.