ივნისის თვის Beauty and the Box მიმდინარე წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია. ის მეტად ორიენტირებულია სახის კანის და თმის მოვლაზე, თუმცა შემადგენლობაში ასევე შეხვდებით კოსმეტიკური საშუალებების ჩამონათვალიდან ერთ-ერთს.

მაშ ასე, მიმდინარე თვის Beauty and the Box:

Lierac პირველადი ნაოჭების საწინააღმდეგო გელ-კრემი სახისთვის – ლიერაკი სააფთიაქო ბრენდების ერთ-ერთი გამორჩეული, შეიძლება ითქვას ლუქს კლასის წარმომადგენელია, რომელიც მეტად ორიენტირებულია ასაკობრივი კანის მოვლაზე. ეს კონკრეტული გელ-კრემი, რომელიც თავისი კონსისტენციის წყალობით ძალიან მსუბუქია და მარტივად შეიწოვება (რაც განსაკუთრებით კომფორტულია ზაფხულში), განკუთვნილია პირველადი ასაკობრივი ნიშნების საწინააღმდეგოდ. დატენიანებასთან ერთად, უზრუნველყოფს მიმიკური ნაოჭების შემცირებას და რეგულარულად მოხმარებისას, ამცირებს ახლის გაჩენის ალბათობას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დღისით, ასევე ღამის რუტინაში. შეფუთვის მოცულობა 15 მლ – ია რაც საკმარისია პროდუქტის გამოსაცდელად და რეალური შედეგების დასანახად. ბოქსში ასევე შეხვდებით ამავე ბრენდის თვალის დამატენიანებელი გელის ტესტერს, რომლის სრული ზომა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულად გამოსაყენებელი კრემია თავისი აპლიკატორის წყალობით. ისიც ასევე განკუთვნილია პირველად ნაოჭებთან საბრძოლველად და პრევენციისთვის, მისი მეტალის აპლიკატორი კი დატენიანებასთან ერთად, ხსნის შეშუპებას და დაძაბულობას თვალის გარშემო არეზე.

GIGI დღის და ღამის კრემის ტესტერები – როგორც წესი, ტესტერებს პოსტის ბოლოში მიმოვიხილავ ხოლმე, თუმცა GIGI ნამდვილად მეტს იმსახურებს, რადგან ამ ბრენდის თუნდაც ტესტერების მოპოვება და გამოცდა იოლი არ არის. ის წარმოადგენს პროფესიონალური მოვლის ხაზს, დამზადებულია ისრაელში და აქვს კანის კონკრეტული პრობლემების/გამოვლინებების მოვლის არაერთი ხაზი. როგორც წესი, ამ ბრენდის პროდუქტებს კარგ კოსმეტოლოგიურ და ესთეტიკის ცენტრებში იყენებენ, სახლის პირობებში მათი კომპლექსურად გამოყენება ნამდვილად იძლევა შედეგს. ბოქსში მოთავსებული ტესტერები განკუთვნილია გარემოს მავნე პირობებთან და გამღიზიანებლებთან საბრძოლველად, კანის მძიმე მეტალების ზემოქმედებისგან, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივებისგან დასაცავად. ხაზის სახელია CITY NAP რაც თავის თავში უკვე აღნიშნავს მის პრიორიტეტებს, დაიცვას კანი დაბინძურებული გარემოსგან. დღის კრემი შედარებით თხელია – დამატენიანებლის ტექსტურის, რომელიც მარტივად შეიწოვება, ატენიანებს კანს და იცავს გარემოსგან, ასევე აქვს მსუბუქი ანტიასაკობრივი ეფექტიც. ხოლო ღამის კრემი უფრო მსუყე შემცველობისაა, როგორიც მკვებავი და უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში კანის რეგენერაციას.

Cameleo თმის შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი (თითოეული 50-50 მლ) – ეს პოლონური ბრენდი ჩემთვის სიახლეა. თავად ჯერ არ გამომიყენებია, თუმცა როგორც პროდუქტის აღწერაში წავიკითხე ივნისის ბოქსში ამოსული თმის მოვლის საშუალებები განკუთვნილია დაზიანებული, უსიცოცხლო და გამომშრალი თმისთვის. აღნიშნული ნაკრები კომპლექსურად უზრუნველყოფს თმის გაჯანსაღებას, კვებას და აღდგენას. აქვს ძალიან დემოკრატიული ფასი და რაც მთავარია, ბევრი პოზიტიური შეფასება. თითოეული პროდუქტის კონსისტენცია საკმაოდ სქელია, სურნელი ნეიტრალური და არ შეიცავს პარაბენებს. ნაკრებმა გადაინაცვლა ჩემს აუცილებლად გამოსაცდელი პროდუქტების ყუთში, რომელზეც როგორც ყოველთვის ინფორმაციას და შეფასებებს მომდევნო პოსტებში განვაახლებ.

პ.ს მათ ვისაც თხელი/ცხიმიანი თმა გაქვთ, კონდიციონერი აუცილებლად შამპუნამდე გამოიყენეთ, მხოლოდ თმის შუიდან ბოლოებისკენ დაიტანეთ და ჩამოიბანეთ. რაც შეეხება ნიღაბს, მისი გამოყენება სურვილისამებრ კვირაში 1-2 ჯერ შეგიძლიათ.

დეკორატიული საშუალებებიდან ჩემს ყუთში ADEN (იტალია) პრაიმერი მოხვდა (ასევე შეიძლება შეგხვდეთ: ტუჩსაცხი, BB კრემი, ტუჩის ფანქარი). მას საკმაოდ თხელი – გელისებური კონსისტენცია აქვს და სასიამოვნოა (თითქოს აგრილებს) წასმისას. წარმოადგენს მაკიაჟის ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს კანის ფერის და სტრუქტურის ერთგვაროვნებას. პრაიმერის გამოყენებით, მაკიაჟი უფრო მდგრადია და ბუნებრივად გამოიყურება კანზე.

ივნისის ბოქსში ასევე დაგხვდებათ Aden cosmetics – ის 20 ლარიანი ფასდაკლების სერტიფიკატი და Natali Group მაკიაჟის 20 ლარიანი ვაუჩერი.