NYX honey dew ბაზა – იმისათვის რომ მაკიაჟმა მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნოს მდგრადობა და თანაბრად გადანაწილდეს სახეზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტონალურს ვიყენებთ, აუცილებელია დილის მოვლის პროცედურების (გასუფთავება, დატენიანება ა.შ) შემდეგ წავისვათ ბაზა. ამ ეტაპზე, ნიქსის ამ ბაზას ვიყენებ და მომწონს, რადგან ძალიან მსუბუქია, მარტივად ნაწილდება და წამებში იწოვს კანი. არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას და რაც მთავარია, თავს ართმევს თავის მთავარ დანიშნულებას – ათანაბრებს კანის ტონს, ზედაპირს და ამზადებს მას შემდეგი პროდუქტების მოხმარებისთვის.

Maybelline dream satine ტონალური – როგორც აქამდე არაერთხელ აღმინიშნავს, მუდმივად იდეალური ტონალურის BB/CC კრემის ძიებაში ვარ. ამ ეტაპზე მეიბელინს ვიყენებ, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და ხარისხიც კარგი აქვს. თავისუფლად ნაწილდება და არ ჭრელდება, არ აშრობს კანს, აქვს მუსისებრი ტექსტურა და პალიტრაში ფერების დიდი არჩევანი. ვერ ვიტყვი რომ მსუბუქია და საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ყოველდღიური გამოყენების დონეზე მაკმაყოფილებს, თუმცა თუ კლასიკური გაგების ტონალურის კონსისტენციასთან და დაფარვის დონესთან პრობლემა არ გაქვთ, მაშინ ზოგადად მის ხარისხს და “ქცევას” კანზე დადებით შეფასებას ვაძლევ.

Real techniques beauty blender – თუ bb/cc წასმისას უპირატესობას თითებს ვანიჭებ, ტონალურის შემთხვევაში, ბუნებრივი ეფექტის მიღება ვფიქრობ, რომ ფუნჯის ან ღრუბელის გარეშე შეუძლებელი და არაკომფორტულია. რეალ ტექნიკსის ბიუთი ბლენდერი რამდენიმე თვეა რაც უპირობო ფავორიტია, რადგან აქვს მისაღები ფასი და ძალიან კარგი ხარისხი. გამოყენებისას სასიამოვნოა, ბუნებრივად ანაწილებს პროდუქტს შეძლებისდაგვარად მინიმალური დანაკარგის გარეშე.

L’oreal Lash paradise წამწამების ტუში (Black brown) – მის შესახებ, ივლისის ფავორიტებში მოგიყევით და ის კვლავ ინარჩუნებს ადგილს ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში. აქვს მოსახერხებელი ფუნჯი, რომელიც ზომიერად პრეხს და ბუნებრივ იერს აძლევს წამწამებს, რაც ყოველდღიური და დღისით მოხმარებისას ზედმეტ დრამატიზმს და შეუსაბამობას გამორიცხავს. ამ ეფექტის მიღწევაში ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არა შავი, არამედ ყავისფერი ელფერითაა.

Benefit წარბების ტუში (4.5) – წარბების საუკეთესო (ფერიანი) ტუშია რაც გამომიცდია. აქვს ძალიან მოსახერხებელი ზომის და ფორმატის აპლიკატორი და ფერების დიდი არჩევანი, პიგმენტურია. ფერით ავსებს და ამავდროულად, აფიქსირებს წარბებს ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში.

Clarins instant light lip perfector ტუჩსაცხი – მიუხედავად დიდი მარაგისა, ყოველდღიურად მკვეთრ, მატ ან ძალიან მბზინავ ტუჩსაცხებს არ ვიყენებ. დღის განმავლობაში, ჩემთვის პრიორიტეტული დატენიანება და ბუნებრიობაა, რასაც თავს არაჩვეულებრივად ართმევს კლარინსის ეს ტუჩსაცხი, რომელიც დატენიანებასთან და მსუბუქ ბზინვარებასთან ერთად ნაზ და ბუნებრივ ფერს ანიჭებს ტუჩებს.

NYX bare with me სპრეი – გამოიყენება როგორც მაკიაჟამდე კანის მოსამზადებლად, ასევე მის დასაფიქსირებლად. არ აქვს მძაფრი სურნელი, არ აშრობს კანს. თავის საფასო სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია.