ამ პოსტში შევაფასებ იმ ტონალურ, BB და CC კრემებს, რომლებიც ამჟამად მაქვს და საჭიროების მიხედვით მონაცვლეობით ვიყენებ ან ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი მათ გადახარისხებაზე. გაითვალისწინეთ, რომ საშუალებების “ქცევას” და თავისებურებებს ვაფასებ მშრალ, მგრძნობიარე კანზე, რომელსაც ცივი ქვედა (ვარდისფერი, ლურჯი) ტონი აქვს.

Garnier BB კრემი – ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური საშუალებაა, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ორ ტონალობაში – საშუალო/მუქი და ღია ფერის კანისთვის. მე ეს უკანასკნელი გამოვცადე და მასზე, როგორც ფასთან შედარებით ხარისხიან პროდუქტზე არაერთხელ დამიწერია. მიუხედავად იმისა რომ თხელი და მსუბუქია, კარგი დაფარვა აქვს, მეტ-ნაკლებად ნიღბავს სხვადასხვა გამოვლინებას და ერთ ფერში მოჰყავს კანი. არის საკმაოდ ეკონომიური და 40მლ შეფუთვა, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში 2 თვე მაინც გეყოფათ. მისი მთავარი მინუსი ჩემთვის, რის გამოც ფავორიტ BB კრემად ვერ იქცა და თითქმის საერთოდ აღარ ვიყენებ, ფერების მწირი არჩევანია, რადგან ღია ფერიც კი მუქი, ყვითელი პიგმენტისკენ მიდის. შესაბამისად, გამოგადგებათ მათ ვისაც ღია ფერის და თბილი ქვედა ტონის კანი გაქვთ და არა, ვისაც ცივი ან ნეიტრალური კანის ქვედა ტონი გაქვთ. მისი შეძენა შესაძლებელია ყველგან – მარკეტებში, აფთიაქებში, კოსმეტიკისა და ჰიგიენის მაღაზიებში.

E.L.F BB კრემი (Fair) – საკმაოდ თხელი და სატარებლად სასიამოვნო ტექსტურა აქვს, კარგად ნაწილდება და არ ამძიმებს კანს, ამასთანავე წარმოდგენილია SPF 20 მზისგან დაცვით. მინუსი დაფარვაა, რომელიც ფაქტობრივად არ აქვს. ეს საშუალება ვერ ნიღბავს რაიმე სახის ნაკლოვანებებს – ლაქებს, სიწითლეებს და ა.შ. უბრალოდ, ერთ ტონალობაში მოჰყავს კანი და მას ჯანსაღ იერს ანიჭებს. ფერი ძალიან ბუნებრივად ერგება და ერწყმის ღია ცივი ქვედა ტონის კანს. რეკომენდაციას ვუწევ მათთვის, ვისთვისაც მთავარი არა დაფარვა, არამედ მსუბუქი/ბუნებრივი მაკიაჟია. რაც მნიშვნელოვანია, ეს საშუალებაც საკმაოდ დაბალბიუჯეტურია და მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ოფიციალურ ვებგვერდზე.

Delfy CC კრემი (Natural) – თუ cc კრემს ეძებთ, გაგიმართლებთ და დელფის წარმოდგენილ პალიტრაში თქვენზე მორგებულ ფერს აარჩევთ, მაშინ არც დაფიქრდეთ და შეიძინეთ ის. თავისი კონსისტენციით, შემადგენლობით, SPF20 და დაფარვით ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მქონია, თუმცა როგორც გარნიეს შემთხვევაში, აქაც ფერების მწირ არჩევანთან გვაქვს საქმე და ყველაზე ღია ტონალობაც კი სიყვითლისკენ მიდის ცივი ქვედა ტონის, ღია ფერის კანზე. ეს პროდუქტი უმკლავდება ლაქებს, სიწითლეებს, მდგრადია. მოკლედ რომ ვთქვა, CC-ს ამ მსუბუქ კონსისტენციას, კარგი დაფარვის ტონალურის ყველა დადებითი თვისება აქვს. ჩემი ტიპის კანზე, მისი გამოყენების და გადარჩენის ერთადერთი საშუალება დამატენიანებელ კრემში გარევაა, თუმცა ასე კონსისტენცია მაინც იცვლება და პირვანდელ შედეგს სამწუხაროდ ვერ ვიღებ. ეს პროდუქტი გამოგადგებათ ნეიტრალური/თბილი ქვედა ტონების და ზოგადად, მუქი ფერის კანისთვის, თუ გსურთ კარგი დაფარვა და ამასთანავე სიმსუბუქე. შეძენა შესაძლებელია Delfy-ს ბრენდ მაღაზიაში.

Wet N Wild ტონალური (Rose ivory) – უცხოელი ბლოგერების ერთ-ერთი საყვარელი და ხშირად განხილვადი ტონალურია, როგორც დაბალბიუჯეტური და ამასთანავე ხარისხიანი/ეფექტური. მთავარი პლუსი ტონალობების დიდი არჩევანია, რამაც საშუალება მომცა ფაქტობრივად იდეალური ფერი ამერჩია. თავისუფლად ნაწილდება, დაფარვა კარგი აქვს და არ აშრობს კანს. რაც შეეხება მინუსებს, აქვს მძაფრი სურნელი, მიუხედავად იმისა, რომ წასმისა და გადანაწილებისას კონსისტენცია საკმაოდ თხელია, კანზე მემძიმება და მისი ტარება დღის მეორე ნახევარში მირთულდება, შესაბამისად, ვერ იქცა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც კარგი დაფარვა და იდეალური ტონი მჭირდება ვიყენებ. შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მათ ოფიციალურ ვებგვერდზე, ამაზონზე და ა.შ.

Yves rocher Zero defaut ტონალური (Beige 200) – აქვს საშუალო სისქის კონსისტენცია, თუმცა მარტივად ნაწილდება კანზე და არ აშრობს, ამასთანავე წარმოდგენილია SPF30-ით. ყველაზე მეტად რაც მასში მომწონს ე.წ “ფინიშია” არც გლუვი და არც ზედმეტად მბზინავი, უფრო ხავერდოვანი და ბუნებრივი. უცვლელად გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. მთავარი და ერთადერთი პრობლემა აქაც ფერია, რომელიც სიყვითლისკენ მიდის. ეს პროდუქტი Yves rocher – მ თავის 60 წლის იუბილეზე სხვა სიახლეებთან ერთად გამოსაცდელად გამომიგზავნა და ფერი თავად არ შემირჩევია. როგორც მათ ოფიციალურ ვებგვერდზე ვნახე ცივი ქვედა ტონებისთვის rose ტონალობაა განკუთვნილი, შესაბამისად მასაც აუცილებლად გამოვცდი და შედეგს კვლავ გაგიზიარებთ. ისე კი, ვფიქრობ, რომ დაფარვით ერთ-ერთი სრულყოფილი ტონალურია, მათგან რაც გამომიცდია. მისი შეძენა შესაძლებელია ივ როშეს ბრენდ მაღაზიებში.

Maybelline dream satine ტონალური (porcelain ivory) – ერთი შეხედვით და გამოცდით საკმაოდ სქელია, თუმცა გადანაწილებისას მუსისებრ კონსისტენციას იღებს და ბუნებრივად ერწყმის კანს. ფერი ამ შემთხვევაში წარმატებულად შევარჩიე. ზაფხულში გამოვიწერე, თუმცა ცხელი დღეებისთვის მძიმედ მეჩვენებოდა, შესაბამისად, ყოველდღიურ გამოყენებაში არ გამომიცდია და გრილი დღეებისთვის შემოვინახე თაროზე. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური დაფარვა აქვს, თუმცა მსუბუქ სიწითლეებს, ლაქებს და სხვა გამოვლინებებს ერევა, არ აშრობს და რაც მთავარია, ერთ ფერს აძლევს კანს. მისი შეძენა როგორც ვიცი თბილისშიცაა შესაძლებელი, თუმცა მე ამაზონიდან გამოვიწერე.

Sephora glow perfection ტონალური (clair light) – როდესაც wet n wild – ის შემთხვევაში თითქმის იდეალური ტონის შერჩევაზე ვსაუბრობდი, იდეალურში სეფორას ამ ტონალურის ფერს ვგულისხმობდი. გარდა ფერების დიდი პალიტრისა, გამორჩეულად თხელი კონსისტენცია და ამასთანავე კარგი დაფარვა აქვს, არ აშრობს და არ აჭრელებს კანს. ერთი მინუსი რაც აქამდე შევამჩნიე არამდგრადობაა იმ შემთხვევაში თუ ბაზის გარეშე გამოვიყენებ, დღის მეორე ნახევარში თითქოს ტყდება და ბზარებს აჩენს კანზე, რასაც შესაბამისი ბაზის გამოყენების შემთხვევაში არ აკეთებს. შესაძლებლობის შემთხვევაში შეიძენთ სეფორას მაღაზიებში ან შეგიძლიათ გამოიწეროთ მათი ვებგვერდიდან.