წარმოგიდგენთ ჩემ ფავორიტ, მსუბუქ ფილმებს, რომლებიც შესანიშნავ პარტნიორობას გაგიწევენ ვიქ-ენდზე

Under the Tuscan sun – ფილმი დრამატულად იწყება, მთავარ პერსონაჟს ოჯახი ენგრევა, თუმცა ცხოვრება მას მოულოდნელ და სრულიად ახალ გამოცდილებას უმზადებს.

ფილმის შინაარსზე შთამბეჭდავი იტალიის პეიზაჟები და ცხოვრების სტილია, რომელიც სიუჟეტს ბოლომდე თან მიჰყვება. საიდან მოხვდა მთავარი გმირი, ფრენცისი იტალიაში და როგორ განვითარდება მისი ისტორია, ამას დაინტერესების შემთხვევაში, ფილმში იხილავთ.

Paris, je t’aime – პარიზი, ზოგისთვის სიყვარულის, ზოგისთვის მეგობრობის, ბევრისთვის კი უბრალოდ, ტურისტული ქალაქი.

ფილმი შედგება 18 სხვადასხვა ისტორიისგან. მათ აერთიანებთ ერთი ქალაქი – პარიზი. გარდა ორიგინალური სიუჟეტებისა, თქვენ მოგეცემათ საშუალება ისეირნოთ საფრანგეთის დედაქალაქში და დატკბეთ უმშვენიერესი კადრებით.

A good year – ბრიტანელი, ინვესტიციებით მოვაჭრე, ბიძის გარდაცვალების შემდეგ, მოულოდნელად პროვანსში ვენახისა და სახლის მფლობელი ხდება. რა თქმა უნდა მას აზრადაც არ მოსდის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა და მეღვინეობის დაწყება. მისი ერთადერთი მოტივი ტერიტორიის რაც შეიძლება ძვირად გაყიდვა და მეტი მოგების ნახვაა. მანამ სანამ….

Julie & Julia – ეს ერთ-ერთი ყველაზე მადისაღმძვრელი ფილმია. რუტინული სამუშაო დღეების გასახალისებლად და საკუთარი ჰობის გასავითარებლად, გოგონა ბლოგის გაკეთებას გადაწყვეტს. პირველი სტუმარი, პირველი კომენტარი, წარუმატებელი და წარმატებული რეცეპტები ფილმის მთავარი თემაა. რაც მთავარია მას ჰყავს მისაბაძი ადამიანი, ვინც იმ საქმის სრულყოფის მოტივაციას აძლევს, რომელიც თავადაც ძალიან უყვარს.

Eat Pray Love – ისევე როგორც ამ ჩამონათვალის პირველი ფილმმი, აქაც შესავალი არც ისე სახალისოა. მთავარი გმირს, რომლის როლსაც ჯულია რობერტსი ასრულებს ჯერ ოჯახი დაენგრევა, შემდეგ კი წარუმატებელი ურთიერთობის მსხვერპლი ხდება. ის გადაწყვეტს, რომ საკუთარი თავი იპოვოს და ამიტომ იტალიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში გაემგზავრება. ყველა ქალაქში დამოუკიდებელი ისტორია ვითარდება, რომელიც მაყურებელსაც თანამონაწილეს ხდის. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, თქვენ სხვადასხვა ქვეყნის პეიზაჟებით ტკბობასაც შეძლებთ.

The Grand Budapest Hotel – ფილმი, ვეს ანდერსონის მორიგი შედევრია. მისთვის დამახასიათებელი ფერებითა და ესთეტიკით. სიუჟეტი საინტერესოდ და აქტიურად ვითარდება. თუ თავისუფალი 90 წუთი გაქვთ, აუცილებლად უყურეთ გუსტავისა და ზეროს თავგადასავლებით სავსე ისტორიას.

Midnight in Paris – ვუდი ალენის ეს ფილმი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ის ოდნავ მელანქოლიურ, რომანტიკულ და მსუბუქ ხასიათზე დაგაყენებთ. აქაც, ისევე როგორც სიაში ჩამოთვლილი ფილმების უმეტესობაში, საშუალება მოგეცემათ ისიამოვნოთ პარიზის, ფილაქნებიან ქუჩებში სეირნობით.

The Intouchables – ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და სასაიმოვნოდ საყურებელი ფილმია. ახალგაზრდა კაცი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაცის მომვლელი ხდება. დასაწყისში ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთი არისტოკრატია, უსმენს კლასიკას და გატაცებულია მხატვრობით, მეორე კი პარიზის ღარიბი უბნიდანაა და ვერ ხვდება თუ რატომ იხდიან ადამიანები უშინაარსო ნახატებში ბევრ ფულს.

სასიამოვნო კინო-სეანსს გისურვებთ.