Yves Rocher ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრანგული, ბუნებრივ ინგრედიენტებზე მომუშავე ბრენდია, რომლის პროდუქტებზე აქამდეც გამიზიარებია საკუთარი გამოცდილება და შეფასება. ამ პოსტში მიმოვიხილავ მათ რამდენიმე ახალ, საიუბილეო პროდუქტს (წელს ბრენდი 60 წლის იუბილეს აღნიშნავს) და აქამდე უკვე კარგად გამოცდილ ფავორიტებს, რომლებიც ბრენდმა გამოსაცდელად გამომიგზავნა.

I Love my planet ხაზის შამპუნი – საუკეთესოა თავის საფასო სეგმენტში და არა მხოლოდ. საფუძვლიანად ასუფთავებს თავის კანს და თმის ძირებს. დიდ რეკომენდაციას ვუწევ მათთვის ვისაც ცხიმიანი სკალპის პრობლემა აქვს და თმის ყოველდღიურად დაბანა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ახალი ბრენდები და პროდუქტებიც გამოვცადო, ეს კონკრეტული შამპუნი ის ერთადერთია, რომელსაც უკვე 1 წელია ყოველთვის ვუბრუნდები. აქვს ნეიტრალური, სასიამოვნო სურნელი და მსუბუქი კონსისტენცია, რაც არ ამძიმებს თმას და მას დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სისუფთავეს. რაც მთავარია, არ შეიცავს პარაბენებს! ხელმისაწვდომია როგორც სრულ ასევე სამგზავრო შეფუთვაში.

I Love my planet შხაპის გელი – მიუხედავად იმისა, რომ ივ როშეს ტანის მოვლის საშუალებებით თინეიჯერობის ასაკიდან ვსარგებლობ, ეს კონკრეტული შხაპის გელი ჩემთვის სიახლეა და განსხვავებულია თავისი კონცენტრაციით, რაც პირველ რიგში გულისხმობს მის ეკონომიურობას. ძლიერი კონცენტრაციის წყალობით, ამ პროდუქტის 100 მლ (სამოგზაურო ზომა) სრულ ზომას უტოლდება (400მლ), ეს განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრობისას. ფორმულა იმდენად გაჯერებულია, რომ არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ საკმაოდ ატენიანებს კანს. კიდევ ერთი დეტალი რაც მინდა აღვნიშნო სურნელია. ზოგადად, ვერიდები ტკბილი ინგრედიენტების შემცველობის პროდუქტებს, რადგან მათი სურნელი ძალიან ინტენსიურია და არ მსიამოვნებს. ამ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა რომ გელი ვანილის არომატით არის, სიტკბო საკმაოდ დაბალანსებული და სასიამოვნოა.

პარფიუმირებული სპრეი თმისთვის და სხეულისთვის – გავაგრძელებ ვანილის და სიახლეების თემას. სხვა რამდენიმესთან ერთად, ტანის/თმის სპრეები ჩემი სუსტი წერტილია. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის პროდუქტების რეგულარულად გამოყენება, თმას და კანს განსაკუთრებულ სურნელს ანიჭებს, მაშინაც კი როდესაც სუნამო არ მასხია და არც სპრეი მაქვს ახალი გამოყენებული (შესაბამისად, იგივეს გირჩევთ თქვენც). ამ კონკრეტულ სპრეის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის იდეალური სურნელი აქვს. რაც მთავარია, არ ამძიმებს (აცხიმიანებს) თმას და კანს. რაც შეეხება გამოყენების წესებს მაქსიმალურად ინტენსიური ეფექტისთვის, დატენიანებისა და ბზინვარებისთვის, მიიპკურეთ ტანზე აბაზანიდან ახალ გამოსულზე და ნამიან თმაზე (თმის შუიდან ბოლოებზე).

ხელის კრემი საიუბილეო ხაზიდან – ივ როშეს ხელის კრემები მაქვს ყველგან – სამსახურში, საძინებელში, მისაღებ ოთახში და ა.შ. განსაკუთრებული შესავლის გარეშე ვიტყვი, რომ უდავო ფავორიტია, რადგან აქვს მისაღები ფასი, დიდი მოცულობა, სურნელების არჩევანი და ა.შ. მთავარი, რაც ჩემთვის ამ კონკრეტულ არნიკას შემცველობის საიუბილეო ხაზის ხელის კრემს გამოარჩევს მისი კონსისტენციაა. აქამდე საახალწლო, ლიმიტირებული კოლექციის კრემები მქონდა, რომლებიც უფრო სქელია და სურნელიც ინტენსიური აქვთ. ეს კი ოდნავ უფრო თხელია, უფრო მალე შეიწოვება და სურნელიც ნეიტრალური – გაზაფხულური აქვს, რაც არ აისახება დატენიანების ხარისხზე და იმავე წარმატებით ართმევს თავს, როგორც მისი წინამორბედები.

Hydra vegetal სახის დასაბანი გელი – დემაკიაჟის და კანის გასუფთავების რუტინის მთავარი საფეხური მისი გელით/ზეთით დაბანაა. განსხვავება მათ შორის შემცველობებშია. მარტივად, გელი წყლის ბაზაზეა დამზადებული, ზეთი შესაბამისად ზეთების. თავად ზეთოვან პროდუქტებს შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ვიყენებ, გელისებურ საშუალებებს კი გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში, რადგან სეზონების ცვლილებებს კანის მოთხოვნილებების ცვლილებებიც მოჰყვება. თუ აქამდე მას მეტად გამოკვება სჭირდებოდა, დათბობასთან ერთად, მეტ დატენიანებას მოითხოვს. Hydra vegetal ჩემთვის სიახლეა. რამდენიმე გამოცდის შემდეგ შემიძლია გაგიზიაროთ – კონსისტენცია ძალიან სასიამოვნოა, მგონია რომ გასუფთავებასთან ერთად კანის გაღიზიანებას, მგრძნობიარეობასაც აცხრობს. სურნელი აბსოლუტურად ნეიტრალური აქვს და ძალიან ცოტა პროდუქტია საჭირო სახის სრულფასოვნად დასაბანად.

სახის ნიღბები ბრწყინვალებისთვის, სიგლუვისთვის, დატენიანებისთვის – პროდუქტი პირველად რამდენიმე თვის წინ გამოვცადე მოგზაურობისას. სასიამოვნო სიახლე იყო მათი თბილისის ბრენდ მაღაზიებში აღმოჩენა. ეს პატარა, ფერადი ტუბები კარგი მეგობრები არიან როდესაც ეფექტის მიღება სწრაფად მინდა. მწვანე შეფუთვა განკუთვნილია ცხიმიანი კანის ტიპისთვის ან იმ კონკრეტული ზონებისთვის სადაც ცხიმიანობა და ფორების პრობლემაა, მისი აქტიური ინგრედიენტი თიხაა. ვარდისფერი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი, მისი მთავარი სურნელოვანი ინგრედიენტი ქაცვია, რომელიც უზრუნველყოფს კანის გასხივოსნებას. რაც შეეხება ნიღაბს ცისფერ შეფუთვაში, ჩემი უპირობო ფავორიტია მისი ეფექტის და რაც მთავარია საოცარი სურნელის გამო. შეიცავს აგავას, რაც ღრმად და მთელი დღის მანძილზე ატენიანებს კანს. ნიღბების გამოყენება შესაძლებელია კვირაში ორჯერ, კანზე ვიჩერებთ 5-10 წუთით და შემდეგ ბამბის დისკოთი ვიშორებთ.

Zero Defaut ტონალური კრემი – როგორც არაერთხელ აღმინიშნავს ჩემთვის პრიორიტეტი კანის მოვლაზე ზრუნვა და მინიმალური დეკორატიული პროდუქტის გამოყენებაა, რაც ძირითადად BB კრემების გამოცდით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, იდეალური BB, რომელიც ყველა ჩემს მოთხოვნას დააკმაყოფილებს ვერ ვიპოვნე, რადგან სიმსუბუქესთან ერთად, ჩემთვის აუცილებელი პირობა კარგი დაფარავაა, რაც გულისხმობს ერთგვაროვან ფერს და მგრძნობიარეობისგან გამოწვეული სიწითლეების შენიღბვას კანის დამძიმების და დაზიანების გარეშე. ივ როშეს ტონალური მიუხედავად იმისა რომ საშუალო-სრული დაფარვისაა საკმაოდ მსუბუქია და აქვს ფერების დიდი არჩევანი, ბუნებრივად ერგება კანს, თუმცა ფარავს ნაკლოვანებებს. რაც ჩემთვის მთავარია აქვს ე.წ “Satin” შედეგი, რაც კანს არც ზედმეტად გლუვს და არც ბზინვარეს ხდის. ვაპირებ კვლავ გამოვიყენო, გამოვცადო ხანგრძლივ მოხმარებაში. შედეგს აუცილებლად გაგიზიარებთ.