E.L.F პროდუქციის მიმოხილვის შემდეგ, გადავწყვიტე ასევე ხელმისაწვდომი ColourPop-ის კოსმეტიკა გამომეცადა, რომელსაც უცხოელი ბლოგერები აქტიურად უწევენ რეკომენდაციას.

ამჯერად ჩემი შეკვეთების კალათაში მათი წითელი ტუში, წარბების ფერიანი ფიქსატორი, ტუჩების პრაიმერი, თვალების ჩრდილი და ტუჩის გლოსი მოხვდა. ისინი უკვე გამოვცადე და გიზიარებთ შეფასებებს.

ტუჩების გლოსი So Juicy – ამ ხაზს აქვს როგორც შეფერილი ასევე გამჭვირვალე გლოსები, მე არჩევანი ამ უკანასკნელზე შევარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული ტუჩსაცხის კონსისტენცია ჩემთვის ყველაზე მისაღებია, რამდენიმე მბზინავი ტუჩსაცხი ჩემს არსენალში მაინც მოიძებნება. So Juicy მათ შორის ყველაზე კარგია თავისი მარტივი შეფუთვით, აპლიკატორით, ტექსტურით და სასიამოვნო სიგრილით, რომელიც ტუჩებზე წასმისთანავე იგრძნობა. მთავარი, რითიც აქამდე გამოყენებული გლოსებისგან გამოვარჩევდი ტექსტურაა. რა თქმა უნდა მსუბუქად წებოვანია, თუმცა არა შემაწუხებლად. სატარებლად მსუბუქია და ვიზუალურად, მოცულობას მატებს ტუჩებს.

წამწამების წითელი ტუში – ძალიან…ძალიან მომეწონა და ვფიქრობ სხვა ფერებიც გამოვწერო. აქვს მოსახერხებელი აპლიკატორი და საკმაოდ პიგმენტურია, კარგად პრეხს წამწამებს და რაც მთავარია, ძლებს მაკიაჟის მოშორებამდე.

წარბების ტუში – მუქი წაბლისფერი თმა და წარბები მაქვს შესაბამისად, არჩევანი ფერზე – Dark brown შევაჩერე, თუმცა არ გამიმართლა. შეფუთვა, ტექსტურა, აპლიკატორი ძალიან მოსახერხებელი აქვს, მიმდინარე პერიოდის ფავორიტ Benefit – საც შევადარებდი თუმცა ერთი შეხედვით მუქი ფერი, რიჟა ქვედა ტონისკენ წავიდა, რაც თეთრ და ცივი ქვედა ტონის კანზე საკმაოდ არაბუნებრივად ჩანს. თუ ხორბლისფერი კანი გაქვთ ან ყვითელი/ოქროსფერი ქვედა ტონი მაშინ თამამად გამოცადეთ, რადგან საკმაოდ პიგმენტურია, კარგად ავსებს და ბუნებრივადაც აფიქსირებს წარბებს.


ტუჩების პრაიმერი – მსგავსი პროდუქტი პირველად გამოვცადე. ის წარმოადგენს ტუჩსაცხის ერთგვარ ბაზას, რომელიც მსუბუქად ატენიანებს (არ ანაცვლებს დამატენიანებელ ბალზამს, შესაბამისად მომზადების ეს საფეხური არ გამოტოვოთ) და ათანაბრებს ტუჩების ზედაპირს, ამზადებს მას პროდუქტის მისაღებად და რაც მთავარია, ხელს უწყობს რეალური პიგმენტის გამოჩენას, ამასთანავე ახანგრძლივებს მდგრადობას. ვინაიდან აქამდე მსგავსი პრაიმერი არ მქონია გამიჭირდება სხვა ბრენდებთან შედარება, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ კარგად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს.

თვალების ჩრდილების პალიტრა Ooh La la – ამ პროდუქტის მხოლოდ სახლში ქონა და პერიოდულად ე.წ “სვოჩების” გაკეთებაც კი ძალიან სასიამოვნოა. აქვს ულამაზესი, ვარდისფერი ტონები და საკმაოდ ძლიერი პიგმენტი გლუვი, მეტალისებრი და ბუნებრივი ტექსტურებით. პალიტრაში არსებული ფერები როგორც ბუნებრივი და ნაზი, ასევე ინტენსიური საზაფხულო და ჭრელი თვალის მაკიაჟის გაკეთების საშუალებას იძლევა. დიდი რეკომენდაცია მას ჩემგან.