Essence თავის მოვლისა და კოსმეტიკის გერმანული ბრენდია, რომელიც გამოირჩევა ხარისხთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით. მას შემდეგ რაც ესენსის პროდუქტები პირველად გამოვცადე, საზღვარგარეთ ყოფნისას სულ ვცდილობდი მომემარაგებინა ფავორიტი საშუალებები, თუმცა ამიერიდან მათი შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია (PSP). მართალია, სრული ასორტიმენტით არ არის წარმოდგენილი, თუმცა იმედია მოთხოვნის ზრდასთან ერთად სტენდები და არჩევანიც გაიზრდება. პოსტში გაგიზიარებთ ჩემს რჩეულ პროდუქტებს და მათზე მოკლე მიმოხილვას.

წარბების ფერადი ტუში – ამ პროდუქტმა მაკიაჟის მოყვარული ყველა გოგოს კოსმეტიკურ ჩანთაში დაიმკვიდრა ადგილი, რადგან 1 ხელის მოსმით შესაძლებელს ხდის წარბებისთვის ფერის ინტენსივობის, სიხშირისა და მოცულობის ზრდას, ამასთანავე მსუბუქად აფიქსირებს მათ. წარმოდგენილია 3 ფერში და განკუთვნილია ქერა და ყავისფერი ტონალობებისთვის, ალბათ ნაკლებად გამოადგებათ შავგვრემნებს, ვისაც გამოხატული შავი პიგმენტი აქვს. საკმაოდ მოსახერხებელი პატარა აპლიკატორი აქვს, პროდუქტი მალე არ შრება და მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სიმყარეს (ზოგადად, ზაფხულში უმჯობესია თუ ბევრ თხევად პროდუქტს არ გამოვიყენებთ, რადგან რთულია მათი მდგრადობის კონტროლი, თუნდაც ფიქსატორის გამოყენების შემთხვევაში).

წარბების უფერული გელი – ერთ-ერთი საუკეთესო ფიქსატორია ამ საფასო სეგმენტში. რომელიც ბუნებრივად აფიქსირებს წარბებს, არ ახმობს, არ ტოვებს ნაკვალევს და დღის ბოლოს თეთრ ნადებს. აპლიკატორის ზომაც მოსახერხებელია, არ აქვს მძაფრი სურნელი.

წამწამების ტუში (მწვანე შეფუთვით – lash princess false lash mascara) – ძალიან კარგი ტუშია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტია სიგრძის მომატება და ბუნებრივი პიგმენტის გამუქება. მიუხედავად იმისა რომ წყალგამძლე არ არის, საკმაოდ მდგრადია და თუ განსაკუთრებულ გარემო პირობებში არ მოგიწევთ ყოფნა, დღის ბოლოსაც უცვლელად გამოიყურება.

მაკიაჟის დამაფიქსირებელი სპრეი – წარმოდგენილია როგორც გლუვი ასევე ბზინვარე ე.წ “dewy” ეფექტით. მათ ვისაც მშრალი კანი გაქვთ ამ უკანასკნელის გამოყენებაა რეკომენდებული. კომბინირებული/ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი გლუვი დაფარვით. რაც შეეხება თავად პროდუქტს, მისი ფასისთვის საკმაოდ კარგია. ვერ შეედრება მაგალითად M.A.C – ს თუმცა, ეს უკანასკნელი მასზე 6-ჯერ ძვირიცაა. ნეიტრალური სურნელი აქვს და რეალურად ისეთი დაფარვა რასაც გვპირდება. მთავარი და პრინციპში ერთადერთი მინუსი რაც აქვს სპრეია, თითქოს თანაბრად არ ანაწილებს სითხეს, რაც რამდენიმე ეტაპიანი მაკიაჟის ქონის შემთხვევაში პრობლემას ქმნის და შესაძლოა ააჭრელოს სახე, თუმცა ზაფხულის მსუბუქი მაკიაჟისთვის გამოგადგებათ.

კორექტორი – ზოგადად, თვალების ქვეშ კორექტორს არ ვიყენებ, თუმცა გამომდინარე მისი შეფასებებიდან გადავწყვიტე გამომეცადა. კორექტორებთან ურთოერთობის მწირი გამოცდილების მიუხედავად მგონია, რომ ეს უკანასკნელი საშუალოზე სქელია, თუმცა შესაბამისად კარგი დაფარვა აქვს და უპრობლემოდაც ნაწილდება. აუცილებლად გამოგადგებათ მათ ვისაც თვალების ქვეშ აშკარად გამოხატული სიშავის ან ლაქების დაფარვა გსურთ.

თვალების და ტუჩების ფანქრები – იმ ფილიალებში სადაც მე მოვხვდი, სამწუხაროდ ფერების დიდი არჩევანი არ იყო, თუმცა მთავარი რასაც ახლა ვაფასებ ხარისხია, რომელიც ფასთან მიმართებაში ძალიან კარგია. საკმაოდ პიგმენტური და მდგრადია ქვედა ქუთუთოზეც კი.