E.L.F ამერიკული ბრენდია, რომელიც 15 წელია აწარმოებს მაკიაჟის და სახის მოვლის საშუალებებს და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით. მისი რამდენიმე ნაწარმი – ფუნჯების ნაკრები და HD პუდრი უკვე მიმოვიხილე. ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომლებიც ოფიციალური ვებგვერდიდან გამოვიწერე და გამოვცადე.

წამწამების ტუში Keep your curl (შავი) – ერთ-ერთი ფავორიტია. აქვს მოსახერხებელი, სილიკონის აპლიკატორი, იღებს საჭირო რაოდენობის პროდუქტს და ნამდვილად მუშაობს წამწამების აპრეხაზე.

სიწითლის საწინააღმდეგო ექსპრეს ნიღაბი – აქვს ნეიტრალური სურნელი, შეიცავს ალოეს და კიტრს (ეს ინგრედიენტები ზოგადად ამშვიდებს კანს), წასმისას სასიამოვნოა, რადგან გელისებური სტრუქტურა აქვს. ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით ცუდია ან კარგი. სრულად არ აქრობს სიწითლეს, უბრალოდ კარგად ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. ისეთი ეფექტი აქვს როგორც ნაჭრის დამატენიანებელ/დამამშვიდებელ ნიღბებს. ასეთ შემთხვევაში, მოხმარების კომფორტული ფორმით მე პირადად ნაჭრის ნიღბები მირჩევნია.

BB კრემი (ფერი Fair) – საკმაოდ თხელი და სასიამოვნო სტრუქტურა აქვს, კარგად ნაწილდება კანზე, თუმცა დაფარვა საშუალო, შედარებით სუსტია. ფერი – Fair მოგეწონებათ მათ ვისაც თეთრი, ვარდისფერი ქვედა ტონის კანი გაქვთ. ეს არ არის BB რომელსაც მე ვეძებ და ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა რეკომენდაციას ვუწევ მათთვის ვისაც უბრალოდ ერთ ტონალობაში უნდა კანის მოყვანა და ჯანსაღი იერის მიღება.

წარბების ტუში wow brow (ფერი Brunette) – დაახლოებით ისეთივე შეფასებას იმსახურებს, როგორც ექსპრეს ნიღაბი. არ არის ცუდი, თუმცა ტუშს რომელსაც აქამდე ვიყენებდი (Benefit) ვერ უტოლდება. ვერ მოვიხიბლე თავად აპლიკატორის ფორმით და ფუნჯების სიხშირით, გამოყენებისას არც ისე კომფორტულია. რაც შეეხება დაფერვას, საკმაოდ პიგმენტურია, თუმცა ფერების მცირე არჩევანი აქვს. ჩემთვის იდეალური ნახევარი ტონით ღია ფერი იქნებოდა.

ცვილი წარბების ფიქსაციისთვის – საინტერესო პროდუქტია, აქამდე მსგავსი არ მქონია. ნამდვილად კარგად ართმევს თავს საქმეს, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი. წასმისთანავე აფიქსირებს წარბებს და შემდგომში რაიმე კორექტირების შეტანა არც ისე მარტივია. ვფიქრობ, რომ იდეალურია მათთვის ვისაც სქელი, დაუმორჩილებელი წარბები აქვთ. ძალიან ცოტა პროდუქტია საჭირო, შესაბამისად დიდი ხნით გეყოფათ.

წამწამების და წარბების გამჭვირვალე ტუში – იმ დაბალბიუჯეტური მსგავსი პროდუქტებიდან რომლებიც აქამდე მქონია საუკეთესოა. არც ძალიან თხევადია, არც წებოვანი. კარგად აფიქსირებს წარბებს, არ ტოვებს ნადებს. ერთადერთი რა ცვლილებასაც შევიტანდი აპლიკატორის ზომაა, რომელიც წამწამებისთვის იდეალურია, თუმცა წარბებისთვის დიდი, რაც წასმისას მეტ ყურადღებას მოითხოვს.

ფერის დასაბალანსებელი პრაიმერი (მწვანე) – როგორც იცით, მწვანე კორექტორი/ბაზა სახეზე არსებულ სიწითლეს/გაღიზიანებას ფარავს. ამ ეტაპზე, საამისოდ უკვე მაქვს ფავორიტი პროდუქტი DR Jart color correcting treatment – ის სახით, თუმცა გადავწყვიტე ესეც გამომეცადა, რადგან 5 – ჯერ იაფი ღირს. ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა დაბალი ფასი = დაბალ ხარისხს. ფერის კორექციას საერთოდ არ აკეთებს და ბაზადაც არ მომეწონა, კანი დაამძიმა და ერთგვარი ნიღბის ეფექტი შემიქმნა.

ბლაში (ფერი Pinktastic) – ყუთის გახსნისას ფერმა ძალიან მომხიბლა, პირველი გამოყენების შემდეგ გვერდზე გადავდე, თუმცა ისევ მივუბრუნდი. საბოლოო ვერდიქტი ასეთია – ეს არ არის “ბლაში”, რადგან კანზე მხოლოდ მსუბუქი, ბუნებრივი მოოქროსფრო ნაწილაკები ჩანს, თუმცა შეიძლება მისი ჰაილაითერად/ბრონზერად გამოყენება. პიგმენტის სისუსტის გამო, ფუნჯს ნაკლებად გამოიყენებთ და მხოლოდ თითებით შეძლებთ სახეზე გადატანას. 

ტუჩსაცხი Beautifully bare (ფერი touch of nude) – ამ შემთხვევაში, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. საკმაოდ კარგი ხარისხი აქვს, რაც მთავარია ჩემი საყვარელი “satin” ეფექტი. ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად მდგრადია, თუმცა ადვილად ნაწილდება ტუჩებზე და არ აშრობს მათ.

თვალის თხევადი, გლუვი ეფექტის ჩრდილი (ფერი Nude Linen) – არ მომეწონა. ეს არ არის ჩრდილი და ამისთვის საკმარისია, მაგალითად ამავე საფასო სეგმენტში NYX – ს შევადაროთ. არც გლუვი ეფექტისაა, რამაც საშუალება მომცა ალტერნატიული ფუნქციით გამომეყენებინა, როგორც თვალის მაკიაჟის ბაზა. ასე ნამდვილად უკეთესი ეფექტი მივიღე.