The Ordinary – Hyaluronic Acid 2% + B5 – ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, უზრუნველყოფს კანის ელასტიურობის, ტენიანობის და სიმკვრივის შენარჩუნებას. ჰიალურონს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი სინთეზი ეტაპობრივად მცირდება. კოსმეტიკურ და თავის მოვლის ბაზარზე დღეს თითქმის ყველა პროდუქტი შეიცავს ჰიალურონს, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტი მისი სუფთა სახით მიღებაა. რა ასაკიდან უნდა დავახმაროთ კანს ის? ამაზე კონკრეტული პასუხი მხოლოდ ერთია – ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ თქვენ სიმშრალისკენ მიდრეკილი 25+ კანი გაქვთ შეგიძლიათ დაფიქრდეთ რუტინაში მის ჩართვაზე, ან გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან/კოსმეტოლოგთან. პირადად, მისი გამოყენება დაახლოებით 3 თვის წინ დავიწყე. არჩევანი Ordinady – ს 2% – იან მჟავაზე გავაკეთე ამ ბრენდის ირგვლივ არსებული ბევრი პოზიტიური გამოხმაურების და შედეგის გამო. მისით ჩავანაცვლე ჩემი სტანდარტული შრატი, რომელსაც დამატენიანებლამდე, დღეში 2-ჯერ ვიყენებდი. რაც მთვარია, ეფექტურია – ნამდვილად ვგრძნობ კანის გამკვრივებას, ასევე ძალიან სასიამოვნო სტრუქტურისაა, რაც გამოყენებას კომფორტულს ხდის. ერთ-ერთი მთავარი პლუსი კი მისი ფასია, რომელიც გამომდინარე იქედან თუ სად შეიძენთ 10-12$ მერყეობს. (ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე, Sephora, Beauty Bay, Asos)

Isle of Paradise – Self tanning drops – მათთვის ვინც მზესთან ვერ მეგობრობს, სოლარიუმს დიდ ბოროტებად მიიჩნევს და სტანდარტულ ავტორუჯთან ურთიერთობა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება, ეს პროდუქტი აღმოჩენაა. ვინაიდან, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს თავად ვაკმაყოფილებ, დიდი ინტერესით გავეცანი ჩემთვის ახალ პროდუქტს და სასწრაფო წესით გამოვიწერე. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. არის თხევადი, წარმოდგენილია შუშის ბოთლში და დოზატორით. უნდა აირიოს სტანდარტულ სახის/ტანის კრემში (ხელზე გადმოიღეთ 1 წასმისთვის საკმარისი დოზა და იმას შეურიეთ) და წაისვათ იმავე მოძრაობებით, როგორც ჩვეულებრივ. რეკომენდებულია 3-5 წვეთის დამატება, თუმცა ეს თქვენს სურვილზე უფროა დამოკიდებული, თუ რამდენად ინტენსიურად გსურთ ფერის შეცვლა. პირველივე გამოყენების შემდეგ, დაახლოებით 1-2 საათში შედეგი თვალნათელია და რაც მთავარია, მდგრადი. წყლის წვეთის, თერმული წყლის ან მაკიაჟის ფიქსატორის მოხვედრა არ შლის და აჭრელებს. მოკლედ, ძლებს დაბანამდე. ამ ეტაპზე, არის 3 ფერის ღია, საშუალო და მუქი. მე ღია ფერზე გავაკეთე არჩევანი და საცდელად, სახის კრემს 4 წვეთი დავუმატე. შედეგებზე უკვე გესაუბრეთ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ღია ფერის, ცივი ქვედა ტონალობის კანის მფლობელები ფრთხილად იყავით დოზირებასთან. სტანდარტულზე 1 წვეთით ნაკლები დაუმატეთ, რადგან პროდუქტი მიდრეკილია ყვითელი პიგმენტისკენ.

Il salone – cream for revived hair – თმის ნიღაბი გასული თვის Beauty and the box – ში მივიღე. ეს ბრენდი ჩემთვის აქამდე უცნობი იყო და როგორც გავეცანი არის იტალიური, პროფესიონალური ხაზი, რომელიც მოსახერხებელია სახლში გამოყენებისთვის და სხვა სალონურ საშუალებებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ეს კონკრეტული ნიღაბი/კრემი განკუთვნილია ნორმალური, სიმშრალისკენ მიდრეკილი თმისთვის და ნორმალური ტიპის სკალპისთვის. თუმცა თავად სკალპზე არ ვიყენებ და მხოლოდ თმის შუიდან ბოლოებისკენ, შამპუნის მოშორების შემდეგ ვისვამ, 5 წუთით ვიჩერებ და წყლით ვიბან. შედეგი პირველივე გამოყენების შემდეგ დავინახე, თმა დაარბილა და მეტად ელასტიური გახადა. საკმაოდ სასიამოვნო, ნეიტრალური სურნელი აქვს და კონსისტენციიდან გამომდინარე, ეკონომიურია.

BioMed – White complex – ეს კბილის პასტა ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევიათ, რადგან ხელმისაწვდომია როგორც დიდ, ქსელურ მარკეტებში ასევე აფთიაქებში. გამოვცადე როგორც ქოქოსის, ასევე ნახშირის და ამ უკანასკნელმა სასიამოვნოდ გამაოცა. რა თქმა უნდა ის პროფესიონალურ დონეზე არ/ვერ ათეთრებს კბილებს, თუმცა კარგად წმენდს ემალს და არ მატებს მგრძნობელობას. რაც მნიშვნელოვანია, არის ძალიან ხელმისაწვდომი და ეკონომიური შეფუთვით. (პ.ს თუ მენთოლიანი, გამაგრილებელი თეთრი ტიპის კბილის პასტებს ანიჭებთ უპირატესობას, ეს უკანასკნელი არ გამოგადგებათ, რადგან არის სხვებზე სქელი კონსისტენციის, ნაცრისფერი მასა).

ColourPop – Volumizing Mascara – ქოლორფოფის კოსმეტიკაზე და კონკრეტულად ამ ტუშზე დამოუკიდებელი პოსტი ცოტა ხნის წინ დავწერე, სადაც პირველ შთაბეჭდილებებს გიზიარებდით, რომელიც არც ხანგრძლივ პერსპექტივაში შემცვლია. ძალიან მოსახერხებელი ტუში აქვს, რომელიც დამატებით მოცულობას მატებს წამწამებს და ზომიერად პრეხს მათ. რაც მთავარია, წითელი პიგმენტი საკმაოდ ინტენსიურია და ერთი ფენის წასმაც შედეგს იძლევა, რაც უზრუნველყოფს ბუნებრიობის შენარჩუნებას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბრენდის პროდუქტების შეფუთვა, რომელიც არ არის ლუქს დონის, თუმცა საკმაოდ ხალისიანი, ფერადი და გემოვნებიანია. კიდევ ერთხელ გავმეორდები და გეტყვით, რომ ColourPop ხელმისაწვდომ ბრენდებში ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი ხარისხით.

ELF – წამწამების და წარბების ფიქსატორი გელი – ელფის პროდუქტების ვრცელი მიმოხილვა ბლოგის არქივში შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება ამ პროდუქტს, ერთ-ერთი საუკეთესო გამჭვირვალე ფიქსატორია რაც მქონია, თან ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. ორმხრივია, ერთი წარბებისთვის, მეორე კი წამწამებისთვის. წარბებზე გამოიყენება მას შემდეგ რაც ფერიან ტუშს ან ფანქარს წაისვამთ ან უბრალოდ, მხოლოდ ფიქსაციისთვის. რაც შეეხება წამწამებს, გამოიყენება როგორც ტუშის ბაზა. უხილავი, მსუბუქი გელი წამწამებს სასურველ მდგომარეობას აძლევს, ამასთანავე ვიზუალურად ასქელებს მათ და მისი გამოყენების შემდეგ ტუში უფრო ეფექტურად ჯდება.

Real Techniques – Beauty Blender – მიუხედავად კოსმეტიკისადმი ინტერესისა, აქამდე მაკიაჟის ღრუბლებს ინტენსიურად არ ვიყენებდი და არც მათ შორის სხვაობაზე მქონდა დიდი ინფორმაცია. სრულიად შემთხვევით, რეალ ტექნიკსის ღრუბელზე ფასდაკლებას წავაწყდი და გადავწყვიტე მეცადა, რადგან ამ ბრენდის ფუნჯები, თავის საფასო სეგმენტში საუკეთესოა. არც შევმცდარვარ და პირველი გამოცდის დღიდან, ყოველ ჯერზე როდესაც ბბ/სს/ტონალურს ვისვამ აუცილებლად მისი გამოყენებით ვინაწილებ კანზე. ასე პროდუქტი ბუნებრივად ერწყმის კანს, არ ჯდება ფორებში/მიმიკურ ნაოჭებში და არ ჭრელდება. აუცილებელია გამოყენების წინ დასველება, ასევე ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხვა.

კონჯაკის ღრუბელი – სად ვიყავი აქამდე – ეს იყო პირველი რეაქცია, მისი პირველი გამოყენების შემდეგ. ვფიქრობ, რომ იდეალური გამოსავალია განსაკუთრებით მათთვის ვინც კანის მგრძნობელობის და ტიპის გამო ინტენსიურად ვერ იყენებს სახის სკრაბებს, სხვადასხვა აპარატებს და სურს სახლის პირობებში ღრმა წმენდა. ის თავიდან ქვასავით მყარია, თბილი წყლით უნდა დაარბილოთ, სახეზე ან მასზე დაიტანოთ თქვენი სტანდარტული გამწმენდი რძე/გელი/ზეთი და დაიმასაჟოთ, შემდეგ მისივე დახმარებით, ნაზი მოძრაობით ჩამოიბანოთ დარჩენილი პროდუქტი. ღრუბელი 100% ნატურალურია და უსაფრთხო სახის კანისთვის.