გლუვი ტუჩსაცხები ძალიან კომფორტულია, განსაკუთრებით მათთვის ვინც მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია და ამასთანავე სურს მუდმივად ფორმაში იყოს. თუმცა კომფორტთან ერთად ასეთი ტიპის ტუჩსაცხებს სხვა “საზრუნავიც” მოაქვს – მიდრეკილია ტუჩების გამოშრობისკენ. ამიტომ, სანამ მათ გამოყენებას გადაწყვეტთ კარგად გაისკრაბეთ და დაიტენიანეთ ტუჩები და შეეცადეთ ხარისხიანი პროდუქტი აირჩიოთ, რაშიც პოსტის სახით, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით დაგეხმარებით.

Lime crime (MATTE VELVETINES ხაზიდან) – საუკეთესოა ყველა იმ გლუვ ტუჩსაცხს შორის რაც გამომიცდია. აქვს ფერების დიდი არჩევანი და ნაზი კრემოვანი ტექსტურა. რაც მთავარია, გამოყენებამდე ტუჩების სათანადოდ დატენიანების შემთხვევაში, საერთოდ არ აშრობს მათ და ძალიან მდგრადია, ფაქტობრივად უძრავია მთელი დღის განმავლობაში. ფავორიტი ფერები – True love, Cashmere.

Nyx (Soft matte lip cream ხაზიდან) – ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტია ამ ჩამონათვალში, თუმცა ხარისხით და სხვა მახასიათებლებით არ ჩამოუვარდება დანარჩენებს. ფერების არჩევანი აქაც დიდია, აქვს მოსახერხებელი ზომა და აპლიკატორი. მისი კრემოვანი სტრუქტურიდან გამომდინარე, საერთოდ არ აშრობს ტუჩებს, თუმცა არ არის სუპერ მდგრადი, მაგალითად როგორც წინამორბედი. თუ გსურთ რომ ტუჩები მთელი დღის განმავლობაში იდეალურად გამოიყურებოდნენ თან ატარეთ და უბრალოდ ერთხელ გადასმით, მეტი ინტენსივობა მიანიჭეთ ფერს. ფავორიტი ფერები – Amsterdam, Tokyo.

M.A.C (Retro matte ხაზიდან) – მაკის კოსმეტიკა და განსაკუთრებით გლუვი ტუჩსაცხები უცხოელი ბლოგერების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია და რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ ხაზის ტუჩსაცხები ძალიან პიგმენტური და მდგრადია, ფაქტობრივად არ საჭიროებს დღის განმავლობაში შესწორებას, თუმცა მის გამოყენებამდე აუცილებელია ტუჩების საკმარისად დატენიანება. ფავორიტი ფერები – Burnt spice, High Drama.

Sephora (Cream Lip Stain ხაზიდან) – ვფიქრობ, რომ სეფორას თავის მოვლის და კოსმეტიკის საშუალებები სათანადოდ დაფასებული არ არის, რადგან ხშირად მათი ფორმულა ძალიან ჰგავს ძვირადღირებული ბრენდებისას, ხოლო ფასი რამდენიმეჯერ ნაკლებია ხოლმე. მათი გლუვი ტუჩსაცხები სწორედ ეს შემთხვევაა, რადგან აქვს ჩამოთვლილთაგან ყველაზე მრავალფეროვანი პალიტრა როგორც კლასიკური, ასევე მკვეთრი და მეტალიკი ფერები. არ აშრობს ტუჩებს და საკმაოდ მდგრადია. ფავორიტი ფერები – Pink Lolipop, Whipped Blush.

Delfy (Long lasting lipfix ხაზიდან) – ამ ტუჩსაცხის ხაზის ერთადერთი მინუსი პალიტრაში ფერების სიმცირეა, მხოლოდ – 9. დანარჩენი მახასიათებლები ძალიან კარგი აქვს, არის მდგრადი და პიგმენტური, ტუჩების განსაკუთრებულად გამოშრობით არ გამოირჩევა და კარგად დატენიანებული ბაზის შემთხვევაში, მთელი დღე ძლებს. ფავორიტი ფერები – Radiant orchid, Aurora red.