შემოდგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. ახლა ყველა უცხოურ ვებგვერდზე ფასდაკლებებია, შესაბამისად კარგი პერიოდია საბაზისო ნივთების შესაძენად და მომდევნო სეზონებისთვის გარდერობის მოსამზადებლად.

2019 წლის შემოდგომის სეზონზე ბევრი ის ფერი, სილუეტი თუ სხვადასხვა ტენდენცია შეგვხვდება, რაც გასულ თვეებშიც აქტუალური იყო, თუმცა ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად მოქმედებაში ერთვებიან ახალი ქსოვილები, ანსამბლები და დეტალები, რომლებიც მთლიან ვიზუალს უფრო სრულყოფილ სახეს მიანიჭებენ.

ფერები – მინიმალიზმი და მონოქრომი მომდევნო სეზონებზეც აქტუალური იქნება. წამყვანი ფერებია – კარამელისფერი, ბორდოსფერი, ატმისფერი, რძისფერი, ყავისფერი, ნუშისფერი, ლურჯი, ლავანდისფერი, ზურმუხტისფერი.

გამოკვეთილი სილუეტი – ე.წ “oversized” სამოსი (ჯინსის ქურთუკები, პიჯაკები, ჟაკეტები…) მნიშვნელობას არ კარგავს და მომდევნო სეზონებზეც ჩვენთან ერთად იქნება, თუმცა განიერ მხრებს და თავისუფალ სილუეტს გამოკვეთილი წელი გაუწევს პარტნიორობას. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც თარგში, ასევე აქსესუარების – აქცენტირებული ქამრის გამოყენებით ყველაფერზე – პიჯაკებზე, კაბებზე, ქურთუკებზე და ა.შ.

70-ები – ამ პერიოდისთვის ნაცნობი გოფრირებული ქვედაბოლოები, აბრეშუმის, მოცულობითი პერანგები და პიჯაკები იდეალურ საშემოდგომო ანსამბლს შექმნიან. აქსესუარების სახით ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ მასიური ქამრები.

ტვიდი – ეს კლასიკური ქსოვილია, რომელიც შესაძლოა აქამდეც იყო თქვენს გარდერობში და კიდევ მრავალი წელი დამკვიდრებულ ადგილს არ დათმობს.

ცხოველური პრინტი – რომელიც უკვე მერამდენე სეზონია არ კარგავს მნიშვნელობას. ყურადღება გაამახვილეთ ლეოპარდის და გველის პრინტზე (გვახსოვდეს, რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები და ხელოვნური ქსოვილების დამუშავების ხარისხი, საშუალებას გვაძლევს ცხოველების დაზარალების გარეშე ვიყოთ მოდურები).

მაქმანები – რომლის არჩევასაც ყველაზე ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და არ დავზოგოთ ხარისხის ხარჯზე. დაბალი ხარისხის ქსოვილით შეკერილ ერთ დეტალსაც შეუძლია მთლიანი ვიზუალის გაფუჭება. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ამ ერთი შეხედვით ნაზ და ქალურ ქსოვილს, დიზაინერები უხეშ მატერიებთან და სილუეტებთან თანხვედრაში გვთავაზობენ.

განიერი შარვლები – ტანზე მომდგარი სამოსი, განსაკუთრებით კი შარვლები და ჯინსები როგორც ჩანს დიდი ხნით უნდა გადავდოთ გარდერობის შედარებით მიუწვდომელ თაროზე, რადგან როგორც წინა, ასევე მომდევნო სეზონებზეც ყურადღება ექცევა თავისუფალ სილუეტს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მაღალწელიანია და ამასთანავე განიერი, ფიქსირდება ქამრით და თავისუფლად ეშვება მთლიან სიგრძეზე.

ტყავი – ტყავის რაიმე ნივთი ალბათ ყველას გვაქვს გარდერობში და ეს ძირითადად საშემოდგომო ქურთუკია, თუმცა მომდევნო სეზონზე შეგვიძლია არჩევანი გავამრავალფეროვნოთ. მისაღებია როგორც ტყავის კაბები (მაგალითად მაქმანებიანი დეტალებით), ასევე ქვედაბოლოები, პერანგები, დათბილული ქურთუკები და ა.შ.

კოსტიუმები – ზაფხულის მთავარი ჰიტი იყო, რომელიც შემოდგომაზეც გრძელდება. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ პიჯაკების და შარვლების მიმართულებით არსებულ ტენდენციებს და არ გვავიწყდება, რომ აუცილებელი არაა მას ოფიციალური სახე მივცეთ, რაც მის აუცილებლად ქუსლიან ფეხსაცმელთან და პერანგთან ჩაცმას გულისხმობს. პირიქით, მოირგეთ სპორტულ ფეხსაცმელთან და ე.წ “ჰუდებთან” ერთად.

აქსესუარები – მთავარი აქცენტი მასიურობაზე და მოცულობაზე კეთდება. განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ “ჩოკერის” სტილის ყელსაბამები ოღონდ მასიური ჯაჭვით შესრულებული. ასევე კვლავ ჩვენთანაა წელის ჩანთები.

ჩანთები – როდესაც ამ აქსესუარს ყოველდღიური გამოყენებისთვის ვარჩევთ, მთავარი რა თქმა უნდა მათი პრაქტიკული დანიშნულებაა. შესაბამისად, ზომაში და სტილში ნაკლებად შეზღუდულები ვართ. მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ მისი აგებულებაა, ის უნდა მყარი და ინარჩუნებდეს ფორმას.

ფეხსაცმელი – მასიური სპორტული ფეხსაცმლის და უხეში ბათინკების ტენდენცია გრძელდება. სიახლე და მრავალფეროვნება რაც მათში შეიძლება შეიტანოთ ქსოვილებით და ფერებით ექსპერიმენტების ჩატარებაა. მაგალითად – მოირგეთ უხეში, ტყავის ბათინკები, რომელსაც მაქმანები ან თვლები ექნება. რაც შეეხება სპორტულ ფეხსაცმელს, აქ თანაბრად აქტუალურია, როგორც მონოქრომული (ერთ ფერში/ტონალობაში) გადაწყვეტილი მოდელები, ასევე კონტრასტული ფერებით და მატერიით შეკერილი.