პარიზი, ეს ის ქალაქია, სადაც ყოველი ვიზიტისას გაქვს მისი პირველად ხილვის ბედნიერება, რადგან ამოუწურავია და ქალაქში არსებული შთამაგონებელი განწყობა უკვე მრავალჯერ ნანახ ღირსშესანიშნაობებსაც კი სხვა თვალით დაგანახებს. 

პირველად პარიზს 5 წლის წინ ვეწვიე და პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ის ქალაქია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და ცხოვრება ჩემთვის საინტერესო რიტმით მიედინება. ვინაიდან, აუცილებელი ტურისტული დანიშნულების ადგილები უკვე მონახულებული მქონდა, ისტორიული შინაარსის ადგილები და მუზეუმებში ხეტიალი კი არც ჩემი და არც ჩემი მეუღლის ჰობია, გადავწყვიტეთ ტრადიციულ ტურისტულ რუკას არ გავყოლოდით და რამდენიმე დანიშნულების ადგილის მონახულებას შორის იქ გვესეირნა, სადაც შემთხვევით მოვხვდებოდით. 

მათ ვისაც პარიზის პირველად ხილვის ბედნიერება წინ გაქვთ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და რეკომენდაციებს:

ფრენა – თბილისიდან პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეისს მხოლოდ ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი ასრულებს, რაც ძალიან ამარტივებს და კომფორტულს ხდის მგზავრობის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი რეისების დროს მინიმუმია ბარგის დაკარგვის ან დაგვიანებით აღების შანსი. რეისი პარიზის ცენტრალურ, შარლ დე გოლის აეროპორტში ჩადის, საიდანაც ქალაქის ცენტრში მოხვედრა დაახლოებით 40 წუთშია შესაძლებელი. უმჯობესია თუ მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ და ბილეთებსაც ადრე შეიძენთ, ეს საგრძნობლად დაგეხმარებათ ბიუჯეტის შემცირებაში.

საცხოვრებელი – საცხოვრებლის ტიპის შერჩევა თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული. მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ, მნიშვნელობა არ აქვს სასტუმროში იცხოვრებთ თუ ბინას იქირავებთ, უმჯობესია თუ ის მეტროსთან ახლოს იქნება, რადგან პარიზის მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია ყველა მიმართულებით ფეხით გადაადგილება, ტაქსები კი საკმაოდ ძვირი ღირს. თუ მცირე ან საშუალო ბიუჯეტით მიემგზავრებით ან ოჯახით/მეგობრებთან ერთად მიდიხართ, მაშინ სახლის ქირაობა უკეთესი გამოსავალია. საორიენტაციოდ რომ გამოგადგეთ, პარიზის ცენტრალურ უბნებში სახლის დაქირავება, სადაც 2-3 ადამიანი განთავსდება დღე-ღამეში საშუალოდ 80-120 დოლარი დაგიჯდებათ. იგივე ტერიტორიაზე ნორმალური დონის სასტუმროში გაჩერება კი კაცზე საშუალოდ 120-180 დოლარი.

გადაადგილება/ტრანსპორტი – აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში და პირიქით გადასაადგილებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროს ხაზებით, ავტობუსით და ტაქსის მომსახურებით. ჩვენ Uber – ის ტაქსით ვისარგებლეთ, რომლის ფასი ცვალებადია მოთხოვნის მიხედვით, აეროპორტიდან ცენტრში და პირიქით გადაადგილება დაახლოებით 50-80 ევრო დაგიჯდებათ. ქალაქში გადაადგილების ყველაზე სწრაფი, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალება მეტროა. სამწუხაროა, რომ ასეთ ლამაზ ქალაქში დღის გარკვეული ნაწილის გატარება მიწის ქვეშ მოგიწევთ, მაგრამ სხვანაირად ყველა დისტანციის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. მეტროს სტანდარტული ბილეთი 1.80 ევრო ღირს, თუმცა შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა პაკეტური მომსახურებები, რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ ბიუჯეტის დაზოგვაში. პარიზის მეტრო ერთი შეხედვით დიდი თავსატეხია, თუმცა ის იმდენად კარგად არის ორგანიზებული და გზად იმდენი მითითება შეგხვდებათ, შეუძლებელია დაიბნეთ. 

კვება – პარიზში ცოტა ქუჩა თუ მოიძებნება, სადაც კაფეებს, რესტორნებს, ბისტროებს და სხვა საკვებ დაწესებულებებს ვერ ნახავთ. პარიზში კვებასთან მე სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს და იშვიათად თუ მომწონს საკვები დაწესებულებების კერძები, სადაც როგორც წესი, მენიუები ზედმეტად სტანდარტული და ცოტა მოსაწყენია. იმისათვის რომ ნამდვილი ფრანგული გემოები შეიგრძნოთ შეიძინეთ ახალგამომცხვარი ბაგეტი, სხვადასხვა სახეობის ფრანგული ყველი, ხილი და ღვინო. ქალაქში უამრავი ბაღი და საპიკნიკე ადგილია, სადაც დროს სასიამოვნოდ და გემრიელად გაატარებთ. თავს უფლება მიეცით და უარი არ თქვათ ფრანგული ტკბილეულის – ფუნთუშების და ნამცხვრების დაგემოვნებაზე. საშუალოდ კვებაზე 1 ადამიანმა დღის განმავლობაში დაახლოებით 30-50 ევრო უნდა გაითვალისწინოს.

დანიშნულების ადგილები – პარიზში სასურველ გასართობს და დროის გასაყვანს ყველა ადამიანი იპოვნის. რა თქმა უნდა მუზეუმების, ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ, თუმცა ალტერნატივები უფრო აქტიური ან პასიური დამსვენებლებისთვისაც ბევრია. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანი მუზეუმები და სტანდარტული დანიშნულების ადგილები არ ყოფილა, შესაბამისად გაგიზიარებთ იმ ლოკაციებს და აქტივობებს, რომლებსაც მე გამოვარჩევ.

მონმარტი – ერთ-ერთი მთავარი, ტურისტული დანიშნულების ადგილია, სადაც ასასვლელად არ უნდა დაგეზაროთ ერთი შეხედვით დაუსრულებელი აღმართის ფეხით ავლა, რადგან სწორედ აქ შეხვდებით განსხვავებულ ვიწრო ქუჩებს, სახლებს, ყვავილებს, კაფეებს და ადგილობრივ მაღაზიებს. აუცილებლად შედით Sacré Coeur ბაზილიკაში, ჩამოჯექით მისკენ მიმავალ კიბეებზე და დატკბით პარიზის ულამაზესი ხედებით. 


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – ეწვიო პარიზს და თუნდაც მეათედ არ ნახო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რთულად წარმოსადგენია, რადგან მისი უნიკალური არქიტექტურის და ინტერიერის წყალობით ის ყველა სეზონზე და ამინდში განსხვავებულად გამოიყურება. 

Shakespeare and Company – პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან 5 წუთში ამ ჯადოსნურ, წიგნის მაღაზიასთან მოხვდებით, სადაც შესასვლელად აუცილებლად მოგიწევთ მცირე რიგში დგომა, თუმცა ეს ამად ღირს. ერთი შეხედვით პატარა აბრის მიღმა, ნამდვილი, ჯადოსნური და აღმოჩენებით სავსე სამყარო იმალება, ვისთვისაც თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელია. მაღაზიაში რამდენიმე თემატური სივრცეა, სადაც წარმოდგენილი წიგნების დიდი ნაწილის შეძენა შეგიძლიათ.

ტროკადეროს მოედანი – თუ ეიფელის განსხვავებული რაკურსებით დაფიქსირება გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ მოედანს და გაამდიდრეთ თქვენი ფოტო ალბომი.

ტუილერების ბაღი – იდეალური ადგილი, სადაც თანაბრად სასიამოვნოდ განტვირთვას და ამასთანავე ექსტრემალური შეგრძნებებით დატვირთვას შეძლებთ. სიმწვანეში და მოვლილ გაზონებში ჩაფლული ბაღის მიმდებარედ, ექსტრემალური ატრაქციონები და ქალაქის სავიზიტო “ეშმაკის ბორბალი” გელოდებათ.

დისნეილენდი – ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი გაერთობა და სიამოვნებას მიიღებს. პარიზის დისნეილენდი ორი თემატური პარკისგან შედგება, დისნეის პარკი და სტუდიო. სტუდიოში სტუმრობა უფრო მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს შეგიძლიათ, ხოლო მათ ვისაც მისი სტუმრობა ბავშვებთან ერთად გაქვთ გადაწყვეტილი და ექსტრემალური ატრაქციონები არ გიტაცებთ მაშინ დისნეილენდის პარკს ესტუმრეთ. ბილეთები წინასწარ, ონლაინ შეიძინეთ, რაც თავიდან აგარიდებთ სალაროსთან რიგს და თანხის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ პარკების სრულყოფილად ასათვისებლად 1 სრული დღე დაგჭირდებათ, რადგან ყველა ატრაქციონთან მინიმუმ 30 წუთიან რიგში დგომა მოგიწევთ. პარკი განსაკუთრებით კვირის ბოლოს იტვირთება, უმჯობესია თუ ვიზიტს სამუშაო დღეებში დაგეგმავთ. ის ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით, დაახლოებით 45 წუთის სავალზე მდებარეობს და მისასვლელად მეტროს რამდენიმე ხაზის გამოცვლა დაგჭირდებათ.

კრუიზი სენას მდინარეზე – ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც პარიზში ვიზიტისას შეიძლება მიიღოთ. გაითვალისწინეთ რომ სასურველი კრუიზი 1 კვირით ადრე მაინც უნდა დაჯავშნოთ. როგორც წესი სენაზე მოგზაურობა 1-1.5 საათი გრძელდება და უმჯობესია თუ სასეირნოდ საღამოს საათებს აარჩევთ.

გალერეა ლაფაეტი – თუ მოგზაურობისას შოფინგს დიდ დროს და მნიშვნელობას ანიჭებთ, ეწვიოთ პარიზს და უყურადღებოდ დატოვოთ ლაფაეტი არასწორი საქციელი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქში ფასდაკლებებია (ივლისი). აქ ნამდვილად შეძლებთ ცნობილი საერთაშორისო თუ ფრანგული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, სუნამოებისა თუ თავის მოვლის საშუალებების დიდი ფასდაკლებით შეძენას.

როგორც შესავალში აღვნიშნე, ტურისტული დანიშნულების ადგილებზე პოსტში ბევრი არ ვისაუბრე, რადგან მათ თავადაც მიაგნებთ. ჩემთვის, პარიზის მთავარი ხიბლი მისი თითოეული ქუჩა, ღამის ნათებები, ულამაზესი არქიტექტურა და ის მართლაც ჯადოსნური გარემოა, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს.