მოდაშია ის რაც გვიხდება – ეს ფრაზა თეორიულად ყველამ ვიცით, თუმცა ხშირად, ტენდენციების გავლენის გამო, ჩვენ პროპორციებს ვივიწყებთ, მოდას ბრმად ვყვებით და საბოლოოდ, ეფექტური შედეგის მაგივრად, საერთო სტილიდან ამოვარდნილ ვიზუალს ვიღებთ.

წარმოგიდგენთ 9 ტრენდს, რომელთა მორგებამდეც, კარგად უნდა დაფიქრდეთ:

გრძელი ზედატანი, ე.წ ტუნიკა – ეს ყველაზე სახიფათო სიგრძეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტილის, ნაქსოვი სამოსი აქტუალურია, ის ვიზუალურად ამოკლებს სხეულს და არ კვეთს ფორმებს.

ფეხსაცმელი მკაფიოდ მრგვალი ცხვირით – ასეთი ჭრილის ფეხსაცმელი თქვენს ფეხებს ამოკლებს და მოცულობასას მატებს. უმჯობესი იქნება თუ აარჩევთ შედარებით წვეტიან ან ნუშის ფორმის ჭრილს.

ერთმანეთზე შემოხვეული უფორმო მოსაცმელი და ქურთუკი – ტენდენციებზე ბრმად აყოლამ, ჰარი პოტერის კეთილ, მაგრამ არც ისე გემოვნებიან გმირ-ჰაგრიდს შეიძლება დაგამსგავსოთ. შეიძლება თქვათ, რომ ასეთი სამოსი კომფორტულია და ამაზე დავა გამართლებულია, თუმცა მას საერთო არაფერი აქვს თქვენი სილამაზის, ფორმების და სტილის წარმოჩენასთან.

დიდი ჩანთები – სასაცილოდ გამოიყურება ადამიანი, რომელიც თავის ტანზე დიდ ჩანთას ყოველდღიურად იყენებს. აარჩიეთ თქვენი სხეულის პროპორციული ზომის ჩანთა.

განიერი, ატლასის/აბრეშუმის შარვლები – ასეთი სტილის შარვლის მორგება საფრთხილოა, რადგან მატერიიდან გამომდინარე, შეიძლება არამომგებიანად გამოკვეთოს პრობლემური ზონები. განიერმა დაბოლოვებამ კი დაამოკლოს სხეული.

ჰორიზონტალური ზოლები – თითქმის ყველა ადამიანის გარდერობში მოიძებნება ზედატანი ჰორიზონტალური ზოლებით. ის ყველა სტილის ჩაცმულობას უხდება და ერთ-ერთი საუკეთესო, საბაზისო ნივთია, თუმცა ვიზუალურად მოცულობაში ზრდის სხეულს. თუ ზოლები თქვენი საყვარელი პრინტია, აირჩიეთ ვერტიკალური ხაზები, რომელიც არათუ უარყოფითად წარმოაჩენს სხეულს, არამედ პირიქით, ვიზუალურად დააგრძელებს მას.

ფეხსაცმელი მუხლს ქვემოთ – ფეხსაცმლის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მისი ყელის სიგრძეს. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ფეხების ვიზუალურად დამოკლება, აარჩიეთ კოჭს ქვემოთ, კოჭს ოდნავ ზემოთ, მუხლზე ან მუხლს ზემოთ გადაჭრილი ფეხსაცმელი. მაქსიმალურად მოერიდეთ მუხლს ქვემოთ დასრულებულ სიგრძეს.

ფეხსაცმელი კოჭზე ბალთით – ეს დეტალი ვიზუალურად ამოკლებს ფეხის სიგრძეს და ასქელებს მას.

განიერი, კოჭებამდე ქვედაბოლო – ასე იმ ბარბის თოჯინას დაემსგავსებით, 90-იან წლებში ტორტზე რომ სვამდნენ, გრძელი გაშლილი, დაუსრულებელი კაბით და უფორმო ტანით.