მაშინ, როდესაც საბაზისო გარდერობზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ცხოვრების სტილი, კლიმატური პირობები, სამუშაო გარემო და სხვა თავისებურებები. შესაბამისად, მსგავსი ჩამონათვალი ვერ იქნება ყველა ადამიანისთვის უნივერსალური, თუმცა დაგეხმარებათ გარკვეული ჩარჩოს წარმოდგენაში და სეზონური გარდერობის გონივრულად განახლებაში.

შემოდგომის გარდერობის ერთ-ერთი განუყოფელი შემადგენელი საწვიმარი ლაბადა, ე.წ “თრენჩია”. მისი ფერი და ფორმა რა თქმა უნდა გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა გირჩევთ, რომ არჩევანი კლასიკურ, ერთი შეხედვით მინიმალისტურ, თავისუფალი სტილის, მუხლს ქვემოთ სიგრძეზე და ნეიტრალურ ფერებზე (შავი, ლურჯი, კრემისფერი, ბეჟი, კარამელისფერი) გააკეთოთ, ასე ამ ნივთს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ და რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენებთ.

პ.ს თრენჩების, ქურთუკების და სხვა ზედა სამოსის შერჩევისას უმჯობესია თუ არჩევანს 1 ან 2 ზომით დიდზე გააკეთებთ, რადგან მის შიგნით შესაძლოა ნაქსოვი სქელი ზედის, პიჯაკის ან სხვა მასიური დეტალის გამოყენება დაგჭირდეთ.

მიმდინარე სეზონის, გარდერობის ჩემი მთავარი ფავორიტი და განუყრელი ნივთი პიჯაკია, რომელიც ვიზუალს ერთიან, დასრულებულ სახეს აძლევს. ამ შემთხვევაშიც არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა როდესაც საბაზისო გარდერობზე ვსაუბრობთ და არა ცალსახად ტენდენციებზე, მაშინ უმჯობესია თუ აარჩევთ თავისუფალი სტილის თარგს (შესაძლოა წელზე ოდნავ გამოკვეთილი, თუმცა არა მთელს ტორსზე მომდგარი), თეძოს ქვემოთ სიგრძეს (სასურველია სიგრძე ამ არეალის ყველაზე ვიწრო ხაზზე სრულდებოდეს, რადგან ვიზუალურად არ მოგემატოთ მოცულობა) და იმავე ფერთა პალიტრას რაც ლაბადის შემთხვევაში გვქონდა, თუმცა ასევე შეგიძლიათ დაამატოთ კუბოკრული მატერიაც (შავ-თეთრი, შოტლანდიური, ბრიტანული სტილი).

პიჯაკის შერჩევისას აუცილებლად დააკვირდით მატერიის სისქეს და შემადგენლობას, თავი აარიდეთ თხელ ნაჭრებს, 3/4 სიგრძის ან ხელოვნურად, რეზინით აქაჩულ მკლავებს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე მოკლე და ტანზე მომდგარ, ასევე ელვა შესაკრავებიან ან გამოკვეთილი ღილებით გაფორმებულ მოდელებს, რადგან როგორც წესი, მსგავსი დეტალები ნაკლებად ხარისხიანია და ნივთს აუბრალოებს. გარდა იმისა, რომ ტანზე მოირგებთ, პიჯაკის კარგი დგომის შესამოწმებლად მარტივი გზა არსებობს – უბრალოდ დაიჭირეთ საყელოთი და თუ დაინახავთ, რომ ის გაურკვეველი ფორმის ნაჭრად იქცევა არ შეიძინოთ, ხოლო თუ მხრებს მყარად შეინარჩუნებს, მაშინ არჩევანი მასზე გააკეთეთ. ასეთი პიჯაკი თქვენს გარდერობში დიდი ხნით დაიდებს ბინას და ერთგულად გემსახურებათ.

ტყავის ქურთუკი – ჩემი წარმოდგენით, ტყავის საბაზისო ქურთუკი შავი უნდა იყოს. სილუეტი კი მსგავსი რაც პიჯაკის შემთხვევაში – თავისუფალი სტილის და დეკორის მინიმალური ელემენტებით. თუ თქვენს გარდერობში უკვე მოიძებნება მსგავსი ერთეული და დამატება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ აარჩიოთ ხაკი, ყავისფერი ან თეთრი ფერი.

ჯინსი – თითქმის ყველა ადამიანისთვის, გარდერობის ერთ-ერთი შეუცვლელი ერთეულია, წელიწადის ნებისმიერ დროს. მისი არჩევისას თავიდან ბოლომდე საკუთარი აღნაგობით უნდა იხელმძღვანელოთ. მეტად უნივერსალურია მაღალი ან სტანდარტული წელის სათავით, სწორი, მუქი ლურჯი ფერის კლასიკური ჯინსი. თუ მიმდინარე და მომავალი სეზონების ტენდენციების გათვალისწინებაც გსურთ, მაშინ დაივიწყეთ მომდგარი, ე.წ “Skinny” და დახეული მოდელები.

შავი შარვალი – რომელიც შესაძლოა იყოს როგორც კლასიკური თარგის ასევე შედარებით სპორტული (რეზინის სათავით). მთავარი, რაც ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ მაღალი ან სტანდარტული წელი და შედარებით სწორი სილუეტია (არა მომდგარი).

სწორი ქვედაბოლო – მისი ფერი თქვენი გარდერობის საერთო გამიდან უნდა შეირჩეს. მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მატერიის ხარისხი, სწორი თარგი (არ უნდა იყოს იმდენად თხელი, რომ თეთრეულის კონტურები ჩანდეს) და სიგრძეა – მუხლს ქვემოთ. არ გამოგადგებათ ტანზე მჭიდროდ მომდგარი და მუხლის ზემოთ სიგრძის ქვედაბოლოები, ეს მოდელი აქტუალური წლების წინ იყო და არც მაშინ უხდებოდა უმეტესობას.

ქვედაბოლო 70-ბის სტილში – გარდა იმისა რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენციაა, ე.წ “პლისე” ქვედაბოლოები აქამდეც აქტიურად მოიძებნებოდა ბევრის გარდერობში. ის შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ნაზ და ჰაეროვან ელემენტად განვიხილოთ, თუმცა ამასთანავე ბევრი ვარიაციის საშუალებას იძლევა. ნეიტრალურ ფერებთან ერთად, შეგიძლიათ განიხილოთ კუბოკრული და კოპლებიანი ვერსიებიც.

მაისურები – გარდერობის უნივერსალური, ყველა სეზონის განუყრელი ნაწილია ნეიტრალური, ერთი ტონალობის მაისურები. შემოდგომაზე ისინი იდეალურ პარტნიორობას უწევენ პიჯაკებს. მათი არჩევისას მთავარი რაც უნდა შეაფასოთ მატერიაა – არ უნდა იყოს თხელი და გამჭვირვალე და უნდა ჰქონდეს ხარისხიანი საყელო, რომელიც რამდენიმე გარეცხვის შემდეგ ფორმას არ დაკარგავს. რაც შეეხება მკლავებს, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული იქნება ეს მოკლე მკლავებით თუ მის გარეშე, ან საერთოდ ბოდეს ფორმის (ეს უკანასკნელი, ყველაფერთან ერთად, წელს ძალიან ტენდენციურიცაა). რაც შეეხება ფერებს – თეთრი, შავი და ბეჟი (კანისფერი) მაისურები ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ, დანარჩენი უკვე საჭიროებებზე, გემოვნებაზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ნაქსოვი სამოსი – ამ კატეგორიაში საბაზისო სვიტერები იგულისხმება, რომლებიც უმჯობესია ნატურალური ქსოვილისგან იყოს დამზადებული (შალი, ქაშმირი), რაც უზრუნველყოფს მათ ხარისხს და პირვანდელი სახის დიდი ხნით შენარჩუნებას, ასევე მთავარ ფუნქციას – გათბობას. როგორც მაისურებში, საბაზისო ფერები აქაც იგივე გვაქვს, გემოვნების და სურვილის შემთხვევაში გამორჩეული, ფერადი ლაქების დამატების პერსპექტივით. მოერიდეთ თხლად ნაქსოვ, თუნდაც ოდნავ გამჭვირვალე, ტანზე მომდგარ ქსოვილს და უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალი სტილის, საშუალო ქსოვის მოდელებს.

პერანგი – ყველა სეზონის საბაზისო გარდერობშია წარმოდგენილი. არც შემოდგომაა გამონაკლისი. უნივერსალური, რა თქმა უნდა თეთრი პერანგია (თავისუფალი სტილის, ზედმეტი დეტალების და გაფორმების გარეშე), თუმცა შეგიძლიათ ცისფერი, იასამნისფერი და პასტელის ფერებიც მოირგოთ.

კაბა – პატარა შავი კაბის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ნამდვილად, იდეალურად მორგებული შავი კაბა (არა აუცილებლად პატარა) ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოგიყვანთ, მაგრამ გარდა ამისა გარდერობს შეიძლება შევმატოთ ზემოთ უკვე ნახსენები “პლისე”, კუბოკრული ან კოპლებიანი პრინტიც. ეს ყოველთვის, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგაც აქტუალური იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ საჭირო შემთხვევებში, კაბას ქვედაბოლოს ფუნქციის შესრულებაც შეუძლია.

ფეხსაცმელი – ლოფერები/ოქსფორდები შემოდგომის სეზონის კლასიკაა. შავი ლოფერი ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ, იქნება ეს ყოველდღიური ჯინსის თუ შედარებით მკაცრი სამუშაო კომპლექტი. თუ ის გარდერობში ჯერ არ გაქვთ, აუცილებლად მოირგეთ და დაფიქრდით შეძენაზე და თუ კი, მაშინ შესაძლებელია სხვა ფერების დამატებაც, მაგალითად წითელი ან ბეჟი ფერის.

რაც შეეხება სხვა სტილის ფეხსაცმელს, იქნება ეს ქუსლიანი თუ ბათინკები. უმჯობესია თუ მასიური და მყარი ძირის მოდელს შეარჩევთ. გარდა ტენდენციურობისა, ასეთი მოდელები ბევრად კომფორტული და რაც მთავარია, გამძლეა, რაც ისევ და ისევ გაახანგრძლივებს მისი მოხმარების პერიოდს. სპორტული ფეხსაცმლის არჩევისას კი თავი აარიდეთ აშკარად ტენდენციურ, ძალიან გამოხატული დეტალების ერთეულებს. როცა ბაზაზე ვსაუბრობთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კლასიკად ქცეულ მოდელებს.

ჩანთა – ბაზაში განსახილველად ერთ-ერთი ყველაზე რთული კატეგორიაა. თუ მაგალითად თრენჩისა და ჯინსის შემთხვევაში არსებული ვარიანტებიდან, ყველასთვის მეტ-ნაკლებად უნივერსალური მოდელის გამორჩევა შეგვიძლია, ამ შემთხვევაში საქმე მარტივი არ არის. ფერი შესაძლოა იყოს ბორდოსფერი, შავი, კრემისფერი, ლურჯი, ყავისფერი, კარამელისფერი. ხოლო რაც შეეხება ფორმას, ეს სხეულის პროპორციულად (მარტივად – თუ სუსტი აღნაგობა და საშუალო/დაბალი სიმაღლე გაქვთ, მოერიდეთ დიდ, უფორმო ჩანთებს და მეტად სტრუქტურირებული საშუალო ზომის ე.წ “cross body” აარჩიეთ, ხოლო თუ უფრო დიდი აღნაგობა გაქვთ, მაშინ მინიატურული ჩანთები არ გამოგადგებათ) და რა თქმა უნდა პრაქტიკული დანიშნულებით უნდა შეირჩეს.

აქსესუარები – იმისთვის არსებობს რომ საბაზისო, სადა და ლაკონიური სამოსი და ვიზუალი გაახალისოს, შესაბამისად აქ ყველაზე მეტი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გაქვთ. თუ მაინც შემოდგომის ბაზაზე დავკონკრეტდებით, მაშინ თრენჩებთან ერთად შეგიძლიათ აბრეშუმის ფერადი შარფები მოირგოთ, ასევე იქონიოთ სტანდარტული საყურე რგოლები ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში და საათი ტყავის სამაჯურზე (შავი, ყავისფერი). ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ყოველთვის გამოგადგებათ.

პ.ს არ შეუშინდეთ სხვადასხვა მეტალის გამოყენებას. მითი რომ ვერცხლისფერის და ოქროსფერის შერევა კარგად არ გამოიყურება, დიდი ხანია დაიმსხვრა. ასე რომ, თამამად შეუხამეთ სამოსს სასურველი აქსესუარები.