იდეალური მაკიაჟის მიღება არც ისე მარტივია, რადგან ის გამოცდილებას, კარგ კოსმეტიკასა და შეიძლება ითქვას გარკვეულ ნიჭს მოითხოვს. აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ფერები, დაიცვათ პროპორციები და არ გადაამეტოთ მისი გამოყენებისას. ასეთი სრულყოფილებისკენ მიმავალი არაერთი გზა და ხერხი არსებობს, რომლებსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ, მანამდე კი არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც თქვენთვის, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი “მაკიაჟია”. ეს არის მოწესრიგებული სახის კანი და ჯანსაღი იერსახე.

იდეალური მაკიაჟის მისაღებად, გარდა ხარისხიანი კოსმეტიკისა და გამოცდილებისა გარკვეული წესების დაცვა დაგჭირდებათ:

წესი #1 გაისუფთავეთ კანი
მაკიაჟის დატანამდე, კანი გაისუფთავეთ გამწმენდი რძით, წყლით ან სახის საპნით. იმ საშუალებით, რომლითაც მაკიაჟს იშორებთ ხოლმე, რადგან მიუხედავად იმისა, მანამდე გესვათ თუ არა რაიმე საშუალება, კანი მაინც ჭუჭყიანდება და საჭიროებს ნარჩენების მოცილებას.

წესი #2 მოამზადეთ კანი
კანის საფუძვლიანად გასუფთავების შემდეგ, აუცილებელია მისი დატენიანება. მაკიაჟის ქვეშ აუცილებლად წაისვით დღის საცხი. ამ შემთხვევაში თქვენ კვებავთ და იცავთ კანს მავნე ნივთიერებებისგან და ამასთანავე ამზადებთ მას შემდგომი პროცედურებისთვის.

წესი #3 არ დაგავიწყდეთ ტუჩები
ტუჩზე ზრუნვა არ შემოიფარგლება მასზე ფერადი საცხის წასმით და შემდგომში მოშორებით. აუცილებელია მისი მომზადება და ყოველდღიური დატენიანება. კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ე.წ სკრაბინგი, რაც გულისხმობს ერთგვარ მასაჟსა და მკვდარი უჯრედების მოშორებას. სკრაბის ყიდვასთან ერთად, შეგიძლიათ მისი სახლში მომზადება. ამისათვის დაგჭირდებათ: შაქარი და თაფლი, რომელსაც ერთმანეთში აურევთ და მსუბუქი მოძრაობით შეიზელთ ტუჩებზე. რამდენიმე წუთიანი მასაჟის შემდეგ, დარჩენილი მასა მოიშორეთ თბილი პირსახოცით. (პ.ს თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, მაშინ არ გამოიყენოთ ეს ნარევი და შეიძინეთ სკრაბი პარფიუმერის მაღაზიაში ან აფთიაქში. ამ შემთხვევაშიც კარგად დააკვირდით მის შემადგენლობას).

ტუჩების ყოველდღიურად დამუშავება შეგიძლიათ კბილის ჯაგრისითაც. მსუბუქი დაწოლითა და წრიული მოძრაობით. ეს ხელს შეუწყობს სისხლის მოძრაობას. შედეგად, ტუჩს ექნება უფრო ინტენსიური ფერი და მოცულობა.

ტუჩზე ფერადი საცხის გადასმამდე აუცილებლად წაისვით ჰიგიენური დამცავი. აღნიშნული საშუალება აუცილებელია, იმ შემთხვევაშიც თუ საერთოდ უმაკიაჟოდ აპირებთ სახლიდან გასვლას, რადგან ის ატენიანებს ტუჩებს და ებრძვის გარემოს მავნე ზემოქმედებას.

წესი #4 ნათელი თვალებისთვის
თვალების სიწითლე/სიმშრალე, თვალების ქვეშ სიშავე და სიმძიმე ალბათ ამ საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ეს გამომდინარეობს ჩვენი ცხოვრების სტილისგან – ძილის ნაკლებობისგან და ელექტრონულ მოწყობილებებთან ურთიერთობისგან. რა თქმა უნდა შესაძლებელია ამ პრობლემების კოსმეტიკური საშუალებებით შენიღბვა, თუმცა უმჯობესია თუ მათზე საფუძვლიანად იზრუნებთ.

აღნიშნულ შემთხვევაში, ყველაზე მარტივი გამოსავალი და მისაღები რჩევა მეტი ძილი და გამოსხივებასთან ნაკლები ურთიერთობა იქნებოდა, თუმცა ცხადია, რომ ეს ყოველივე რთულად შესასრულებელია. ამიტომ გთავაზობთ შემდეგ რჩევებს:

*არასდროს დაიტოვოთ მაკიაჟი თვალზე. რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს თქვენი ტუში ან თვალის ფანქარი, ის მაინც ქიმიური შემადგენლობისაა და მავნე ზემოქმედებას ახდენს სახის ერთ-ერთ ყველაზე ნაზ ნაწილზე – თვალებზე და მის მიმდებარე კანზე.

*არ დაელოდოთ გარკვეული ასაკის მიღწევას და გამოიყენეთ თქვენი კანის სტრუქტურისა და მდგომარეობის შესაფერისი თვალის საცხი, რომელიც დაატენიანებს მას და შეაფერხებს ნაადრევი ნაოჭების გაჩენას.

*გამოიყენეთ ნიღბები. ეს შეიძლება იყოს სახლის პირობებში მომზადებული ჩაის ნაყენი და კიტრის ნაჭრები და ასევე აფთიაქებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში შეძენილი თვალის საფენები. ჩაის ნაყენი და კიტრის ნაჭრები მოქმედებენ უშუალოდ თვალზე, კვებავენ და იცავენ მას სიმშრალისგან, ხოლო თვალის საფენები აქტიურად ზემოქმედებენ მის გარშემო კანის დატენიანებასა და სიგლუვის მინიჭებაზე. გამოყენების ინტენსივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

*წამწამები თვალის წარმოჩენაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შესაბამისად აუცილებელია მასზე ზრუნვა. ტუშის ხშირად გამოყენება აშრობს და ასუსტებს მას. არასწორმა და უხარისხო კოსმეტიკამ კი შესაძლოა თმის ცვენაც გამოიწვიოს. ამის თავიდან ასარიდებლად, ტუშის მაგივრად გამოიყენეთ წამწამების დამხვევი, რომელსაც ოდნავ ნამიან/სველ თმაზე მოაქცევთ და შედეგად ბუნებრივად აპრეხილ წამწამებს მიიღებთ.