არსებობს კანის 5 ტიპი – ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული და მგრძნობიარე. იმის გარკვევა, თუ როგორი სახის კანი გაქვთ, დაგეხმარებათ სწორად მოუაროთ მას და რაც მთავარია, სწორად აარჩიოთ კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალებები.

აღსანიშნავია, რომ გარემო ფაქტორების, მოვლის საშუალებების და ასაკის შედეგად შესაძლებელია კანის სტრუქტურა და ტიპი შეიცვალოს, შესაბამისად რეკომენდებულია დაკვირვება და შემდგომ, მასზე შესაფერისად ზრუნვა.

თქვენ ნორმალური კანი გაქვთ თუ:
*არ გაქვთ გამოკვეთილი სიმშრალე ან ცხიმიანობა;
*საერთოდ არ გაქვთ ან გაქვთ მინიმალური ნაწიბურები;
*ის არ არის მგრძნობიარე;
*არ გაქვთ გამოკვეთილი ფორები;
*მას ნათელი იერი დაჰკრავს.

ნორმალური კანის მოვლა ყველაზე მარტივია. სწორი საშუალებების შერჩევის შემთხვევაში, მისი ტიპის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა. მთავარია, მისი ნორმირებული დატენიანება, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, მაკიაჟის მოშორება და სხვა, რუტინული კანის მოვლის პროცედურების რეგულარულად ჩატარება.

თქვენ კომბინირებული კანი გაქვთ თუ:
*მის ზედაპირზე გამოკვეთილია ფორები;
*გაწუხებთ შავი წერტილები;
*ის ზომაზე მეტად ბრწყინავს.

კომბინირებულ კანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, რადგან გარკვეულ უბნებზე ის ცხიმიანია, სხვა დანარჩენზე კი მშრალი, მგრძნობიარე ან ნორმალური ტიპის. როგორც წესი, მათ ვისაც კომბინირებული კანი აქვთ, სახის T ზონა (ცხვირი, შუბლი, ნიკაპი) ცხიმიანი ტიპის აქვთ, დანარჩენი ნაწილი კი მშრალი ან ნორმალური. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ტიპის ზონებს, შესაბამისი მოვლის საშუალებებით უნდა მოუაროთ.

თქვენ მშრალი კანი გაქვთ თუ:
*ზედაპირზე არ ჩანს ფორები;
*ზედაპირი უხეში და უფერულია;
*მასზე შეინიშნება წითელი ლაქები;
*ის ნაკლებად ელასტიურია;
*გამოკვეთილია სისხლძარღვები.

აუცილებელია მისი რეგულარული, ჯეროვანი დატენიანება. დაცვა მზისგან, ქარისგან და სხვა გარემო პირობებისგან. მოერიდეთ ძალიან ცხელი ან ცივი წყლით შხაპის მიღებას/სახის დაბანას. გამოიყენეთ მსუბუქი ტექსტურისა და ზედაპირის საპონი, ქაფი და სხვა საშუალებები. მოერიდეთ სკრაბის გაკეთებასა და სხვა, უხეშ პროცედურებს.

თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ თუ:
*ფორები საგრძნობლად გაფართოებულია;
*გაწუხებთ შავი წერტილები და გამონაყარი;
*ზედაპირი არაერთგვაროვანია.

მოერიდეთ უხეში ზედაპირის შეხებას, “სკრაბინგს”, შეძლებისდაგვარად კანი დღეში 1-2 ჯერზე მეტჯერ არ დაისველოთ. გამონაყარი არ გაიღიზიანოთ, რადგან შრამების მოშუშებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე შესაბამისი საშუალებით მის მკურნალობას. კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას, ისეთ პროდუქტზე გააკეთეთ არჩევანი, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს და არ ჩაახშობს ფორებს.

თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ თუ:
*გამოხატულია სიწითლე;
*გამოხატულია წვის შეგრძნება;
*გამოხატულია დაჭიმულობა
*გაწუხებთ სიმშრალე.

მგრძნობიარე კანი რეაგირებს ყველა გარემო ფაქტორზე, როგორც წესი ასეთი ტიპის კანი ალერგიულიცაა. შესაბამისად მოერიდეთ განსაკუთრებით ცივ ან ცხელ ამინდში დაუცველი კანით სიარულს. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხი, ხოლო ზამთარში, დამატენიანებელი, დამცავი, ჰიპოალერგიული კომპონენტებისგან შემდგარი საშუალებები. არ დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოშორება და კანის დატენიანება.