ივლისის თვის Beauty and the box -ს თამამად მივანიჭებ წლის საუკეთესო ნაკრების (ჯერჯერობით) სტატუსს, რადგან სავსეა ყველა იმ საჭირო პროდუქტით, რომელიც კანის მოვლისთვის აუცილებელია.

ამ თვის ფავორიტია Nuxe ტონერი, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის, ძალიან მგრძნობიარე კანისთვისაც კი. არ შეიცავს ალკოჰოლს და შესაბამისად არ აღიზიანებს, ნაზად წმენდს და უნარჩუნებს კანს ბუნებრივ, ჯანსაღ ფერს. აქვს ძალიან სასიამოვნო და ნეიტრალური, ვარდის სურნელი. გარდა იმისა, რომ Nuxe ძალიან მომწონს და თავისთავად ყუთში ამ ბრენდის დანახვამ გამახარა, ახალი ტონერის ძებნაში ვარ, რომელიც ზაფხულისთვის შესაფერისი იქნება. ვფიქრობ, საბოლოო არჩევანს მასზე შევაჩერებ და სრულ ზომასაც შევიძენ. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი ბოქსი, დაგვეხმაროს ახალი პროდუქტების აღმოჩენაში.

პ.ს თუ კანის მოვლის სტანდარტულ რუტინას არ მისდევთ და ტონერის დანიშნულებაზე კითხვა გაგიჩნდათ, შეგახსენებთ რომ ის გამოიყენება კანის გასუფთავების/დაბანის შემდეგ. დაიტანეთ ცოტა პროდუქტი ბამბის დისკოზე და ნაზად გადაინაწილეთ მთელ სახეზე (მათ შორის თვალების ირგვლივ).

Nuxe მიცელარული წყალი – ასევე განკუთვნილია ყველა ტიპის და მგრძნობიარე კანისთვის, როგორც სახეზე ასევე თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად. თავად, მიცელარულს მხოლოდ თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად ვიყენებ და მირჩევნია მთლიანი სახე ზეთოვანი/გელისებრი საშუალებებით დავიბანო, მათ შორის მიცელარულის ნარჩენიც, თუმცა ამ უკანასკნელს ანოტაციაში აწერია, რომ გამოყენების შემდეგ ჩამობანვას არ საჭიროებს და შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ.

დემაკიაჟის თემიდან შორს არ მივდივართ და განვიხილოთ Etude House დასაბანი ქაფი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს კორეული მოვლის საშუალებაა, რომელიც ასე პოპულარულია ბოლო პერიოდში. დასაბან ქაფს აქვს უწვრილესი ნაწილაკები, რომელიც ერთგვარ სკრაბის ეფექტს იძლევა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ყოველდღიურად, ასევე კვირაში რამდენჯერმე. თავად, ვინაიდან მგრძნობიარე და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი მაქვს ასეთ გრანულებიან პროდუქტებს კვირაში მხოლოდ 1-2ჯერ ვიყენებ და იგივეს გირჩევთ თქვენც. ნეიტრალური სურნელი და საკმაოდ სასიამოვნო ტექსტურა აქვს. დიდი პლუსი და რეკომენდაცია ჩემგან ამ პროდუქტსაც.

Oriflame ხელის კრემი – ხელის კრემების შესაშური მარაგი მაქვს და როგორც წესი, ყოველი შემდეგი რომელიც რაიმე ნაკრებში ამომდის ან შემომეყიდება საჩუქრების ყუთში ინაცვლებს ხოლმე, თუმცა არა ეს უკანასკნელი, რადგან ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სურნელი და ჩანთაში სატარებლად მოსახერხებელი ზომა აქვს, ასევე გამოვცადე ხელზე და კონსისტენციაც მისაღებია, არც ძალიან მსუყეა და არც თხელი. დაცლისთანავე, წარმატებით ჩაანაცვლებს Caudalie -ს სამოგზაურო ფორმატის ხელის კრემს, რომელსაც ახლა ვიყენებ.

Oriflame დამცავი ბალმი – მულტიფუნქციური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ტუჩებისთვის, არამედ ნებისმიერ ადგილას გამომშრალ და დაზიანებულ კანზე. აქვს ნეიტრალური სურნელი და ფერი, შეიცავს ფუტკრის ცვილს. ღრმად ატენიანებს და ამასთანავე ხელს უწყობს დაზიანებული ზედაპირის აღდგენას. ეს პროდუქტი ადრეც მქონია, ოღონდ შოკოლადის და კარამელის არომატით და ნამდვილად ასრულებს იმ დანაპირებს, რაც გარეკანზეა, კარგი დამატენიანებელი საშუალებაა.

სახის სილიკონის გამწმენდი – ასეთი საშუალებები გამოიყენება ღრმა წმენდისთვის, ფორების დონეზე გასუფთავებისთვის კვირაში რამდენჯერმე დამხმარე საშუალებებთან გელი/ზეთი/სკრაბი ერთად. ამ კონკრეტულ სილიკონს დაბალი და რბილი, მარტივად დრეკადი კბილანები აქვს, რაც ამცირებს კანის გაღიზიანების ალბათობას. თუმცა მე პირადად, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს მსგავს პროდუქტებს ვერ ვიყენებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უქმად დავტოვებ ან “ცნობილ” საჩუქრების ყუთში მივუჩენ ადგილს. დანახვისთანავე მოვუძებნე ალტერნატივა და მისი დახმარებით ფუნჯებს გავასუფთავებ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

თხევადი თვალის ჩრდილი – ასევე მულტიფუნქციური პროდუქტია, რადგან გამომდინარე ფერიდან მისი გამოყენება შეიძლება როგორც თვალებზე ჩრდილად, ასევე ჰაილაითერად. საკმაოდ თხელი კონსისტენცია აქვს და მარტივად ნაწილდება. მართალია, მდგრადობა ჯერ ვერ შევამოწმე თუმცა ვფიქრობ, რომ კარგი ბაზის და ფიქსატორის პირობებში საკმაოდ გამძლე პროდუქტი იქნება. ასეთი ფორმატის თვალის ჩრდილები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის ვისაც უბრალოდ ეზარება ან არ გამოსდის მშრალი ჩრდილების გადაყვანა და ფუნჯებით მუშაობა. თხევადი ჩრდილის შემთხვევაში, შეგვიძლია მხოლოდ 1 ფერით დავკმაყოფილდეთ და მარტივად, თითებით ან სპონჟით გადავინაწილოთ.

ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო OK Magazine – ს და Beauty and the box ერთობლივი ჟურნალის ნომრის მიღებაც, რომელშიც თავმოყრილია ზაფხულის must have პროდუქტები და რეკომენდაციები, ასევე ინტერვიუები თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და კვების შესახებ.

ივლისის თვის Beauty and the box – ში ასევე დაგხვდებათ Nuxe მზის შემდგომი ლოსიონის ტესტერი, არია იოგას 1 თვიანი ულიმიტო სასაჩუქრე ვაუჩერი და Lifferent hotel and spa – ს 30 ლარიანი ვაუჩერი რუჯის შესანარჩუნებელ და გამახანგრძლივებელ პროცედურებზე.