იტალია…მოდის, კულინარიის, ოპერის, უძველესი არქიტექტურული ძეგლების, ღვინის და ტემპერამენტის ქვეყანა. თქვენ რა გახსენდებათ იტალიაზე?

რასთანაც არ უნდა ასოცირდებოდეს ტურისტისა თუ ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის იტალია, ფაქტია რომ ის განსხვავდება ევროპის დანარჩენი ქვეყნებისგან, მის ყველა კუთხეს კი განსხვავებული არომატი და აურა აქვს.

უკვე შეიგრძენით ნამდვილი ესპრესოს და ნეაპოლიტანური პიცის სურნელი? მაშინ დროა თქვენი იტალიური არდადეგები დაგეგმოთ.

სასიამოვნო ინფორმაცია! მარტიდან, ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი იტალიაში, კერძოდ კი ბოლონიის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყბს. ასე რომ იტალია იმაზე კიდევ უფრო ახლოსაა, ვიდრე აქამდე ყოფილა.

კარგად გადახედეთ თქვენ განრიგს, დაგეგმეთ შვებულება და დაჯავშნეთ/შეიძინეთ ბილეთები წინასწარ. ამით თქვენ დაზოგავთ თანხას და თავიდან აირიდებთ გადატვირთულ სეზონზე უბილეთოდ დარჩენის ალბათობას.

მთელი იტალიის ერთ პოსტში მიმოხილვა შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყნის თითოეული მხარე, სოფელი თუ ქალაქი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამოუკიდებელ ისტორიას მოგვითხრობს. დღეს ბოლონიაში, ფლორენციასა და ვენეციაში ვიმოგზაურებთ…

ბოლონია

ბოლონია ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობს. ის გამორჩეულია თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობითა და მნიშვნელობით. ბოლონიის უნივერსიტეტი, ევროპაში არსებულ უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი სასაწავლებელია. ბოლონია არქიტექტურული ღირსებების გარდა სხვა ქალაქებთან სიახლოვით გამოირჩევა. ბოლონიიდან მილანსა და ფლორენციაში 50 წუთში, ვენეციაში 40 წუთში, ხოლო რომში საათსა და 30 წუთში ჩახვალთ საქალაქთაშორისო მატარებლით.

საცხოვრებლად ბინას აირჩევთ თუ სასტუმროს ეს თქვენს გემოვნებასა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია რომ იტალიის სხვა ქალაქებთან შედარებით, ბოლონიაში ბინები და სასტუმროები გაცილებით ნაკლები ფასი ღირს. ბინას 2 საძინებლით, 1 დღე-ღამეში 30-70$ იქირავებთ, სასტუმროს ნომრების ფასები კი საშუალოდ 50-100$ – ია. შესაბამისად, საცხოვრებელ ქალაქად მისი არჩევა და შემდეგ, მიმდებარე ქალაქებში ნავიგაცია უფრო მომგებიანია.

ბინებისთვის Airbnb – ს მიმართეთ, ხოლო სასტუმროს დასაჯავშნათ შეგიძლიათ booking.comგამოიყენოთ.

ბოლონიაში ყოფნისას, აუცილებლად ეწვიეთ პიაცა მაჯორეს განთიადის ან მზის ჩასვლისას და დატკბით ქალაქის ულამაზესი ჩრდილებით. ისიამოვნეთ quadrilatero – ს ქუჩებში სეირნობით, რომელიც უძველეს ბაზარს წარმოადგენს. აქ შეხვდებით ადგილობრივ დელიკატესებს და შეიძენთ ინგრედიენტებს, რომლებიც საკუთარ ქალაქში დაბრუნებულებს ბოლონიიის გემოს გაგახსენებთ. ბოლონიას ადგილობრივების მომზადებული ტალიატელეს და ტორტელინის ნუ დატოვებთ, ხოლო მიღებული კალორიების დასაწვავად ეწვიეთ San Luca – ს, საიდანაც გადაშლილი ხედი, ნამდვილად ღირს გავლილ გზად.

Torre Asinelli – ს კოშკის სტუმრობა საბოლოო დარტყმა იქნება, ტალიატელესგან მიღებული კალორიებისთვის. თქვენ კი ულამაზესი ხედით დატკბებით.

მოდის მოყვარულებო, აქეთ Galleria Cavour თქვენთვისაა, სავსე ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების მაღაზიებით. ისტორიის მოყვარულებს კი ბოლონიის ისტორიის მუზეუმი გელით, რომელიც ქალაქზე ყველაფერს გიამბობთ.

დატვირთული დღის ბოლოს, რომელიმე ბარს ეწვიეთ და იტალიელების საყვარელი, მსუბუქად ალკოჰოლური Spirtz-ით გაგრილდით.

ვენეცია

რა ასოციაციები გიჩნდებათ ვენეციის გაგონებისას? წყალზე მსუბუქი რხევით მოძრავი გონდოლები, კარნავალი და ულამაზესი, ვენეციური შუშა… ქალაქი დღესასწაული, რომლის უნახავად იტალიის დატოვება ნამდვილი დანაშაულია. ერთმანეთისგან მცირე არხებით გამოყოფილი და ხიდებით დაკავშირებული 118 კუნძული გელით!

რა უნდა ნახოთ ვენეციაში? – ყველაფერი. უბრალოდ იარეთ, გადაადგილდით გონდოლით, დატკბით თითოეული დეტალით და ღირსშესანიშნავი ადგილით. პარიზის შემდეგ, შეყვარებული ადამიანებისთვის ვენეცია ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიყვანეთ: წმინდა მარკოზის ბაზილიკა, რიალტოს ხიდი, სან მარკოს პიაცა და კოშკი და რა თქმა უნდა ულამაზესი ხიდები და არხები. სამახსოვროდ, აუცილებლად შეიძინეთ ვენეციური შუშისგან დამზადებული აქსესუარი, რომელიც შესაძლოა პირდაპირ თქვენ თვალწინ გამოადნონ.

თუ გაგიმართლათ და ვენეციაში კარნავალის მიმდინარეობისას მოხვდებით, მაშინ ნამდვილ ზღაპარში აღმოჩნდებით, თუმცა კოსტიუმირებულ გამოსვლებსა და მსახიობებს ქალაქი არც სხვა დღეებშია მოკლებული.

ფლორენცია

დღეისათვის ბოლო გაჩერება – ფლორენცია, რომელიც შუა საუკუნეებში ვაჭრობის ცენტრი იყო, შესაბამისად ერთ-ერთ პირველს შეეხო განვითარებისა და აღორძინების ეპოქა, რაც დღემდე შემონახულ არქიტექტურულ ძეგლებს თვალნათლივ ეტყობა. ფლორენცია კულტურითა და ხელოვნებით სავსე ქალაქია, რომლის ქუჩებში სეირნობა არასდროს მოგბეზრდებათ. ისტორიული ცენტრის ქუჩები საფეხმავლოა, რაც თქვენ გადაადგილებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს აქცევს.

აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიყვანეთ სანტა მარია დე ფლორის საკათედრო ტაძარი, რომელიც დამამუნჯებლად შთამბეჭდავი და ლამაზია.

Palazzo Vecchio – ქალაქის სიმბოლო და ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა, სადაც ამჟამად ბიბლიოთეკაა განთავსებული.

ეწვიეთ პონტე ვეკიოს ხიდს. ეს სამთაღიანი ხიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ტურისტული დანიშნულების ადგილს წარმოადგენს, სადაც ამჟამად ცნობილი ბრენდების მაღაზიებია განთავსებული. მოდისა და ნატურალური ტყავის მოყვარულები, ფლორენციაში ადგილობრივი წარმოების ულამაზეს და მაღალი ხარისხის აქსესუარების შეძენას შეძლებთ.

Ciao amico, მომავალ იტალიურ არდადეგებამდე!