ღია ფეხსაცმელი – გვიანი 80-იანი, ადრეული 90-ების საკულტო მოდელები დაბალ, კომფორტულ ქუსლზე და მინიმალისტური დეტალებით ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. ფეხსაცმლის ეს მოდელი მომავალ სეზონებშიც გადაინაცვლებს, შესაბამისად შეგიძლიათ თამამად მიუჩინოთ ადგილი საბაზისო გარდერობში.

აქსესუარები მარგალიტებით – ლუქს სეგმენტის მოდის სახლებიდან დაწყებული, მასობრივი წარმოების ბრენდებით დასრულებული, მარგალიტებიანი აქსესუარები ყველა მათგანის წამყვანი ხაზია. ყელსაბამებზე, საყურეებზე, ბეჭდებზე, თმის სამაგრებზე…

ე.წ “kitten heels” – როდესაც კომფორტი და სილამაზე იდეალურ თანხვედრაშია. ასეთი ფეხსაცმელი უხდება ყველა სტილს – ჯინსებს, ორეულებს, საღამოს კაბებს და ა.შ. ზაფხულის სეზონისთვის, შეგიძლიათ აარჩიოთ ქუსლთან ღია მოდელები.

ე.წ “utility pants” – სამუშაო უნიფორმის მსგავსი შარვლები ძირითადად პასტელურ ფერებში გვხვდება. ჯიბეების და განიერი ტოტების დაბალანსება თხელი პერანგით და კლასიკური ფეხსაცმლით შეგიძლიათ, ან პირიქით, ბოლომდე გააგრძელეთ სტილი და მოირგეთ უხეშ ე.წ “ugly sneakers” და თავისუფალი სტილის მაისურებთან ერთად.

აქსესუარები ნიჟარებით – ისევე როგორც მარგალიტები, ნიჟარები აქსესუარებში ბევრგან გვხვდება და ის ნამდვილად არის/იქნება მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი. იდეალურია საზღვაო სეზონისთვის და თუნდაც საკმაოდ კლასიკური შემადგენლობის გასახალისებლად.

ველოსიპედისტის შორტები – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და წარმატებით ატაცებული ნივთია, რომელიც მოდის ყველა ბლოგერის და არა მხოლოდ, გარდერობში საპატიო ადგილზეა.

პითონი – ცხოველების პრინტები არც ამ სეზონზე კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით კი პითონი, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამოსში, ასევე აქსესუარებში. პ.ს გთხოვთ, ამ ტრენდის ათვისებისას, ცხოველები არ დააზარალოთ. <3

მიული – ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სტილი, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც ჩვენი პრიორიტეტებს კომფორტი, სილამაზე და მოდურობა თანაბრად წარმოადგენს. 


ნეონი – პარადოქსია, მაგრამ ნეონს ბევრი ცნობილი გამოცემა ანტი-ტრენდად მიიჩნევს, თუმცა იმავე წარმატებით, გამოცემების დანარჩენი ნაწილი მას მიმდინარე სეზონის ჰიტად თვლის. თუ თავადაც გადაწყვეტთ მისით გარდერობის გახალისებას, არჩევანი ლაიმისფერ მწვანე ნეონზე შეაჩერეთ.

ჩანთები – ასიმეტრიული, დაწნული, ბისერებით…არჩევანი საკმაოდ დიდია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს მთლიან გარდერობს მოარგოთ. დაწნული ჩანთები იდეალურია მოგზაურობისას, რადგან მსუბუქია როგორც სატარებლად, ასევე სამგზავრო ჩანთაში მოსათავსებლად. ბისერებით დამზადებული ჩანთები ამ სეზონის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა წარმატებით აქვს თავი დამკვიდრებული. განსაკუთრებით აქტუალურია, ასიმეტრიული ფორმის, შერეული მატერიით დამზადებული ჩანთები, ხის, რკინის და სხვა მასალის სახელურებით.

ე.წ “Tie dye” – ღრმა ბავშვობაში, ალბათ ყველას გვქონია ასეთი სტილის სულ მცირე მაისური მაინც. წელს ეს “მიმდინარეობა” სამოსის ყველა ტიპში და სტილში გვხვდება, როგორც კლასიკურ კაბებზე, ასევე ყოველდღიურ მაისურებსა და ჯინსებზე.

კოპლები – ჟანრის უკვდავი კლასიკა, რომელიც პატარა შავი კაბის შემდეგ ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე უნივერსალური გამოსავალია. შეგიძლიათ ითამაშოთ ფერებით, არ მოერიდოთ მის სხვა პრინტებთან შერევას.

აბრეშუმი – ერთ-ერთი მთავარი, რაც აბრეშუმის სამოსის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, თარგია. არ შეიძინოთ აბრეშუმის სამოსი ზომის მორგების გარეშე, რადგან აქ თითოეულ მილიმეტრს აქვს მნიშვნელობა. ასევე მოერიდეთ მაქმანებით გაწყობილ აბრეშუმის სამოსს, ეს როგორც წესი ვიზუალურად აუბრალოებს მთლიან ანსამბლს.

საფარი – ხაკისფერის და ბეჟის ყველა ელფერი, კონსტრუირებული მხრები და საყელოები, ჯიბეები – ეს საფარის სტილია, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი.