თუ შვებულების მხოლოდ რამდენიმე დღე გაქვთ, გსურთ ევროპაში გამგზავრება, ლამაზი პეიზაჟებით და არქიტექტურით ტკბობა, ამასთანავე პირდაპირი ფრენა და შედარებით დაბალ ბიუჯეტური ვოიაჟი თქვენთვის პრიორიტეტია მაშინ ჩეხეთის დედაქალაქი – პრაღა იდეალური არჩევანია. 

გამიმართლა და პრაღაში უკვე ორჯერ ვიყავი, ერთხელ დაბადების დღის აღსანიშნად, მეორედ კი შობას. ორივე მოგზაურობიდან დადებითი ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი, რადგან ჩემთვის ეს ქალაქი წარმოუდგენლად მყუდრო და ესთეტიკურად სასიამოვნოა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში Georgian airways – ის პირდაპირი რეისით 3 საათსა და 30 წუთში ჩახვალთ (გარდა პირდაპირი ფრენისა, კომფორტულია გაფრენის დროც. ადგილობრივი დროით 10 საათზე გაფრენით, პრაღაში ჩასვლისას მთელი დღე წინ გაქვთ, რადგან დროში სხვაობა 3 საათია. შესაბამისად, ადგილზე 10:40 – ზე ჩადიხართ). ადგილობრივი სიმ-ბარათის ყიდვა, რომელზეც 5GB ინტერნეტი, ლოკალური და საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად საჭირო წუთებია აეროპორტშივეა შესაძლებელი და 500 კრონი (დაახლოებით 25$) ღირს. თუ პრაღაში 4-5 დღით აპირებთ წასვლას ეს სავსებით საკმარისია, რადგან ყველა საზოგადოებრივ თუ საკვებ დაწესებულებაში WIFI ხელმისაწვდომია. გაითვალისწინეთ, რომ პრაღაში კრონია მიმოქცევაში, მისი კურსი კი საშუალოდ 1$-22.00czk. აეროპორტიდან ცენტრამდე ტაქსით (UBER) მგზავრობის საფასური საშუალოდ 350-450 კრონია.

საცხოვრებელი:
ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია ტრადიციულია. ბიუჯეტიდან გამომდინარე შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმრო ან Airbnb ბინა, უმჯობესია თუ საცხოვრებელს პრაღა 1 უბანში აარჩევთ, რადგან ასე ყველა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი ფეხით სავალ მანძილზე გექნებათ. ევროპის სხვა, პოპულარულ ქვეყნებთან შედარებით ფასები უფრო ხელმისაწვდომია, airbnb ოროთახიანი ბინა ცენტრში, დღე-ღამეში საშუალოდ 55$ დაგიჯდებათ.

გადაადგილება:
ტურისტული მოგზაურობისას, გადაადგილების საუკეთესო საშუალება ფეხით სიარულია. ეს განსაკუთრებით მარტივია პრაღაში, რადგან თითქმის ყველა ცნობილი ღირსშესანიშნავი ადგილი ერთმანეთისგან ფეხით სავალი მანძილითაა დაშორებული, ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებული და მძღოლებიც კეთილგანწყობილნი (აქ ზებრა ნამდვილად იმისთვისაა რომ თქვენ გაიაროთ). ასევე ძალიან პოპულარულია ტრამვაი, ხოლო თუ ტაქსით მგზავრობას გადაწყვეტთ არ გააჩეროთ ის ქუჩაში და გამოიყენეთ აპლიკაცია Uber, ასე თავს დაიცავთ მოტყუებისგან, არასწორი მიმართულებებისგან და რაც მთავარია, ადეკვატურ ფასად იმგზავრებთ. 

კვება:
თუ სოსისები, ძეხვეული და ხორცი გიყვართ ეს ქალაქი თქვენია. ასევე მრავალფეროვანი და გემრიელი არჩევანია ტკბილეულის მოყვარულებისთვისაც. ქუჩის კიოსკებიდან დაწყებული, ფაბებით და რესტორნებით დასრულებული თქვენს მოსაწონ თავშესაქცევს ყველგან იპოვნით. კანჭების მიმოხილვა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია მოგცეთ რეკომენდაცია უგემრიელეს გულიაშზე და ფაბზე – რეკომენდაციაა გასინჯოთ სოსისები სპეციალურ, ტომატის წვენში. ქალაქში უამრავი საცხობია სადაც ათასნაირ ფუნთუშეულს და ნამცხვარს შეხვდებით, თუმცა პრაღის ერთ-ერთი საფირმო ნიშანი ტრენდელია, რომელიც ყველა ქუჩაზე იყიდება სხვადასხვანაირი შიგთავსით.

შოფინგი:
მთავარი შოფინგ მოლია პალადიუმი, რომელიც პრაღა 1-ში მდებარეობს, აქ შეხვდებით ზარას, ჰ&მ, მოჰოტოს, რიზერვდს, სეფორას, დუგლასს და კიდევ რამდენიმე საინტერესო მაღაზიას, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ საშოფინგოდ wenceslas მოედნის მიმდებარედ გახვიდეთ, რადგან ზემოთჩამოთვლილ მაღაზიებთან ერთად სხვა საინტერესო ბრენდები და ამავე მაღაზიებში უფრო მრავალფეროვანი კოლექცია და აუთლეტის კუთხეები შეგხვდებათ. 

აუცილებლად სანახავი ადგილები:
1. Charles bridge 
2. Astronomical clock 
3. St. Vitus Cathedral
4. Old Town Square
5. Wenceslas Square
6. Petřín
7. Vyšehrad
8. Strahov Monastery
9. National Museum
10. Clementinum
11. Museum of Communism
12. Letná Park

პრაღა არ არის გადატვირთული მუზეუმებით, აუცილებლად სანახავი ადგილების ათეულებით და ასეულებით. ამ ქალაქის მთავარი ხიბლი თავად მასშია. ქვაფენილიანი გზები, ძველი არქიტექტურა, ერთი შეხედვით აბსოლუტურად განსხვავებული არქიტექტურის, ფერების, ფორმის ნაგებობების იდეალური სინთეზი. ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი ადამიანები. ვიწრო ქუჩები, პატარა საცხობები, ტრენდელების კიოსკები, ყველა ფერის სახლი, ყველა ფორმის ფანჯარა… ძალიან ბევრს იტევს ეს პატარა ქალაქი.