პარიზში რამდენიმე წლის წინ ვიყავი, თუმცა სასიამოვნო მოგონებები არათუ მინელდება, არამედ პირიქით, ყოველდღიურად მახსენებს თავს. ცნობილმა, ამერიკელმა მწერალმა, გერტრუდ სტაინმა თქვა: ამერიკა ჩემი ქვეყანაა, პარიზი კი ჩემი მშობლიური ქალაქი. მართლაც, მიუხედავად იმისა რომ წინ არაერთი ქვეყნის პირველად ხილვის ბედნიერება მაქვს, დარწმუნებული ვარ რომ არსად ისე კომფორტულად და “სახლში” არ ვიგრძნობ თავს როგორც პარიზში.

რამდენიმე დღის წინ ჩემთვის სასიამოვნო სიახლე გავიგე. გაზაფხულიდან პარიზი უფრო ახლოს იქნება, ვიდრე აქამდე, რადგან Georgian Airways ამ მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს იწყებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი პირველი რეისის მგზავრები მე და ჩემი მეუღლე ვიქნებით. მე მშობლიურ ქალაქში დავბრუნდები, მას კი წინ პირველად ხილვის ბედნიერება და მისი შეყვარება ელის. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.

მანამ სანამ ამ ჯადოსნურ ქალაქს კიდევ ერთხელ და არაერთხელ ვეწვევით, წარსული გამოცდილების შესახებ მოგიყვებით.

საცხოვრებელი:
პარიზში ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი. ვარჩიეთ ბინა Airbnb – ზე გვექირავებინა. დიდი, ნათელი ბინა, ეიფელის კოშკიდან ფეხით 10-15 წუთის სავალზე, წყნარ, განვითარებულ სამეზობლოში. იგივე პირობებით სასტუმროში დაბინავება საცხოვრებლის ხარჯებს მინიმუმ 3- ჯერ გაზრდიდა.

საცხოვრებლის შერჩევას, ისევე როგორც სხვა ქალაქებში და განსაკუთრებით პარიზში ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. აუცილებელია სამეზობლოს, რაიონის შესწავლა და გადაწყვეტილების ამის შემდეგ მიღება.

ტრანსპორტი:
ჩემი გამოცდილებით, პარიზში გადაადგილების მთავარი საშუალება მეტროა. სამწუხაროა, რომ ამ მშვენიერი, გამორჩეული სილამაზის ქალაქში დღის გარკვეული ნაწილის მიწისქვეშ გატარება გიწევს, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია. მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველა წერტილში ფეხით ვერ მიხვალ, ტაქსით მგზავრობა კი ძვირია.

გარემო:
მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ევროპის ერთგვარი გული, ერთი შეხედვით, ესთეტიკის ზეიმისა და ჰარმონიის ქალაქია, აუცილებლად! გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ზომები. ტურისტული თავშეყრის ადგილებში შეგხვდებიან ჯიბის ქურდები, მოპარული საქონლით მოვაჭრეები და სხვა.

ქალაქი რაიონებად იყოფა, შესაბამისად მისი მიწისქვეშა ნაწილი – მეტრო. აქაც ყურადღებით! განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში და მარტო გადაადგილებისას.

კვება:
პარიზული კვების გახსენებისას, პირველად თბილი, შოკოლადის კრუასანის სურნელი მომდის თავში. აქ ყველა ქუჩაზე ნახავთ ბულანჟერიას, რომლებშიც ცხელ-ცხელი, არომატული ფუნთუშებისა და სხვა ტკბილეულის სურნელი თავად შეგიტყუებთ.
არსებობს ცნობილი, პრესტიჟული საცხობები, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ქალაქში თითქმის ყველგან იციან ტკბილეულის მომზადება.

პარიზი, ერთგვარი სამოთხეა ყველის მოყვარულთათვისაც. პატარა კიოსკებში თქვენთვის სასურველი, სხვადასხვა სახეობის ყველის შერჩევა და თბილ ბაგეტთან ერთად სახლში გაყოლება შეგიძლიათ.

ერთ-ერთი ცნობილი კაფე, უფრო სწორად კი სამოთხე დედამიწაზე არის Laduree, სადაც უგემრიელესი მაკაღუნებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ტკბილეულის მირთმევამ ისე გამიტაცა, ტრადიციული, ფრანგული კერძები არ გამისინჯავს, შესაბამისად გამიჭირდება რეკომენდაცია გავუწიო რომელიმე რესტორანს.

რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს:

ლუქსემბურგის ბაღი – ადგილი, სადაც მთელი დღის გატარება შეგიძლიათ. აქ შეგიძლიათ წახვიდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან საკითხავ წიგნთან ერთად. ყველა შემთხვევაში მიაგნებთ თქვენთვის სასურველ და კომფორტულ კუთხეს. ბაღი უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს, სავსეა მოსასვენებელი სკამებითა და სხვადასხვა აქტივობებით.

ტრიუმფალური თაღი – აუცილებლად ეწვიეთ თაღს. ეს ის შემთხვევაა, როცა დაუსრულებელი, ვიწრო კიბეების ავლა, შედეგად ღირს. მისი სახურავიდან ჩანს პროპორციული ზომისა და სეზონურად შეფერადებული მცენარეებით სავსე ქუჩის სვეტები.

Sacré-coeur – წმინდა გულის ტაძარი და მისკენ მიმავალი კიბეები, ერთ, დამოუკიდებელ ქალაქში სტუმრობასა და მისგან გამოწვეულ ემოციებს უდრის. თავად ტაძარი უზარმაზარი და შთამბეჭდავია, მისი ეზოდან გადაშლილი ხედი კი დაუვიწყარი.

მონმარტი – წმინდა გულის ტაძრის მიმდებარედ, ლეგენდარული მონმარტია. პატარა ქუჩები, რომლებშიც დაუსრულებლად შეიძლება სეირნობა. სავსე ღია კაფეებით, სუვენირების მაღაზიებით, ქუჩის მხატვრებითა და მუსიკოსებით.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრობისას, ტაძარში სტუმრობა აუცილებელი აქტივობების სიაში შედის. გაგიმართლებთ თუ აქ მზიან დღეს მოხვდებით, რადგან ამ დროს, ფერადი, ულამაზესი ვიტრაჟები ზღაპრულად ანათებენ.

Saint-Sulpice Church – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ამ ტაძარმა. ჩვეულებრივ, პარიზულ ქუჩაზე, ყოველგვარი შესავლის გარეშე თქვენ წინ ეს გრანდიოზული ნაგებობა წარმოგიდგებათ. ულამაზესი ექსტერიერითა და ინტერიერით. ტაძარში არსებული ორღანი და მისი ჟღერადობა კი უსიტყვოდ დაგტოვებთ.

დისნეილენდი – გამიჭირდება იმ ემოციების გადმოცემა, რომელიც პარიზის დისნეილენდში სტუმრობისას მქონდა და მაქვს მისი ყოველი გახსენებისას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის ადგილი, რომელიც არ ცნობს ასაკს. გარდა შთამბეჭდავი და ექსტრემალური ატრაქციონებისა, რომელიც წარმოუდგენელ სიამოვნებასა და ადრენალინს მოგანიჭებთ, ზოგადი, პრინცესული და დისნეის სამყარო დიდხანს გაგყვებათ თან.

გაითვალისწინეთ რომ პარიზის დისნეილენდი შედგება 2 ლოკაციისგან, ერთია დისნეის სტუდიო, მეორე კი ცენტრალური პარკი. აქედან გამომდინარე, მის სრულად ასათვისებლად 2, უკეთესია 3 დღე გამოყოთ, რადგან გარდა დიდი მასშტაბებისა, აქ ყველგან რიგი დაგხვდებათ. ორივე ლოკაცია სავსეა ყველა ასაკის შესაფერისი ატრაქციონებით, კვების ობიექტებითა და სხვა საჭიროების დაწესებულებებით.

პ.ს კეთილი რჩევა – თავი შეიკავეთ სუვენირების მაღაზიებში შესვლისგან და თუ მაინც შეხვალთ, მაშინ თავი ხელში აიყვანეთ და კარგად დაფიქრდით, სანამ მოგზაურობისთვის განკუთვნილ მთელ თანხას დისნეის აქსესუარებში დახარჯავთ.

რაც შეეხება ეიფელის კოშკს, ის პარიზის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს. მისი აღქმა და შეფასება სუბიექტურია. მე არ მომეწონა “მაღალი”.

ამინდი:
პარიზში ვიზიტისთვის საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხულია. თუმცა ვერც ამ დროს ასცდებით დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვლილ ამინდს. ასე რომ ბარგში აუცილებლად მოუძებნეთ ადგილი, როგორც ზაფხულის ფეხსაცმელს, ასევე საწვიმარ ლაბადას.

პარიზზე წერა ალბათ დაუსრულებლად შემიძლია, ჩემ მიერ გავლილი თითოეული ქუჩის გახსენება და სიხარულით გაზიარება. წარმოუდგენელი მოლოდინით ველი იმ დღეს, როდესაც ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად ვეწვევი, ჩემ საყვარელ ქალაქს.