მსგავსი რუბრიკა ბლოგზე აქამდეც მქონდა, როდესაც თავის მოვლისა და კოსმეტიკის თვის რჩეულ პროდუქტებს გიზიარებდით, თუმცა მას არ ჰქონდა რეგულარული სახე. გადავწყვიტე, ის ყოველთვიურად ვაქციო და გაგიზიაროთ არა მხოლოდ თავის მოვლის და კოსმეტიკის საშუალებები, არამედ ფავორიტი ფილმები, სერიალები, წიგნები თუ სხვა მიგნებები, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდეს.

ამ პოსტში გაგიზიარებთ ფავორიტებს ივნისის თვის და ივლისის პირველი ნახევრიდან, თუმცა ივლისის ბოლოს კვლავ ელოდეთ ამავე თემაზე უფრო მრავალფეროვან პოსტს.

თავის მოვლა და კოსმეტიკა

DR.Jart+ CICAPAIR TIGER GRASS COLOR CORRECTING TREATMENT – იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც არ უყვარს ყოველდღიურად მაკიაჟის გამოყენება, თუმცა უნდა ზაფხულში ერთგვაროვანი სახის კანის ფერი მიიღოს. ის წარმოადგენს შეფერილ კრემს, რომელიც ატენიანებს მშრალ კანს, ამასთანავე აქვს SPF 30 მზისგან დაცვა და რაც ყველაზე მთავარია, მწვანე ფერი, რომელიც ნიღბავს სიწითლეს, სიყვითლეს, ლაქებს და კანის სხვა გამოვლინებებს. კანის ფერთან ადაპტირდება და შესაბამისად, ბუნებრივად ჯდება ზედაპირზე. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ხელმისაწვდომი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება (50მლ შეფუთვა – 52$), თუმცა ნამდვილად ძალიან ეფექტურია, ასევე ეკონომიური, რაც ფასს ამართლებს. თავად ყოველთვის სეფორაში ვყიდულობ ან ვიწერ მათივე ვებგვერდიდან. მაღაზიაშიც და ვებგვერდზეც ხშირად არის პრომო აქციები და შეთავაზებები, როდესაც მის სამოგზაურო ზომის ვერსიას ან სასაჩუქრე შეფუთვას შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ნახავთ, ასე რომ კარგად მოძებნეთ.

Essence lash princess false lash effect mascara – ერთ-ერთი საუკეთესო ტუშია დაბალბიუჯეტურ სეგმენტში. აქვს მოსახერხებელი აპლიკატორი, რომელიც მიმართულია, როგორც წამწამების ვიზუალურად დაგრძელებაზე, ასევე გახშირებაზე. არ ტოვებს ზედმეტ ნადებს და მიუხედავად იმისა, რომ წყალგამძლე არაა, მდგრადია მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც მათ ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე საქართველოში სააფთიაქო ქსელ PSP-ში. ფასი დაახლოებით 15 ლარამდე მერყეობს.

Bioderma sensibio დასაბანი გელი – ბიოდერმას ვარდისფერი შეფუთვის პროდუქტები განკუთვნილია მშრალი/კომბინირებული და მგრძნობიარე კანისთვის. მისით შეგიძლიათ როგორც მაკიაჟის მოშორება (უმკლავდება თვალების მაკიაჟსაც), ასევე უბრალოდ სახის დაბანა. სულ ცოტა პროდუქტია საჭირო ასაქაფებლად და ერთგვარი მუსის ტექსტურის შესაქმნელად. არის ძალიან ნაზი, ნეიტრალური სურნელით და შესაბამისად არ აღიზიანებს მგრძნობიარე კანს. ძალიან კომფორტულია ზაფხულში გამოსაყენებლად, მაშინ როდესაც ზეთოვანი დასაბანი საშუალებები არც ისე სასიამოვნოდ შეიგრძნობა კანზე. როგორც ვიცი, იყიდება სხადასხვა ზომის შეფუთვით. 200 მლ შეფუთვის რეგულარული (არა ფასდაკლების დღეებში) ფასი დაახლოებით 45 ლარია. თავად პროდუქტი, როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან ეკონომიურია და შესაბამისად დიდხანს გეყოფათ.

ალოეს გელი – თავად Nature Republic 92%-იან გელს ვიყენებ, რომელსაც Iherb.com-დან ვიწერ, თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი ბრენდის აარჩიოთ, რომლის ხარისხში დარწმუნებული იქნებით. რატომ მიყვარს ალოეს გელი? მულტიფუნქციური პროდუქტია და ვიყენებ როგორც:

თმის ნიღაბს – თმას კარგად ვივარცხნი და შემდეგ, ძირებიდან ბოლოებამდე ვისვამ. დაახლოებით 1-1.5 საათში ვიბან ჩვეულებრივ შამპუნით. ასევე შესაძლებელია დაბანილ, ნოტიო თმაზე, თუმცა მხოლოდ ბოლოებში წასმა და დატოვება.

სახის ნიღაბს – იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის, ასევე გარუჯვის შემდგომ ან თუნდაც ზედაპირული დამწვრობის შემთხვევაში, რადგან ალოეს გელი აგრილებს, ამშვიდებს, არბილებს და აღადგენს დაზიანებულ კანს. უბრალოდ უნდა წაისვათ სუფთა, მშრალ კანზე შედარებით სქლად და დაელოდოთ სანამ თავად შეგაშრებათ. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, თუ კანს ბოლომდე ათვისებული არ ექნება, შეგიძლიათ მასაჟური მოძრაობებით გადაინაწილოთ დეკოლტეზე და სახეზე შეწოვაშიც დაეხმაროთ.

კანის დამატენიანებელს – შხაპის შემდეგ, განსაკუთრებით თუ სკრაბს ან უხეშ ჯაგრისს გამოიყენებთ, გარდა იმისა რომ დაგიტენიანებთ, ასევე დაგიმშვიდებთ კანს. ყველაზე დიდი პლუსი რაც ალოეს გელს აქვს მისი სტრუქტურაა, რომელიც ზაფხულში ძალიან მოსახერხებელია. იწოვება წამებში, არ ტოვებს ლაქებს და არის ძალიან მსუბუქი. კარგი გადაწყვეტილებაა სამოგზაუროდაც, რადგან რამდენიმე პროდუქტის შემცვლელია.

Sunday Riley C.E.O glow – მისი მოხმარება ცოტა ხნის წინ დავიწყე და მომწონს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენო ზამთარშიც, რადგან ძალიან კარგად ატენიანებს კანს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთოვანი პროდუქტია არ არის უსიამოვნო და მალე შეიწოვება. ვიყენებ მხოლოდ საღამოს და კვირაში რამდენჯერმე, როდესაც ვატყობ რომ სტანდარტული დამატენიანებელი არ მყოფნის და კანს მეტი კვება სჭირდება. სულ 2 წვეთია საჭირო მთელ სახეზე გადასანაწილებლად და შედეგად ვიღებ, დატენიანებულ, ბზინვარე კანს. (გამოიყენება კანის გასუფთავების და ტონიკის წასმის შემდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებელი დამატენიანებელი საშუალება, ასევე როგორც დამატენიანებლის წინა პროდუქტი).

La roche posay თერმული წყალი – თერმული წყლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია, ის განუყრელი პროდუქტია სახლშიც, სამსახურშიც და გადაადგილებისას, შესაბამისად მისი სრული თუ სამგზავრო ფორმის ალტერნატივები ყოველთვის ახლოს მაქვს. აქამდე ავენის თერმულ წყალს ვიყენებდი, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა და აზრი არც ახლა შემიცვლია, თუმცა გადავწყვიტე სხვა სააფთიაქო ბრენდებისთვისაც მიმეცა შანსი. გასულ თვეში Jowae ვცადე (მასზე ერთ-ერთ პოსტში მეწერა კიდევაც, რომ ძალიან სასიამოვნო სურნელი და მოსახერხებელი აპლიკატორი, ასევე დამატენიანებელი ფუნქცია აქვს, თუმცა ჩემი დაკვირვებით მალე იხარჯება და შედარებით არაეკონომიურია), ცოტა ხნის წინ კი ლა როშ პოზეს თერმული შევიძინე. მას და ავენს თანაბარი ეფექტი და კომფორტი მოაქვთ, ერთადერთი რაც განასხვავებთ ფასია და ლა როშ პოზე რამდენიმე ლარით იაფია.

Hermès Eau des Merveilles Bleue – სუნამო ალბათ თავის მოვლის საშუალებებზე უფრო სუბიექტურად ასარჩევია და შესაბამისად, პირადი შეგრძნებების, გამოცდილების და გემოვნების გაზიარებას ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აზრი არ აქვს. უბრალოდ, თუ ზაფხულში გრილ და მსუბუქ, ოდნავ მამაკაცურ სურნელს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ ეს სუნამო სცადოთ.

ფილმები/სერიალები:

თუ მსუბუქი კომედიები გიყვართ, რომელსაც ბონუსად ლამაზი ხედები, კოსტიუმები და ცნობილი მსახიობები ახლავს მაშინ შემდეგი ორი ფილმი თქვენთვისაა.

The Hustle – რებელ იულსონის და ენ ჰეტუეის დუეტი საკუთარ დაგებულ ხაფანგში ეხვევა. სხვას არაფერს გეტყვით, აქ სპოილერების ადგილი არ არის! 🙂

Murder Mystery – ადამ სენდლერის და ჯენიფერ ენისთონის ეკრანული წყვილი წლების შემდეგ გადაწყვეტს საოცნებო მოგზაურობაში წასვლას, თუმცა თვითმფრინავში გეგმების ექსპრომტად შეცვლის შემდეგ იდუმალებით მოცულ თავგადასავალში ეხვევიან.

The handmaid’s tale – ივნისს დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ სერიალის მესამე სეზონის გამო ველოდი, რომელიც ფავორიტი სატელევიზიო შოუების ჩემს სამეულში მუდმივად იკავებს ადგილს. ეს არის ისტორია “მომავლის რეალობაზე” სადაც ქალებს არ აქვთ უფლებები, ისინი საუკეთესო შემთხვევაში მორჩილი ცოლები არიან, უარესში კი… ეს თავად გადაწყვიტეთ, რომელ კასტას უფრო რთული პირობები აქვს. მესამე სეზონის 8 სერია უკვე ხელმისაწვდომია, მეცხრე კი ტრადიციულად ოთხშაბათობით – 17 ივლისს გამოვა.