საყიდლებზე სიარული ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია და ამას მეცნიერებიც ადასტურებენ. მთავარია, შოფინგისას მიღებული სიამოვნება, იმედგაცრუებით არ დასრულდეს.

იმისათვის რომ იყიდოთ ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ, საჭიროა საყიდლების პროცესს პრაგმატულად მიუდგეთ და გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

ზომას მნიშვნელობა არ აქვს
ყველა ქვეყანას და ბრენდს ზომების საკუთარი სისტემა აქვს, შესაბამისად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მაღაზიაში, თქვენ სტანდარტულ ზომაზე დიდი ან პატარა სამოსის მორგება დაგჭირდეთ. შეიძინეთ ის სამოსი, რომელიც ზუსტად გერგებათ და არა ის, რომელსაც უფრო პატარა ან თქვენთვის მისაღები ზომა აწერია. არავინ უყურებს შიდა იარლიყს და რომც ხედავდნენ, ეს მათი საქმე არ არის.

სამოსი მომავლისთვის
ყველას ჰქონია შემთხვევა, როდესაც საყიდლებიდან 2-3 ზომით პატარა სამოსით დაბრუნებულა, იმ იმედით რომ ფორმაში ჩადგებიან და წონას დაიკლებენ. ეს შესაძლოა იყოს მოტივაციის ერთ-ერთი წყარო, თუმცა არასწორია მთელი გარდერობის სამომავლო გეგმებზე აწყობა. გაიცანით და შეიყვარეთ თქვენი სხეული, როგორიც არის მოცემულ მომენტში, შეუსაბამეთ მას სტილი, ამით თავდაჯერებულობაც მოგემატებათ და სამომავლო მიზნებისთვის მოტივაციაც გაგიორმაგდებათ.

ნივთები, რომლებსაც არასდროს გამოიყენებთ
გაიხსენეთ რამდენჯერ შეგიძენიათ ნივთი, რომელიც თავიდანვე განწირული იყო მხოლოდ ერთხელ გამოყენებისთვის. ამის მთავარი მიზეზი მოდაზე და ტენდენციებზე ბრმად აყოლაა. იმისათვის რომ თქვენი გარდერობის მინიმუმ 90% ფუნქციური იყოს, შეარჩიეთ ის თქვენი გემოვნებისა და კომფორტის შესაბამისად.

შექმენით თქვენი სტილი
ხშირად ჩვენი გარდერობის თითიეული ნივთი ლამაზი და ფუნქციურია, თუმცა არ უხდება ერთმანეთს. ამის თავიდან ასაცილებლად, სანამ საყიდლებზე წახვალთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ გარდერობს, წარმოიდგინეთ თუ რომელ ნივთს რა სიახლე მოუხდება, ჩამოწერეთ სია, საკოორდინაციო კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ გაემართეთ საყიდლებზე.

24 საათის პრიცნიპი
თუ საყიდლებზე სიარულისას, დაუგეგმავი ნივთი მოგეწონათ, ნუ იჩქარებთ მის შეძენას. მოიცადეთ 24 საათი, დაფიქრდით რამდენად გჭირდებათ ის და თუ პასუხი დადებითი იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ იყიდეთ.

წაიკითხეთ ყველაფერი, ისიც რაც ყველაზე წვრილი ასოებით წერია
ლამაზად წარმოდგენილი და შეფუთული სამოსი ნამდვილად თავბრუდამხვევია, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ შემდგომი გამოყენებისას მას მოვლა და პირვანდელი სახის შენარჩუნება დასჭირდება. აუცილებლად გაეცანით სამოსის შემადგენლობას, მისი რეცხვის, გაშრობისა და მოვლის პირობებს.