როდესაც საქმე კანს, მის მოვლასა და მაკიაჟს ეხება ყოველთვის ვცდილობ თანხა არ დავზოგო და გამოცდილი, ბრენდული და ხარისხიანი პროდუქტები შევიძინო, თუმცა სიახლეებს და ექსპერიმენტებსაც არ ვერიდები. სწორედ ამიტომ, ამჯერად ამაზონიდან რამდენიმე პროდუქტი – დამატენიანებელი კრემი და კოსმეტიკა გამოვიწერე. გთავაზობთ თითოეულის აღწერას და ჩემს შეფასებას.

Wet n Wild ტონალური კრემი ($5.99) – ტონალურის ყოველდღიურად გამოყენებას ვერიდები, თუმცა არის დღეები, როდესაც ჩემი პრიორიტეტი სრული დაფარვა და გამძლეობაა. ეს ტონალური ნამდვილად ამართლებს ამ ორ მოთხოვნას. არის საკმაოდ მსუბუქი, თხელი შემცველობის და კონსისტენციის, მარტივად ნაწილდება კანზე და აქვს კარგი დაფარვა. დამაფიქსირებელი სპრეის ან/და პუდრის გამოყენების შემთხვევაში კი მთელი დღე ძლებს. პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია და საკუთარი ფერის არჩევაც არაა რთული. რაც მნიშვნელოვანია, არის Qruelty free და ჩვენი სიამოვნებისა და სილამაზისთვის არცერთი ბაჭია და სხვა ფუმფულა არსება არ ზარალდება. მოკლედ, მას ჩემგან კი. (გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი გამოცდილია მშრალ კანზე)

Wet n Wild კონტურინგის პალეტი ( $3.99) – 5 ბალიანი შკალიდან 3 შევაფასებდი. მთავარი მინუსი ფერების სიმწირეა, რადგან სულ 2 არჩევანი აქვს, რომელთაგან ერთი ღია ფერის და ყვითელი ქვედა ტონისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი საკმაოდ მუქია. მე Dulce de leche გამოვწერე, რომელიც ღია კანისთვისაა განკუთვნილი, თუმცა გამომდინარე იქედან რომ თავად ვარდისფერი ქვედა ტონი მაქვს მისი ეფექტი ჩემს კანზე არ მომწონს. თავად პროდუქტი – პიგმენტაციით და მდგრადობით საკმაოდ ხარისხიანია.

Maybelline წამწამების ლურჯი ტუში ($5.99) – დიდი ხანია რაც ფავორტ ლურჯ ტუშს ვეძებ. კიკოს ტონალობა არ მომეწონა, სეფორადან სამწუხაროდ ვეღარ ვიწერ, YSL კი ვფიქრობ, რომ Overpriced – ია. საბოლოოდ მეიბელინზე გავაკეთე არჩევანი და არც შევმცდარვარ. პირველ რიგში აღსანიშნავია ფუნჯი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია და იდეალურად პრეხს წამწამებს, ლურჯი პიგმენტი კი საკმაოდ ინტენსიურია და მთელი დღის განმავლობაში, სახის გაწმენდამდე ძლებს. რაც მთავარია, წამწამებს ერთმანეთს არ აკრობს.

Elf HD პუდრი ($5.90) – გამჭვირვალე პუდრი განკუთვნილია მაკიაჟის დასაფიქსირებლად, მისთვის საერთო, ერთგვაროვანი იერის მისაცემად და ნაკლოვანებების დასაფარად. არ არის ცუდი, თუმცა დაახლოებით მისსავე საფასო სეგმენტში არსებულ NYX არ ჯობია. არ არის ინტენსიური და მაქსიმალურ ფიქსაციას/თავდაჯერებულობას ვერ უზრუნველყოფს. ცდად ღირდა და სავარაუდოდ ბოლომდე გამოვიყენებ, თუმცა მეორედ აღარ შევიძენ.

Elf ფუნჯების ნაკრები ($12) – 12 ერთეულისგან შემდგარი ნაკრებისგან, რომელიც სულ 12 დოლარი ღირდა დიდი მოლოდინი არ მქონდა, თუმცა სულ ტყუილად. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ფუნჯების ხარისხით. განსაკუთრებით მომეწონა თვალის, წარბების და ტონალურის ფუნჯები. დამწყებებისთვის მშვენიერი ნაკრებია, მხოლოდ რამდენიმე ფუნჯის დამატებით შეძენა დაგჭირდებათ, რადგან კომპლექტს არ მოჰყვება ჰაილაითერის ფუნჯი, ხოლო პუდრის ფუნჯი ძალიან დიდია.

Cerave დამატენიანებელი კრემი სახისთვის და ტანისთვის ($9.59) – ეს კრემი არც მეტი არც ნაკლები, 350 მლ შეფუთვაში ჩამოდის, რაც ფასთან მიმართებაში არაჩვეულებრივია. საერთოდ, ისეთ პროდუქტებს რომლებიც ერთდროულად სახისთვის და ტანისთვის გამოიყენება დიდად არ ვენდობი, რადგან საკმაოდ მგრძნობიარე სახის კანი მაქვს. თუმცა დადებითმა შეფასებებმა, უცხოელი ბლოგერების გამოცდილებამ და თავად cerave – ს შემადგენლობამ დამარწმუნა რომ გამოწერა ღირდა და სახეზე თუ არა ტანზე მაინც გამოვიყენებდი საბოლოოდ. 5 დღეა რაც, საღამოს რუტინის mario badescu – ს დამატენიანებელი მისით ჩავანაცვლე და ძალიან კმაყოფილი ვარ. დილას კანი დატენიანებული და გლუვია. დიდი კი ჩემგანაც ამ პროდუქტს.