საფრანგეთი მოდის, სილამაზის და თავის მოვლის ქვეყნად ტყუილად არ მიიჩნევა. მსოფლიოში არსებული საუკეთესო ლაბორატორიები სწორედ საფრანგეთშია თავმოყრილი, სადაც სახისა და სხეულის მოვლის უამრავი, ეფექტური და ხარისხიანი საშუალება იქმნება.

ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შემდეგ, ადგილობრივი აფთიაქები #1 დანიშნულების ადგილია. აქ თავმოყრილია, როგორც ჩვენთვის ცნობილი, ასევე სხვა, ფრანგული ბრენდები და პროდუქციის უდიდესი არჩევანი.

მინდა გაგიზიაროთ 10 ფრანგული პროდუქტი, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას და დაპირებებს.

Embryolisse Lait-Crème Concentrè – ეს პროდუქტი თავის თავში რამდენიმე ფუნქციას ითავსებს და ერთდროულად გამოიყენება როგორც მაკიაჟის ბაზა, დამატენიანებელი და მაკიაჟის მოსაშორებელი. იდეალურია გადაღლილი და უსიცოცხლო კანის გამოსაფხიზლებლად. განკუთვნილია კომბინირებული და მშრალი კანისთვის.

Bioderma Crealine H2O – ამ მიცელარულ წყალზე ბლოგის მკითხველებისთვის არაერთხელ მიმიცია რეკომენდაცია. იდეალურია მათთვის ვისაც მგრძნობიარე/სიწითლისკენ მიდრეკილი კანი აქვს და მართლაც საუკეთესოა თავის სეგმენტში. ამიტომაც ფრანგი მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია.

Avène Cold Cream Lip Balm – ავენის ეს ხაზი ცნობილია მათთვის ვისაც კანის სიმშრალე და მგრძნობელობა ახასიათებს, განსაკუთრებით ზამთარში. მათი ტუჩის ბალზამი იდეალურია თუ კომპაქტურ, ეფექტიან, ღრმა დამატენიანებელს ეძებთ თქვენი ტუჩების სილამაზისთვის.

Homeoplasmine – უპირობოდ ეფექტური საშუალებაა მათთვის ვისაც აწუხებს ტუჩების, იდაყვების და სხეულის სხვა ნაწილების სიუხეშე, დაჭიმულობა და გაღიზიანება. შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.

L’Occitane shea butter hand cream – ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია სხეულის მოვლის ხაზით. შიის კარაქის ფუძეზე დამზადებული ხელის საცხი კი ღრმა დატენიანებას და მოვლილ ხელებს უზრუნველყოფს.

Phytokeratine Repairing Shampoo – აღმდგენი შამპუნი დაზიანებული თმისათვის გამოგადგებათ მათ ვისაც ხშირი შეღებვისგან, გაშრობისგან, დავარცხნისგან ან არასწორი მოვლისგან გაუხეშებული თმა გაქვთ. ფიტოს ეს ხაზი მიმართულია თმის პირვანდელი სიჯანსაღის დასაბრუნებლად.

Biafine emulsion – განკუთვნილია დამწვრობებისა და ჭრილობების მოვლისთვის, კანის დასამშვიდებლად და მისთვის პირველადი სტრუქტურის აღსადგენად.

Klorane dry shampoo – ერთ-ერთი საუკეთესო მშრალი შამპუნია, რომლის შესახებ ბლოგზე აქამდეც გვისაუბრია. იდეალურად ასრულებს თავის საქმეს, ახალისებს თმას და აძლევს მას მოცულობას. რაც მთავარია, განკუთვნილია ნებისმიერი ფერის თმისთვის და არ ტოვებს ლაქებს.

Avene Thermal Water – ავენის თერმულ წყალს იმდენჯერ გავუწევ რეკომენდაციას, რამდენჯერაც ამის საშუალება მომეცემა, რადგან იდეალური პროდუქტია, განსაკუთრებით ზაფხულში. აგრილებს და ატენიანებს კანს, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას, ხელს უწყობს კანზე თანაბარი ტონის შენარჩუნებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ დილას, მაკიაჟის წასმამდე და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში, როდესაც შეამჩნევთ რომ კანს დატენიანება სჭირდება.

La Roche-Posay Toleriane Ultra Overnight – მათ ვისაც ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ეს პროდუქტი აუცილებლად მოგეწონებათ. შეგიძლიათ თავისუფლად ჩაანაცვლოთ ღამის საცხი და გამოიყენოთ მთელს სახეზე (თვალის გარშემოც), ის ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ამცირებს სიწითლეს და თავისი ფორმულის წყალობით კანს იმდენად ატენიანებს, რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს