ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, აუცილებელია თავის მოვლის საშუალებებს გადავხედოთ და ისინი უფრო მსუბუქი კონსისტენციის და განსხვავებული შემადგენლობის პროდუქტებით ჩავანაცვლოთ. რა თქმა უნდა, მოვლის საშუალებები ყოველთვის კანის ტიპის და საჭიროებების მიხედვით უნდა შეირჩეს, თუმცა რეკომენდირებულია 1 საერთო რჩევის გათვალისწინება – ცხელ სეზონზე პრიორიტეტად აქციეთ დატენიანება და არა კვება, შესაბამისად გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც წყლის ბაზაზეა დამზადებული.

ახლა კი რაც შეეხება ჩემს განახლებულ მოვლის საშუალებებს, შეფასებებს და მათზე რეკომენდაციას. სანამ თითოეულს, საფეხურების მიხედვით მიმოვიხილავ გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ Sephora – ში შოფინგის ბედნიერება მქონდა და გადავწყვიტე, რომ უშუალოდ ამ ბრენდის პროდუქტებისთვის შანსი მიმეცა და გამომეცადა, ამიტომაც ქვემოთ მიმოხილული საშუალებების უმეტესობაც სეფორასია.

გაწმენდა – ამ მიმართულებით რადიკალურად არაფერი შემიცვლია, რაც გულისხმობს იმას რომ ისევ ზეთოვან დასაბან საშუალებას ვიყენებ და ეს განპირობებულია ჩემი კანის ტიპის (მშრალი, მგრძნობიარე) გამო, რადგან ქაფის/გელის ტიპის გამწმენდები როგორც წესი კანს ჭიმავს და შესაძლოა გამოაშროს კიდევაც. შევცვალე ბრენდი, აქამდე AVENE XeraCalm – ს ვიყენებდი, ახლა კი Sephora დასაბანი ზეთი შევიძინე. პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს, მისი ეკონომიურობაა. ნახევარი წვეთია საკმარისი მთლიანი სახის (მათ შორის თვალების) სრულად გასასუფთავებლად. მისი შეფუთვის 200 მლ სავარაუდოდ მთელი წელი მეყოფა. საკმაოდ სქელი და გაჯერებული კონსისტენცია აქვს, სახეზე წასმამდე, ხელის გულზევე უნდა გააზავოთ ცოტა წყლით (ასე ლოსიონის კონსისტენციას მიიღებს), შემდეგ ჩვეულებრივ წრიული მოძრაობებით წაისვათ და თბილი წყლით ან პირსახოცით მოიშოროთ. იდეალურად აშორებს მაკიაჟს, მათ შორის თვალის წყალგამძლე ტუშსაც კი. ნეიტრალური სურნელი აქვს.

ამქერცლავი ბამბის დისკოები – მსგავსი პროდუქტი ჩემი რუტინისთვის სიახლეა, ესეც სეფორასია და მშვენიერი ჩამნაცვლებელია სხვადასხვა ამქერცლავი მჟავების, რომლებსაც ზაფხულში ვერ ვიყენებ. სპეციალური სითხით გაჟღენთილი თხელი ბამბის ფურცლები ძალიან კომფორტულია მოგზაურობისას, რადგან თავის თავში აერთიანებს ამქერცლავს, ტონერს და ბამბას. მისი რეგულარული გამოყენება აგლუვებს და არბილებს კანს, ასევე აბალანსებს ფერს. ხშირად, სტანდარტული ტონერის მაგივრადაც ვიყენებ. პროდუქტი თავისთავად ძალიან მომწონს და ვაკვირდები, რამდენად შესაძლებელია მისით ტონერის სრულად ჩანაცვლება, თუნდაც მხოლოდ დღის რუტინაში, რადგან ძალიან მსუბუქი და კომფორტულია მაშინ როდესაც გარეთ ძალიან ცხელა არ მინდა კანი გადატვირთული იყოს.

ტონერი – Belif თვალის კრემზე არაერთხელ დამიწერია და ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. ამჯერად, მათი ტონერი შევიძინე, რომელიც განკუთვნილია მშრალი კანისთვის. აქვს თხელი, თუმცა ოდნავ კრემოვანი შემცველობა, ნამდვილად არბილებს და ატენიანებს კანს, თუმცა არც ისე კომფორტულია დღისით მოხმარებისას, როდესაც რამდენიმე ფენა საცხის წასმა არც ისე სასიამოვნოა. ვფიქრობ, რომ ზამთრის და გრილი პერიოდისთვის იდეალური ტონერი იქნება, ზაფხულში კი მხოლოდ ღამის რუტინაში გამოვიყენებ.

თვალის კრემი – როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ამ დრომდე ჩემი ფავორიტი Belif – ის თვალის კრემი იყო. უბრალოდ გადავწყვიტე ახალი ბრენდი მეცადა – LANEIGE, რომელიც შემცველობით ძალიან ჰგავს წინამორბედს. არის გელისებური, რაც ამ სეზონზე კომფორტულია – აგრილებს კანს და რაც მთავარია, მაქსიმალურად ატენიანებს. ჯერჯერობოთ ძალიან მომწონს და ხარისხში ფავორიტ წინამორბედს ვუთანაბრებ. ერთი განსხვავებული პლუსიც აქვს, შუშის ქილაშია და მოჰყვება აპლიკატორი.

ღამის დამატენიანებელი კრემი – როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ზაფხულში ჩვენი პრიორიტეტი დატენიანება უნდა იყოს, ამასთანავე კომფორტიც, რაც სქელი შემცველობის მკვებავებით რთულად მიიღწევა. ამიტომ Cerave – ს მსუყე შემცველობის საშუალება, Sephora უფრო თხელი დამატენიანებლით ჩავანაცვლე, რომელიც ჯერჯერობით მშვენივრად უმკლავდება მოვალეობას.

დღის დამატენიანებელი კრემი – რომელიც თავის მხრივ პრაიმერის ფუნქციასაც ასრულებს, არის ძალიან მსუბუქი, ფაქტობრვად შრატის კონსისტენციის. ატენიანებს კანს, ამზადებს მაკიაჟისთვის და ერთგვარ “გლოუ” ეფექტს აძლევს.

დამატენიანებელი სპრეი – თუ აქამდე, ჩემთვის უპირობო ფავორიტი ავენის თერმული წყალი იყო, ის მიმდინარე სეზონზე Jowae დამატენიანებელმა სპრეიმ ჩაანაცვლა, რადგან გარდა გაგრილების, დაძაბულობის/დაჭიმულობის მოხსნისა, მისი შემცველობის წყალობით ატენიანებს კანს, აღადგენს ბუნებრივ ბალანსს, ეხმარება ფორებს და აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი, ასევე აპლიკატორიც, რომელიც თანაბრად, მთელ სახეზე ანაწილებს სითხეს. მე სრული ზომის პროდუქტი მაქვს და პატარა ვერსად ვნახე, რაც მის თან ტარებას ართულებს, არადა შეუცვლელი პროდუქტია ზაფხულში მუდმივად თან სატარებლად.

პ.ს არავითარ შემთხვევაში დაგავიწყდეთ მზისგან დაცვაზე ზრუნვა. ამ შემთხვევაში, ცალკე პროდუქტად რუტინაში მითითებული არ არის, რადგან ჩემს დეკორატიულ საშუალებებშია გათვალისწინებული SPF 30, Uva/Uvb დაცვა. თუ თქვენი კოსმეტიკა ამას ვერ უზრუნველყოფს შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატის დამცავი და აუცილებლად, ყოველდღიურად გამოიყენეთ ის.