გაზაფხულის ოფიციალურად დადგომამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. მიუხედავად იმისა სეზონის და ტემპერატურის ცვლილება ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება თუ არა, აუცილებელია რომ აქედანვე დაიწყოთ კანის მომზადება გაზაფხულისთვის, მეტი მზისა და მისი თანმდევი გამოწვევებისთვის.

დაემშვიდობეთ ძველ კანს – არ შეხვდეთ ახალ სეზონს ძველი, გამომშრალი კანის მკვდარი უჯრედებით. გაისუფთავეთ სახის და ტანის კანი თქვენი საყვარელი სკრაბით. დაიცავით ზომიერება, განსაკუთრებით მათ ვისაც ნაზი, სიმშრალისკენ მიდრეკილი და მგრძნობიარე კანი გაქვთ. გახსოვდეთ, თქვენი მიზანი მკვდარი უჯრედების მოშორებაა და არა მთლიანად კანის.

დატენიანება – ეს ნებისმიერ სეზონსა და გარემოში მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქ მთავარია იცოდეთ თუ როგორი სახის საცხი გიხდებათ. მათ ვისაც მშრალი გაქვთ, გამოიყენეთ ზეთოვანი დამატენიანებლი. ხოლო ცხიმიანი კანის მქონეებმა უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, წყლის ბაზაზე დამზადებულ საშუალებებს. რეკომენდირებულია ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად საცხის შეცვლაც და შედარებით მსუბუქ ტექსტურაზე გადასვლა, რათა თავიდან აიცილოთ ცხიმიანობა.

წყალი – უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, თქვენი მთელი სხეულისა და გონებისთვის. გარეგან დატენიანებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს სრულყოფილად მიეწოდოს მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას და ასევე დააბალანსებს ნივთიერებათა ცვლას.

რუჯი – ცოტა ადამიანს თუ უნდა თბილი და ცხელი დღეების თეთრი კანით შეხვედრა. არ აქვს მნიშვნელობა, სოლარიუმს ესტუმრებით თუ მზის სხივებით გარუჯვას დააპირებთ აუცილებლად წაისვით დამცავი საცხი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ამით რუჯის მიღებას შეუშლით ხელს, პირიქით სწორად შერჩეული საშუალებები მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვის გარდა, დაგეხმარებათ მიიღოთ ჯანსაღი ფერის რუჯი.

ტონერი – ტონერის გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ფორების პრობლემა აქვს. მისი რეგულარული გამოყენება ავიწროებს ფორებს და შედეგად ნაკლები მტვრით და მავნე ნივთიერებებით ბინძურდება კანი. 

მაკიაჟი – სასურველია, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, თქვენი ყოველდღიური მაკიაჟი შემცირდეს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ხარისხიან კოსმეტიკას იყენებთ, ბუნებრივ მდგომარეობაში კანი უკეთ სუნთქავს.

ტუჩები – ტუჩებზე ზრუნვა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია და საჭიროებს მუდმივ დატენიანებას. იმისათვის რომ თქვენი ტუჩები ჯანმრთელად გამოიყურებოდეს კვირაში ერთხელ სკრაბი გამოიყენეთ ხოლო ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ დაიტენიანეთ სპეციალური ბალზამით.