Real Techniques ფუნჯი ტონალურისთვის/ბბ სს კრემებისთვის – ამ ბრენდის მაკიაჟის ღრუბელზე არაერთხელ დამიწერია, რომელიც კვლავ რჩება ნებისმიერი საშუალების გადანაწილებისთვის საუკეთესო პროდუქტად, თუმცა თუ უფრო სრულყოფილი დაფარვა გვსურს, ამის მიღწევა ფუნჯით უფრო მარტივია. კარგი გამოცდილების, მისაღები ფასის და დადებითი შეფასებების გამო გადავწყვიტე, სწორედ მათი ფუნჯი გამომეწერა და არც შევმცდარვარ. კორპუსი მყარი და მოსახერხებელი აქვს, ფუნჯი რა თქმა უნდა ხელოვნური ბეწვისგანაა დამზადებული და საკმაოდ სასიამოვნოა კანზე, არც აღიზიანებს მას და ამასთანავე თანაბრად ანაწილებს პროდუქტს დიდი დანაკარგის გარეშე. არაერთი გარეცხვის შემდეგ ხარისხი არ შეცვლია.

ColourPop So juicy – ტუჩების გლოსი სასიამოვნო გამოსაყენებელია ზაფხულში, რადგან ძალიან მსუბუქი კონსისტენცია აქვს და აგრილებს ტუჩებს. არ არის განსაკუთრებით წებოვანი, როგორც გლოსების უმეტესობა და მარტივი გამოსავალია ყოველდღიური მაკიაჟისთვის, როდესაც არ გვინდა გადავიტვირთოთ, თუმცა გვსურს გამოვკვეთოთ გარკვეული შტრიხები. აქვს მარტივი შეფუთვა და აპლიკატორი. გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ფერადი ტუჩსაცხებისთვის მეტი ეფექტის მისანიჭებლად.

Yves rocher ზეთოვანი სპრეი– ეს პროდუქტი განკუთვნილია როგორც თმისთვის, ასევე ტანისთვის, თუმცა მე მისი ძალიან ინტენსიური ტკბილი სურნელიდან გამომდინარე მხოლოდ თმისთვის ვიყენებ. გამოყენების წესი ასეთია – დაბანილ, სველ თმაზე თმის შუიდან ბოლოებამდე უნდა შეისხუროთ (განსაკუთრებით ბოლოებზე) და დაიტოვოთ. შედეგი საკმაოდ თვალსაჩინოა რამდენიმე გამოყენების შემდეგ. რა თქმა უნდა უკვე გაყოფილ ბოლოებს ვერ ამთელებს, თუმცა მნიშვნელოვან პრევენციას სწევს, არბილებს და ბზინვარებას აძლევს თმას, მას მეტად მორჩილს და ნაკლებად მტვრევადს ხდის (პ.ს გაითვალისწინეთ, რომ თუ თმა შეღებილი გაქვთ, ზეთების რეგულარული გამოყენება ფერს გამოიყვანს და გაახუნებს).

Le petit Olivier სახის სკრაბი – აქამდე ამ ბრენდის სახის მოვლის საშუალება არ გამომიყენებია და მხოლოდ შამპუნებს და საპნებს ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა მათმა სკრაბმა სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა და რაც მთავარია, ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. სკრაბის არჩევისას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვთ ყურადღება უნდა მიაქციოთ მის გრანულებს. კონსისტენცია მაქსიმალურად ნაზი და მსუბუქი უნდა იყოს, რომ კანის გასუფთავებასთან ერთად, არ დააზიანოს და გააღიზიანოს ის. ეს სკრაბი სწორედ ასეთია – მსუბუქი, გელისებრი და მცირე ზომის გრანულებით. გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 2-3 ჯერ.

თვის ფავორიტი ფილმი – მართალია, აგვისტოს თვეში ბევრი ახალი ფილმი არ მინახავს, თუმცა სხვა დანარჩენებისგან გამოვარჩევდი ამერიკულ კომედიას Long Shot შარლიზ თერონის მონაწილეობით. თუ თავისუფალი 2 საათი გაქვთ, რომელიც გსურთ სასიამოვნოდ, ფილმის თანხლებით გაატაროთ, მაშინ რეკომენდაციაც აქაა.

თვის ფავორიტი Youtube არხი – სხვადასხვა თემატიკის ვიდეოების ყურება სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლო ჰობიცაა, რადგან ამ სივრცეში თავმოყრილი არიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას, ხედვებს და ცოდნას აზიარებენ. მომავალში ფავორიტ იუთუბერებს დამოუკიდებელ პოსტში შემოგთავაზებთ, დღეს კი გაგიზიარებთ ბრიტანელი ბლოგერის არხს – COCOBEAUTEA, რომელსაც ჩემი აზრით საკმაოდ დახვეწილი და გამორჩეული გემოვნება აქვს და ხშირად ქცეულა შთაგონების წყაროდ.

თვის ფავორიტი წიგნი – Philosophy for everyday life – დიდი ხანია რაც ეს წიგნი მაქვს, თუმცა საფუძვლიანად მხოლოდ შვებულების დროს გავეცანი. არ არის რთული სახელმძღვანელო, რომლის დასაძლევად ფილოსოფიაში საბაზისო ცოდნაა საჭირო, არამედ ძალიან მარტივი და თან სატარებლად კომპაქტური საკითხავია, რომელიც გამოგადგებათ ყოველდღიურობაში, იმისთვის რომ მთელ რიგ საკითხებს სხვა თვალით შეხედოთ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის მარტივი ჭეშმარიტებები, რომლებიც იცით, მაგრამ ყოველდღიური რუტინის გამო გავიწყდებათ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომელიმე თავის წაკითხვა განტვირთვის და გონების გახალისების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.