რუბრიკის – თვის ფავორიტები დრო დადგა, სადაც გიზიარებთ როგორც თავის მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის ფავორიტებს, ასევე რჩეულ ფილმებს, სერიალებს და სხვა მიგნებებს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ.

მაჩას ჩაი – მაჩას ფხვნილი დღეს ძალიან პოპულარულია, მისგან ამზადებენ როგორც ჩაის და ყავას, ასევე ამატებენ ტკბილეულში, სმუზებში და სხვა საკვებში. რეალურად, მაჩა არის მწვანე ჩაის ფოთლების ფხვნილი, რომელიც იხსნება წყალში და მისგან განსაკუთრებული გემოვნური თვისებების სასმელი ყენდება. გარდა ამისა, ძალიან სასარგებლო და ბევრად კონცენტრირებულია, ვიდრე თუნდაც მაღალი ხარისხის ჩაი პაკეტებში. ნატურალური მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებზე კი ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან. ამავდროულად, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას. მაჩაში არსებული ქიმიური ელემენტები მატებს ენერგიას, აქვს განწყობაზე ზემოქმედების და იმუნური სისტემის ამაღლების უნარი.

ტუჩების გლოსი – Clarins – ზაფხულში მძიმე მაკიაჟი არაკომფორტული და არაპრაქტიკულია, თუმცა სწორედ ეს სეზონი განსაკუთრებულ ფერადოვნებას მოითხოვს და ასეთ განწყობაზეც გვაყენებს. კლარინსის ტუჩების ეს გლოსი იდეალური პროდუქტია, რადგან ატენიანებს და ამასთანავე აფერადებს ტუჩებს ისე, რომ არ იგრძნობა ზედაპირზე. ერთგვარი პერმანენტული ტუჩსაცხის ეფექტი აქვს. წარმოდგენილია 4 ფერში, წყლის ბაზაზეა დამზადებული და ტუჩებზე მაქსიმალურად ბუნებრივად ჯდება.

ნაჭრის ნიღაბი – Sephora ქოქოსი – ნაჭრის ნიღბებით აღფრთოვანების ტალღას არ ჩაუვლია და ალბათ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, რადგან მისი გამოყენება ერთდროულად სასიამოვნო და სასარგებლოა. განსაკუთრებით პრაქტიკულია ზაფხულში, როდესაც გვცხელა, კანი დამატებით ისტრესება, შრება, წითლდება და ა.შ. რა თქმა უნდა, ნაჭრის ნიღბები კანის ტიპის და საჭიროებების მიხედვით უნდა შეირჩეს. მე გიზიარებთ სეფორას ქოქოსის ნიღაბს, რომელსაც გამაგრილებელი, დამატენიანებელი, სიმხურვალის და სიწითლის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

Uniqlo – ამ ბრენდის შესახებ დიდი ხანია ვიცი, თუმცა მომხმარებელი სულ ცოტა ხნის წინ გავხდი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ხარისხი ფასს ბევრად აღემატება. იდეალური ადგილია საბაზისო გარდერობისთვის სამოსის შესაძენად. ბრენდი უმეტეს შემთხვევაში 100% ნატურალურ ქსოვილებს და გონივრულ თარგებს იყენებს, რაც ნებისმიერ მსურველს გაუადვილებს სასურველი ნივთის არჩევას. გარდა კოლაბორაციული კოლექციებისა და მათში არსებული ფერადი პრინტებისა, Uniqlo ორიენტირებულია ლაკონიურ, მარტივ დიზაინზე. ზემოთხსენებული კოლაბორაციები კი ყოველთვის ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. სამწუხაროდ, ბრენდ მაღაზია საქართველოში წარმოდგენილი არ არის, თუმცა გამოწერას ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ონლაინ მაღაზიებიდან შეძლებთ.

წამწამების ტუში – L’oreal lash paradise – საშუალო და დაბალბიუჯეტური იდეალური ტუშის ძიებაში სავარაუდოდ რამდენიმე ლუქს სეგმენტის ტუშის შესაძენ თანხას დავხარჯავ, მაგრამ მაინც არ ვნებდები და ვფიქრობ, რომ რეგულარულად, პროდუქტში, რომელსაც შენახვის მცირე ვადა აქვს 40+ $ გადახდა არაგონივრულია. ლორეალის ამ ტუშის მთავარი პლუსი ჩემთვის ფერების არჩევანია. კონკრეტულად – ყავისფერი შავში ელფერი, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც მუქი წაბლისფერი/ყავისფერი თმა აქვს, უშუალოდ ყავისფერი ტუში უფრო სიყვითლისკენ მიდის, შავი კი ძალიან ამუქებთ და დღის მაკიაჟისთვის შეუსაბამო იერს აძლევთ. შეფუთვა უბრალო და მარტივი აქვს, ფუნჯი საკმაოდ მოსახერხებელი. რაც მთავარია, კარგად პრეხს და არ ტოვებს ზედმეტ ნადებს.

დღის კრემი – Esthederm city cream – განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო და კომფორტული კრემია ზაფხულის განმავლობაში გამოსაყენებლად. მათთვის, ვისაც სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი აქვს ნაცნობი ამბავია, რომ ზაფხულში გელის კონსისტენციის საშუალებები არასაკმარისად ატენიანებს, სტანდარტული მსუყე საცხები კი რთულად შეიწოვება, დნება და ძალიან უსიამოვნოა მოსახმარად. ესტედერმის ამ კრემს აქვს სტანდარტული კრემის კონსისტენცია, თუმცა წასმის შემდეგ მსუბუქი მუსივით ედება კანს და ძალიან მარტივად შეიწოვება (გაითვალისწინეთ, რომ ოდნავ ათეთრებს). რაც მთავარია, ის შექმნილია გარემოს მავნე ზეგავლენისგან, გამონაბოლქვისგან, სტრესისგან და გამოსხივებისგან კანის/ფორების დასაცავად. საკმაოდ ეკონომიური შეფუთვა და ნეიტრალური სურნელი აქვს.

სუნამო – Chanel Chance – კოკო მადმუაზელის შემდეგ, შანელის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სუნამოა, რომელიც ერგება ყველა სეზონს. მთავარი აქცენტი ყვავილოვანი და ხილის ნოტებია, რომელსაც ციტრუსის არომატი და მსუბუქი სიტკბო დაჰყვება. საკმაოდ მარტივად სატარებელი და უნივერსალური სურნელია.

სილამაზის ელექსირი – Caudalie ვარდით – კოდალის სილამაზის ელექსირზე არაერთხელ დამიწერია, თუმცა ბრენდს სიახლე აქვს და ის განსხვავებული სურნელით გამოუშვა. ვფიქრობ, რომ მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი მინუსი რაც წინამორბედს ჰქონდა, სწორედ დამახასიათებელი და უცნაური სურნელი იყო, რაც ამ შემთხვევაში აბსოლუტურად შეცვლილი და გაუმჯობესებულია, რაც პრაქტიკულთან ერთად, მის გამოყენებას სასიამოვნოდ აქცევს. ელექსირის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტონერად, ასევე მაკიაჟისთვის კანის მოსამზადებლად ან მის დასაფიქსირებლად. დღის განმავლობაში გასაჯანსაღებლად და დასვენებული იერის მისაღებად.

ფილმი – Bad seeds – მსუბუქი ფრანგული კომედია, რომელიც გარდა სახალისო ეპიზოდებისა, გაჯერებულია სოციალური თემატიკით, სასიამოვნო საათნახევარს გპირდებათ.

სერიალი – Money heist – უფრო ცნობილი, როგორც La casa de papel ივლისში მესამე სეზონით დაბრუნდა, რომლის დაძაბული სიუჟეტის რვავე სერიას თავად ერთი ამოსუნთქვით, ერთ დღეში ვუყურე. ამ სერიალის პლუსი სწორედ ეს არის – დამაინტრიგებელი სიუჟეტი, რომელიც არც ერთი წამით არ იძლევა მოდუნების საშუალებას.