გაიხსენეთ, დიეტაზე ყოფნისას რამდენჯერ გიყიდიათ ხილის იოგურტი, კეფირი, ხაჭო ან რამდენჯერ შეგიკვეთავთ კაფეში სალათი ცეზარი. ჩამოთვლილ პროდუქტებში ფარული, უსარგებლო კალორიები და მარტივი ნახშირწყლები იმალება.

შეფუთული პროდუქტები, რომლებსაც დიდი ვადა აქვთ წარმოუდგენელია, რომ იყოს ჯანსაღი. ისინი სავსეა დანამატებით, გემოს შემცვლელებით და შაქრით.

რძის პროდუქტები ხილით გემრიელი ხემსის საშუალებას გვაძლევს და ამასთან გვაჯერებს რომ ჯანსაღად ვიკვებებით. რეალურად, ამ დროს დიდი ოდენობით შაქარს და დანამატებს ვიღებთ, რომელთაც სიჯანსაღესთან, წონის კლებასა ან შენარჩუნებასთან საერთო არაფერი აქვთ.

მსგავსი საფრთხე იმალება სალათებში. რაოდენ მრავალფეროვანი და ჯანსაღიც არ უნდა იყოს ბოსტნეულით სავსე თქვენი ჯამი, როდესაც მას მაიონეზი, სოიოს სოუსი ან სხვა მსგავსი პროდუქტი ემატება ის მომენტალურად კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს და მაღალკალორიულ კერძად იქცევა.

გაზიანი სასმელი და ალკოჰოლი

გაზიანი სასმელი, რაც არ უნდა დიდი ასოებით ეწეროს მას 0 კალორია, შეიცავს დღიურ ნორმაზე მეტ შაქარსა და დამატკბობელს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ შეფუთულ, ხილის წვენზე. რაც შეეხება ალკოჰოლს, რადგან სვამთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს კალორიას არ იღებთ. ალკოჰოლური სასმელების, კოქტეილების მიღმა 100-ობით კალორია იმალება.

გამოსავალი?

მიირთვით ნატურალური, დაბალი ცხიმიანობის შემცველი რძის პროდუქტები. მათთვის გემოს მისაცემად გამოიყენეთ თაფლი, ნატურალური ხილი, ჩირი, დარიჩინი.

მაწონს ძალიან უხდება ხილი: ატამი, გარგარი და სხვა. ხაჭოს და ბანანის დუეტი კი ჯანსაღად და რამდენიმე საათით დაგანაყრებთ. რაც შეეხება რძეს, უმჯობესია თუ რძეს სხვა პროდუქტს არ მიაყოლებთ და მის დოზებსაც მკაცრად გააკონტროლებთ, რადგან ადამიანთა დიდ ნაწილს მასთან შეუთავსებლობა ან ზედმეტი დოზირებისას, ალერგია აღენიშნებათ.

სალათებისთვის გემოს მისაცემად გამოიყენეთ ლიმონის წვენი, არაჟანი, ბოსტნეულისგან შექმნილი სოუსები, ზეითუნის ზეთი.

რაც შეეხება სასმელებს, გაზიანი სასმელები და წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნატურალური, ახლად დაწურული წვენით ან სახლში მომზადებული ლიმონათით (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზიანი მინერალური წყალი, ციტრუსები, კენკრა, პიტნა). ალკოჰოლის შემთხვევაში კი მთავარია დოზირება, არა მხოლოდ ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად, არამედ მეორე დღის თავის ტკივილისა და წინა ღამეს მიღებული არასასურველი გადაწყვეტილებების ალბათობის შესამცირებლად.