რუჯი და სხეულის ჯანსაღი ფერი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ნამდვილად, ჯანსაღად გარუჯული სხეული ლამაზად გამოიყურება, თუმცა ისევე როგორც ყველაფერში აქაც აუცილებელია გარკვეული წესების და ზომიერების დაცვა. როგორ უნდა მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს საკუთარი თავისთვის მინიმალური ზიანის მიყენებით? Ann.ge რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

მზისგან დამცავი – გავრცელებული აზრის თანახმად, თუ მზისგან დამცავს ვიყენებთ, მაშინ რუჯს ვერ მივიღებთ. თავიდანვე გეტყვით რომ ეს მოსაზრება მცდარია და სწორედ რომ მზისგან დამცავი საცხის გამოყენებითაა შესაძლებელი ჯანმრთელი რუჯის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა მზეზე დილით გადიხართ თუ დღის სხვა მონაკვეთში, შესაბამისი სიძლიერის დამცავის გამოყენება სახეზე და მთელს სხეულზე აუცილებელია. თუ თეთრი კანი გაქვთ მაშინ დამცავი SPF-ის მინიმუმ 50 მაჩვენებლით შეარჩიეთ, ხოლო მათ ვისაც ხორბლისფერი ან მუქი კანი გაქვთ და მზეზე ნაკლებად გიღიზიანდებათ გარუჯვა SPF 30 მაჩვენებლით დაიწყეთ. დაცვის დონე დაფერვასთან ერთად შეგიძლიათ შეამციროთ, თუმცა მასზე საერთოდ უარის თქმა დაუშვებელია, რადგან დამცავი არა მხოლოდ დაწვისგან, არამედ მავნე გამოსხივებისგან იცავს თქვენს კანს, განსაკუთრებით კი სახის, კისრისა და დეკოლტეს არეს, სადაც კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და არასწორი მოვლის შემთხვევაში მიდრეკილია ნაადრევი დაბერებისკენ.

კანის მომზადება – თუ მზისგან დამცავი საშუალება უკვე შეარჩიეთ და შვებულებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი გამოიყენეთ ეს დრო კანის მოსამზადებლად. თანაბარი ფერის მისაღებად, აჭრელების და კანის აქერცვლის ალბათობის შესამცირებლად აუცილებელია სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოშორება ეს კი სკრაბის დახმარებითაა შესაძლებელი. აირჩიეთ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საშუალება, ოდნავ უხეში გრანულებით და შხაპის ქვეშ, ნაზი წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ მთელი სხეული. არ დაგავიწყდეთ სახე, რომლისთვისაც შედარებით მსუბუქი კონსისტენციის სკრაბი გამოიყენეთ.

კანის დატენიანება – როგორ დამცავსაც არ უნდა იყენებდეთ და წესების სრული დაცვით ირუჯებოდეთ მზე და ზომაზე მეტი სიმხურვალე კანს აშრობს, ქერცლავს და ანაოჭებს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი საფუძვლიანად დატენიანება. გარდა თქვენი დღის და ღამის რუტინისა, როდესაც ისედაც იტენიანებთ კანს, ამ შემთხვევაში დღის განმავლობაშიც უნდა დაიტენიანოთ კანი ლოსიონით ან ზეთით რომელიც ადვილად შეიწოვება. ეს უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, ლამაზ ფერს და ბზინვარებას.