მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ახლო და ხელმისაწვდომი ვიდრე ახლა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლის საშუალება გვაქვს და ამასთანავე თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პირდაპირი ფრენების რიცხვი იზრდება.

შვებულების თუ თავისუფალი დროის ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გასატარებლად მხოლოდ ფინანსები არ კმარა და აეროპორტში მისვლამდე არაერთი დეტალის გარკვევა და დაზუსტებაა საჭირო.

ფრენა:
სანამ შვებულების დღეებს აიღებთ, მანამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თუ რა დღეებშია ფრენა თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ეს საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენების დღეები.

უმჯობესია ადგილის წინასწარ დაჯავშნა. ასე თანხასაც დაზოგავთ და რაც მთავარია, თავიდან აირიდებთ თქვენთვის სასურველ ფრენაზე ადგილის არ არსებობის ალბათობას.

ბილეთის ონლაინ ყიდვის დადასტურებამდე, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ თქვენ მიერ არჩეული გარფენის და ჩამოსვლის თარიღები.

აეროპორტში, ფრენამდე მინიმუმ 90 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეთ, რათა მოასწროთ ბარგის ჩაბარება, შემოწმების გავლა და რეგისტრაცია. ეს იმ შემთხვევაში თუ თბილისის აეროპორტიდან მიემგზავრებით. ხოლო თუ ევროპის ქვეყნის, ცენტრალური, დიდი აეროპორტიდან გიწევთ ფრენა, გადატვირთული ნაკადების გამო, უმჯობესია ადგილზე 2 საათით ადრე მაინც გამოცხადდეთ.

სახლიდან გასვლამდე, გადაამოწმეთ ფრენისა და საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტები და არ დაგავიწყდეთ მათი თან წაღება.

საცხოვრებელი:
უცხოური ვოიაჟებისას, საცხოვრებელი ადგილის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს – სასტუმრო, ჰოსტელი და ბინა.

ჰოსტელი – ყველაზე ბიუჯეტური არჩევანია, რომელიც სხვა მოგზაურებთან გაზიარებულ, საერთო საცხოვრებელ ოთახს გთავაზობთ.

სასტუმრო – მათი ღირებულება დამოკიდებულია ქვეყანაზე რომელშიც მიემგზავრებით და უბანზე, სადაც ის მდებარეობს. ასევე მის სერვისსა და სხვა კრიტერიუმებზე. სტანდარტული სასტუმრო 3 და მეტი ვარსკვლავით გთავაზობთ ინდივიდუალურ ნომერს, ნომრის მომსახურებას და სულ მცირე დილის კვებას, სწორედ ეს განასხვავებს მას ჰოსტელისგან და დაქირავებული ბინისგან.

ბინა – თუ ევროპის ქვეყანაში მიემგზავრებით, თან რამდენიმე ადამიანი, ბიუჯეტის დაზოგვისთვის უმჯობესია ბინის რამდენიმე დღით დაქირავება, ამით თქვენ გაანახევრებთ საცხოვრებლის ხარჯებს, ასევე საშუალება გექნებათ თავად იზრუნოთ კვებაზე და ამითაც დაზოგოთ გარკვეული თანხა.

საცხოვრებლის რა ტიპს აარჩევთ ეს თქვენს გემოვნებაზე, ბიუჯეტზე და მოგზაურობის სტილზეა დამოკიდებული. ნებისმიერი მათგანით სარგებლობისას, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

შეისწავლეთ თქვენი დროებითი საცხოვრებელის სამეზობლო, ადგილმდებარეობა და ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი;
საცხოვრებელი დაჯავშნეთ წინასწარ;
გამგზავრებამდე კავშირზე იყავით მასპინძელთან ან დაწესებულების მენეჯერთან;
კარგად წაიკითხეთ პირობები. წინასწარი დაჯავშნისა და გადახდისას, ვიზიტის გაუქმების შემთხვევაში, როგორც წესი თანხის მხოლოდ ნახევარს დაიბრუნებთ.

სასტუმროს, ჰოსტელის ან ბინის ონლაინ დასაჯავშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ვებ-გვერდები:
Airbnb.com
Tripadvisor.com
Booking.com

კვება:
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გემრიელი ნაწილი ახალი კერძების დაგემოვნებაა. იმისათვის რომ ახალ ქვეყანაში რამდენიმე დღე სრულყოფილად გაატაროთ, წინასწარ მოიძიეთ ადგილობრივი სამზარეულოს აუცილებლად გასასინჯი კერძები.

რაც შეეხება საკვებ დაწესებულებებს, ყველა ქვეყანაშია ერთი ან რამდენიმე საკულტო, საკვები დაწესებულება, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია, სახელგანთქმული მზარეული და კერძები აქვს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ასეთ ობიექტსაც ეწვიოთ, თუმცა უმჯობესია თუ თავად მოიძიებთ ან ადგილობრივებს გამოკითხავთ მათთვის საყვარელ, გამორჩეულ საკვებ დაწეებულებებს. ასე თქვენ შეძლებთ დროებით გახდეთ ადგილობრივი მაცხოვრებელი და არა რიგითი ტურისტი.

უცხო კერძის შეკვეთამდე, აუცილებლად იკითხეთ მისი შემადგენლობის შესახებ. უცხო ინგრედიენტებზე ორგანიზმს შესაძლოა უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს და დისკომფორტი შეგექმნათ.

ამინდი:
ბარგის ჩალაგებამდე, გადაამოწმეთ ამინდის პროგნოზი. თან იქონიეთ სამოსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

შიდა გადაადგილება:
ქალაქში ჩასვლამდე, მოიძიეთ ინფორმაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მარშრუტებზე და გადახდის სისტემაზე. უმჯობესია სამგზავრო ბარათით სარგებლობა.

მოსანახულებელი ადგილები:
კარგი იქნება თუ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიას წინასწარ შეაგდენთ და მარშრუტსაც გონივრულად დაგეგმავთ. თან იქონიეთ ქალაქის რუკა და GPS ნავიგატორი. ასე მეტი დრო დაგრჩებათ ახალი ადგილების აღმოსაჩენად და უცხო ქალაქში გატარებულ თოთოეულ საათს ნაყოფიერად გაატარებთ.

კიდევ რამდენიმე რჩევა:
*წინასწარ გადაახურდავეთ ნაღდი ფული იმ ვალუტაში, რომელიც მიმოცვლაშია ქვეყანაში, რომელშიც მიდიხართ (იმ შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულით გსურთ მოგზაურობა);
*ნუ დაიტვირთავთ თავს ბარგით. როგორც წესი, თან წაღებული სამოსის მხოლოდ 30-40% ვიყენებთ. ასე თავიდან აირიდებთ მძიმე ბარგს და შესაძლო, ზედმეტ ხარჯს;
*მოერიდეთ გარე მოვაჭრეებისგან რაიმეს შეძენას. როგორც წესი, ძვირფასი ნივთები მოპარულია, ან საერთოდ არ არის ძვირფასი;
*კონკრეტულ ქვეყანაში წასვლამდე, მოიძიეთ ინფორმაცია მათი ქცევის წესებზე, ტრადიციებზე. შესაძლოა თქვენთვის უწყინარი ჟესტი, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს და უხერხულ სიტუაციაში ჩავარდეთ.

წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ!