ყველა ადამიანს, ყველა ქალაქზე განსხვავებული წარმოდგენები, განცდები და ასოციაციები უჩნდება. მე, ბარსელონა – ქალაქი, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღით ვიყავი სწორედ ლამაზი აივნებით ჩამებეჭდება გონებაში.

ვეცდები პოსტში გაგიზიაროთ ის გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რომლებიც ბარსელონადან გამომყვა.

მგზავრობა თბილისიდან, ბარსელონას აეროპორტი და ქალაქში გადაადგილება – თბილისიდან ბარსელონაში, კვირაში სამჯერ (კვირა, ოთხშაბათი, პარასკევი) Georgian Airways – ის პირდაპირი რეისით შეგიძლიათ გაფრენა. არ დაგავიწყდეთ საზღვრის გადალახვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის (სამოგზაურო დაზღვევა, ორმხრივი ბილეთები, სასტუმროს/სახლის ჯავშანი/მოწვევა მასპინძლისგან) წაღება და გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე ცვლილებების მიხედვით დღიური ნორმა – 50 ევრო, 90 ევროთი შეიცვალა. ნუ ენდობით თქვენი ან მეგობრის წარსულში არსებულ რომელიმე გამოცდილებას, როდესაც საზღვარზე საბუთები არ მოგთხოვეს. მათი მოწესრიგება მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს.

რაც შეეხება ბარსელონას აეროპორტს, მას 2 მთავარი ტერმინალი აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. ორივე ტერმინალიდან მოხვდებით ქალაქში, თუმცა თუ გსურთ რომ მაგალითად სატელეფონო ბარათი ან სხვა მომსახურება ადგილზევე შეიძინოთ, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ 1 ტერმინალშია შესაძლებელი და თუ თქვენ მეორეში ჩაფრინდებით შეგიძლიათ ისარგებლოთ აეროპორტის უფასო (მწვანე) ავტობუსით.

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ მეტროთი, ავტობუსით და ტაქსით (გაითვალისწინეთ, რომ უბერი არ მუშაობს, გადმოწერეთ აპლიკაცია MyTaxi). გამომდინარე მიმართულებიდან ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 30-40 ევრო დაგიჯდებათ, რაც შეეხება მეტროს და ავტობუსს, 1 ადამიანს 5 ევრომდე. ქალაქში გადასაადგილებლად, შეგიძლიათ 10 ევროდ შეიძინოთ 10 ბილეთი (T-10), რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეძლებთ სარგებლობას. (პ.ს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები მითითებულია ინტერნეტ რესურსებზე დაყრდნობით და არა საკუთარი გამოცდილებით).

საცხოვრებელი – რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა. სასტუმროები, სახლები, ჰოსტელები – ყველანაირი გემოვნების და ბიუჯეტის მოგზაურზეა მორგებული. რაც შეეხება ადგილს, უმჯობესია თუ ქალაქის ცენტრში შეარჩევთ, რადგან ასე თითქმის ყველა ღირსშესანიშნავ ადგილს ფეხით მოივლით. გადაადგილების თანხასაც დაზოგავთ, დროსაც და რაც მთავარია, ავთენტურ გარემოში შეძლებთ ცხოვრებას. AirBnb – ზე მიმდინარე და ზაფხულის სეზონზე, ნორმალურ ადგილზე, მოწესრიგებული 2 ოთახიანი სახლის ქირაობას დღეში 90-120 დოლარის ფარგლებში შეძლებთ.

კვება – როგორც ყველა დიდ ქალაქში, ბარსელონაშიც ნებისმიერი ნაციონალობის საკვებ დაწესებულებას მრავლად ნახავთ. კვება გემოვნების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია და რთულია კონკრეტული კერძის რეკომენდაცია, თუმცა აქ ყოფნისას ალბათ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ზღვის პროდუქტების პაელა და დალიოთ სანგრია (მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული სანგრია ღვინით მზადდება, აუცილებლად გასინჯეთ ის შამპანურით. დამიჯერეთ, მთელი დღის ტურისტული სეირნობის შემდეგ, ღია ცის ქვეშ ცივი სანგრია ხილით დაუვიწყარი რელაქსაციაა). გარდა საკვები დაწესებულებებისა, ყველა ქუჩაზე შეგხვდებათ მარკეტი ყველის, ძეხვეულის, რძის და სხვა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით.

რაც შეეხება ღირსშესანიშნავ ადგილებს, ჩემთვის პრიორიტეტი არ არის საათობით მუზეუმებში სიარული ან განსაკუთრებული ტურისტული ადგილების მონახულება, მისთვის ფოტოების გადაღება და ლოკაციიდან ლოკაციაზე იგივეს გამეორება თითქოს რაღაც მარათონში ვიყო ჩართული. უმისამართოდ სეირნობით, არქიტექტურაზე, სახლებზე, ფასადებზე და ადგილობრივ ადამიანებზე დაკვირვებით ბევრად მეტის აღქმა შეიძლება. დამერწმუნეთ, ასე სიამოვნებასაც მეტს მიიღებთ და არც ის აუცილებლად სანახავი ადგილები გამოგრჩებათ. როგორც სათაურში ჩანს და თავიდან აღვნიშნე, ბარსელონამ თავი ულამაზესი სახლებით დამამახსოვრა, რომელიც განსხვავდებიან – ზოგი პარიზულ, ვიტრაჟებიან სახლებს მოგაგონებთ, ზოგიც კი ძველ გოთიკურ ეპოქაში გამოგზაურებთ, თუმცა იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს. საოცარი და დასაფასებელია მაცხოვრებლების დამოკიდებულებაც. პატარა აივნები ნაცვლად იმისა რომ პირველადი ფუნქციით გამოიყენონ ხელოვნების ნიმუშებად აქვთ ქცეული – ქოთნის ულამაზესი ყვავილებით, მცენარეებით, დროშებით და სხვა დეკორაციებით. ამასობაში ცნობილ და ტურისტებით გადატვირთულ ადგილებზეც მოხვდებით, რომელთაგან რამდენიმეს გაგიზიარებთ:

საგრადა-ფამილია – ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილი. კათოლიკური ბაზილიკა, რომლის მშენებლობაც მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ნუ იჩქარებთ რიგში ჩადგომას ბაზილიკაში შესასვლელი ბილეთის შესაძენად. აუცილებლად შემოუარეთ მას და ყველა კუთხიდან დააკვირდით საოცრად ნაფიქრს, იუველირული სიზუსტით შესრულებულ თითოეულ დეტალს, რომელიც ნაგებობას ასეთ შთამაგონებელს ხდის.

გუელის პარკი – ანტონიო გაუდის ქმნილება, უნიკალური ლანდშაფტის პარკი, რომელიც მთელ ქალაქს გადმოჰყურებს. აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი გამწვანება, გაუდის სახლ-მუზეუმი, რომელშიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ასევე ცნობილი, ფერადი მოზაიკით მოპირკეთებული მოედანი, რომელიც პარკამდე მისასვლელ დამღლელ აღმართს (თუ ფეხით მისვლას გადაწყვეტთ) ღირებულებას შესძენს და დაღლას დაგავიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ მთავარ პარკში შესვლა უფასოა, ხოლო მოზაიკებიან მოედანზე ფასიანი.

ლა ბოკერიას ბაზარი – რამბლას ბულვარზე გასეირნებისას, აუცილებლად შეიარეთ ადგილობრივ და ყველაზე ცნობილ ლა ბოკერიას ბაზარში, სადაც დაგხვდებათ ეგზოტიკური ხილის მრავალფეროვანი არჩევანი, ცივი წვენები, ყველის და ძეხვეულის არაერთი სახეობა, ესპანეთის სიამაყე – ხამონი, ზღვის პროდუქტები და სხვა მადისაღმძვრელი დელიკატესები.

ბარსელონეტას სანაპირო – სავარაუდოდ ზღვის სეზონზე ძალიან გადატვირთული და ხმაურიანი ადგილი, გაზაფხულის მიწურულს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება იყო. სუფთა და მოწესრიგებული ქვიშის სანაპირო, სიმშვიდე, გამჭვირვალე წყალი, მზის ჩასვლა, 1-2 გემრიელი ჯელატოს ბურთულა ან სანგრია და იდეალური საღამო გარანტირებულია.

მონჯუკის მთა – სწორედ ბარსელონეტას სანაპიროსთან ახლოს საბაგიროა, რომელიც პირდაპირ აგიყვანთ მთაზე, საიდანაც მთელ საზღვაო ზოლს და ქალაქის პეიზაჟს დაინახავთ. გარდა ამისა მთაზეა მეჩვიდმეტე საუკუნის სასახლე, ზღაპრული გამწვანებით და ბაღით, ასევე “ჯადოსნური” შადრევანი. უმჯობესია თუ მთას დღის მეორე ნახევარში ეწვევით და შადრევანის ფერად ინსტალაციებს ნახავთ.

თიბიდაბოს მთა – ეს მთა ქალაქის ერთგვარი გვირგვინია, რომელზეც აღმართულია წმინდა გულის ტაძარი. საოცარი, გოთიკური არქიტექტურის მქონე ბაზილიკის მშენებლობა მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო და 60 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თიბიდაბოს მთა ნამდვილად ის ადგილია, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულზე მოჩანს და შეიგრძნობ თავისუფლებას. გარდა სულიერი შთაგონებით ავსებისა, თიბიდაბოს მთაზე ადრენალინისგან დაცლაც შეგიძლიათ. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ატრაქციონები თქვენს დღეს დაუვიწყარს გახდის.

შოფინგი – ესპანეთის ხსენებაზე ერთ-ერთი პირველი რაც საყიდლებზე სიარულის მოყვარულებს ახსენდებათ ინდიტექსის მაღაზიების ქსელია, რომელიც ჩვენთვის ცნობილ ბრენდებს: მანგო, ზარა, სტრადივარიუსი და ა.შ. აერთიანებს. ბარსელონაში რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, ერთ-ერთი რომელშიც თავად გახლდით არის Glories – რომელიც ცენტრიდან ტრანსპორტით 5-10 წუთის სავალზე მდებარეობს და აერთიანებს როგორც ზემოთ ჩამოთვლილ, ასევე სხვა ესპანურ და საერთაშორისო ბრენდებს. (თუ განსხვავებული აქსესუარები გიყვართ აუცილებლად შეიარეთ Bimba y Lola ბუტიკში) გარდა სავაჭრო ცენტრებისა და მასობრივი წარმოების ბრენდებისა, რა თქმა უნდა ნახავთ მოდის სახლების სახელობით მაღაზიებს, რომელთა უმეტესობა გრასიას გამზირზე მდებარეობს. დიდი ბრენდების გასული სეზონების, ფასდაკლებული კოლექციები კი ბარსელონასთან ახლოს არსებულ აუთლეტში – La roca village დაგხვდებათ.