La cure beaute დამატენიანებელი კრემი ვარდით – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხი ბევრად აღემატება ფასს. რეალურად, la cure beaute საშუალო სეგმენტის ბრენდია, თუმცა ვინაიდან ქართულ ბაზარზე ახალია, პრომო ფასებითაა წარმოდგენილი. აქვს საკმაოდ სქელი კონსისტენცია, თუმცა მარტივად შეიწოვება და კარგად ატენიანებს კანს. მისი გამოყენება შესაძლებელია დღისით და ღამით. დაჰკრავს ვარდის ნაზი და სასიამოვნო სურნელი.

Yves rocher ჟოლოს ძმარი თმისთვის – ივ როშეს თმის ძმარზე არაერთხელ დამიწერია და ჩემი გამოცდილებით, მოვლის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. ბრენდმა ის ახალ ფორმატში, უფრო მოსახერხებელი შეფუთვით და სხვადასხვა ტიპის და მოთხოვნილებების თმისთვის გამოუშვა. წითელ შეფუთვაში, ჟოლოს ძმარია, რომელიც უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და აქვს ძალიან არომატული სურნელი. გამოყენება მარტივია – დაბანილ და სველ თმაზე თმის ძირებიდან ბოლოებამდე უნდა წაისვათ, რამდენიმე წუთი (3-5) გაიჩეროთ და წყლით ჩამოიბანოთ.

Bio-oil ზეთი – ამ ზეთზე არაერთი მიმოხილვა და რეკომენდაცია წამიკითხავს, თუმცა მხოლოდ ახლა გამოვცადე. ის განკუთვნილია სახისა და ტანისთვის. ძირითადი დანიშნულება სტრიებთან, ლაქებთან, ნაწიბურებთან და სიმშრალესთან ბრძოლაა. თავისი ზეთოვანი და მსუყე შემცველობის წყალობით ღრმად ატენიანებს კანს, შესაბამისად, რეგულარული გამოყენებისას, წარმოადგენს ეფექტურ პრევენციას.

R.O.C.S კბილის პასტა – ჩემი გამოცდილებით, სტანდარტული, სააფთიაქო ბრენდებიდან როქსი ერთ-ერთი საუკეთესოა პირის ღრუს მოვლის მიმართულებით. ამ ჯერზე მისი წითელი პასტა გამოვცადე, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი, მენთოლის მსუბუქი არომატი და მიკრო კრისტალები აქვს. რა თქმა უნდა, კბილებს პროფესიონალურ დონეზე ვერ ათეთრებს და ამას კბილის პასტისგან არც უნდა ველოდეთ, თუმცა თავის პირვანდელ დანიშნულებას არაჩვეულებრივად ართმევს თავს. (პ.ს მათ ვისაც მაღალი მგრძნობელობა გაქვთ, არჩევანი როქსის სხვა პასტაზე გააკეთეთ, რადგან ამ გრანულებმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს)

Penhaligons სუნამო Peoneve – ბრიტანული პარფიუმერიის სახლის ყველა სურნელი უნიკალურია და ძალიან სახასიათო. ამ კონკრეტულის, მისი სახელიდან გამომდინარე მთავარი ინგრედიენტი ყვავილი პეონია. სუნამოს მთლიანი გამაც ყვავილოვანია, ტკბილი. იდეალური სურნელია შემოდგომის სეზონისთვის. (ამავე ბრენდში სხვა რეკომენდაციები – Vaara, Ostara, Malabah, Levantium)

Gratitude Journal დღიური – მოკლე ჩანაწერების გაკეთება და მადლიერების გამოხატვა, ყოველკვირეული შეჯამების შესაძლებლობა და სამოტივაციო გამონათქვამები ყოველდღიურობას ახალისებს და რაც მთავარია, რუტინულ გარემოში მადლიერების შეგრძნებას არ გვიკარგავს. ამ ჟურნალის წარმოებას დღეში მხოლოდ 5 წუთი სჭირდება, თუმცა ყველაზე დატვირთული და დაძაბული კვირის ბოლოს, თავისუფალ დროს გადახედვისას, გაგახსენდებათ ის პატარა მიღწევები და სასიამოვნო მოგონებები, დეტალები, რაც თავს გადაგხდათ. ასეთი დღიურის გამოწერა ამაზონიდანაა შესაძლებელი.