ამ პოსტში NYX-ის ყველა იმ კოსმეტიკურ პროდუქტს მიმოვიხილავ, რომელიც გამომიყენებია. აქ შეხვდებით როგორც ფავორიტებს, ასევე იმედგაცრუებებს.

3 საფეხურიანი კონტურინგის პალიტრა – შედგება 3 ფერისგან (მუქი და ღია კონტურების გამოსაკვეთად და ჰაილაითერი). მიუხედავად იმისა, რომ კონტურინგს წელიწადში რამდენჯერმე მივმართავ, ზაფხულში კი ვცდილობ სახეზე საერთოდ არაფერი წავისვა, იმდენი კარგი გამოხმაურება წავიკითხე, რომ გადავწყვიტე ფასდაკლებით მესარგებლა და მათი ოფიციალური ონლაინ მაღაზიიდან სხვა პროდუქტებთან ერთად გამოვიწერე. შთაბეჭდილება პირველივე გამოყენებაზე შემექმნა და ის დადებითია. პროდუქტი საკმაოდ პიგმენტურია, თუმცა ამასთანავე ნაზი, ბუნებრივი ფერები აქვს და არ მიდის სიყვითლისკენ. კანზე ფუნჯით მარტივად იშლება და შესაბამისად, არ ტოვებს გამოკვეთილ ლაქებს. გამორჩევის ღირსია ჰაილაითერი, რომელიც უნაზეს, ერთი შეხედვით უჩინარ კვალს ტოვებს, თუმცა დღის და ღამის განათებაზე სხვადასხვანაირად და რაც მთავარია, ბუნებრივად იჩენს თავს. ამ პროდუქტს ჩემგან დიდი რეკომენდაცია.

Soft matte lip cream ტუჩსაცხი – ნიქსის გლუვი ტუჩსაცხები ერთ-ერთ წინა პოსტში უკვე ვახსენე და ხაზი გავუსვი მათ პიგმენტურობას, საკმაო მდგრადობას და რაც მთავარია სტრუქტურას, რომელიც მიუხედავად იმისა რომ გლუვია, არ აშრობს ტუჩებს. აქვს ფერების დიდი არჩევანი და არის პიგმენტური. განსაკუთრებით მომწონს მათი წითელი ფერი, სახელწოდებით – Amsterdam.

Honey dew me up ბაზა – მისი გამოწერაც კარგი შეფასებების გამო გადავწყვიტე და რა თქმა უნდა პროდუქტის ანოტაციასაც მივაქციე ყურადღება, სადაც წერია, რომ ეს ბაზა უზრუნველყოფს კანის ტონალობის გათანაბრებას, დატენიანებას და მაკიაჟის მდგრადობას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩამოთვლილთაგან ყველა პუნქტს ასრულებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის თხელი, წამებში შეიწოვება და არ ტოვებს წებოვან ზედაპირს, რაც ასე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ზაფხულში.

Bare with me სპრეი – ნიქსის სპრეი (მბზინავი) აქამდეც მქონია და შემიძლია ვთქვა, რომ თავის საფასო სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს კონკრეტული მასთან შედარებით სიახლეა, არის უფრო დიდ, ეკონომიურ შეფუთვაში და ზემოთხსენებულისგან განსხვავებით, ფაქტობრივად არ აქვს სურნელი, რაც ჩემთვის, ასეთ ცხელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია. ის წარმოადგენს როგორც მაკიაჟის ბაზას, ასევე მის ფიქსატორს, ფორების შემკვრელ და უბრალოდ, დღის განმავლობაში გასაგრილებელ საშუალებას. ჯერ სულ რამდენჯერმე გამოვიყენე და კმაყოფილი ვარ, აქვს კარგი აპლიკატორი, თანაბრად ანაწილებს სითხეს.

წარბების ფიქსატორი გელი – მიუხედავად იმისა რომ ამ ტუშით ბევრია კმაყოფილი, მე ვერ მოვიხდინე. ვფიქრობ, რომ წარბებისთვის მოუხერხებელი და დიდი აპლიკატორი აქვს, რაც პირველ რიგში არაეკონომიურია, ჭარბად ეკვრის წარბებს და არც ისე მდგრადია. ჩემი აზრით, ეს პროდუქტი მოგეწონებათ მათ ვისაც სქელი, ცოტა უხეში და ხშირი წარბები გაქვთ.

2 ფერიანი თხევადი კონტურინგი – ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რაც ნიქსის პროდუქტებში მქონია. არაპიგმენტურია, საერთოდ არ მუშავდება ფუნჯით და ფერების არჩევანიც მწირი აქვს. არ გამოგადგებათ მათ ვისაც ღია ფერის კანი და ცივი ქვედა ტონი გაქვთ.

Studio perfect მწვანე კორექტორი/ბაზა – როგორც იცით, მწვანე კორექტორი მიმართულია ლაქების, სიწითლის, სიყვითლის შესანიღბად და კანისთვის ერთგვაროვანი ტონალობის მისანიჭებლად. ამ დავალებას პროდუქტი თავს მეტ-ნაკლებად ართმევს, თუმცა რამდენიმე უკეთესი ალტერნატივა მოეძებნება. მთავარი, რატომაც მას მეორედ არ ვიყიდი მისი კონსისტენციაა. მისი წასმის შემდეგ, კანი გლუვია, შედარებით ერთგვაროვანი, თუმცა მასა ძალიან სქელია, კანს უჭირს მიღება და ზემოდან პროდუქტი არც ისე ბუნებრივად ერგება.

Born to glow ჰაილაითერი (Pale pink) – ნიქსის კოსმეტიკიდან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია, რომელიც მისაღებია თავისი კონსისტენციით, დაფარვით, ინტენსიობით და შეფუთვით. ეს ფერი – Pale pink მარტივად გამოიყენება როგორც ყვრიმალებზე და ცხვირზე, ასევე როგორც თვალების ჩრდილების ბაზა ან ძირითადი, მსუბუქი პიგმენტი. აქვს თან სატარებლად მოსახერხებელი შეფუთვა.