თუ ევროპაში მოგზაურობა გსურთ. გიზიდავთ ძველი არქიტექტურა, სიმწვანე, სეირნობა, ლუდი, შვებულებისთვის მხოლოდ 1 კვირა გაქვთ და თბილისიდან პირდაპირი რეისით გსურთ სადმე გამგზავრება, ვენა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

აუცილებლად სანახავი ადგილების (მუზეუმების, მონუმენტების და ა.შ) სიაზე გუგლი ჩემზე უკეთესად გაგესაუბრებათ, მე ვეცდები გაგიზიაროთ რეკომენდაციები და მოგითხროთ ჩვენთვის გამორჩეული ადგილების და გამოცდილების შესახებ.

ფრენა :

თბილისიდან 3 აგვისტოს ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისით გავფრინდით, დაახლოებით 3 საათიანი, კომფორტული და სასიამოვნო ფრენის შემდეგ (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პილოტების პროფესიონალიზმი, რაც მარტივად შესამჩნევი იყო აფრენისა და დაჯდომის შეგრძნებით) დანიშნულების ადგილზე ჩავედით.

საცხოვრებელი :

საცხოვრებლად სახლი Airbnb-ზე ავარჩიეთ, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა არც ისე წარმატებულად. მიუხედავად კარგი შეფასებებისა, ჩვენი მასპინძელი ურთიერთობის პირველივე წუთისთანავე უპასუხისმგებლოდ მოგვექცა და ამის გამო აეროპორტში დამატებით რამდენიმე საათის გატარება მოგვიწია. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ცენტრამდე მისასვლელად, ფეხით პირველ დღეებში 30 წუთი, მომდევნო დღეებში და უკვე გავარჯიშებულებზე 20 წუთი გვჭირდებოდა. მოკლედ, მიუხედავად კარგი შეფასებებისა, მაინც კარგად დაუფიქრდით საცხოვრებლის არჩევისას. ნახეთ როგორ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელ სამეზობლოში მოგიწევთ ცხოვრება და ა.შ.

ტრანსპორტი :

ქალაქის მთავარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტრამვაი წარმოადგენს. თუ ტაქსით გადაადგილებას ანიჭებთ უპირატესობას, აუცილებლად ისარგებლეთ აპლიკაცია Uber-ით, რომელსაც გასაკვირად კარგი ტარიფები და სერვისი აქვს. ძალიან პოპულარულია ველოსიპედით მოძრაობა, რისთვისაც შექმნილია სპეციალური ბილიკები და საგზაო ნიშნები.
მიუხედავად ტრანსპორტის გამართული მუშაობისა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ქალაქში პირველად, ტურისტული მიზნით ხარ ჩასული, ფეხით სიარული და ახალი ადგილების აღმოჩენა უფრო სასიამოვნოა.

გარემო :

უსაფრთხოების მხრივ ვენა საკმაოდ დაცული ქალაქია, მიუხედავად ამისა ტურისტული თავშეყრის ადგილებში ყურადღება მაინც გმართებთ. გარეთ საკმაოდ გვიან დავდიოდით და საეჭვო თავყრილობა, ჩხუბი და სახიფათო გარემო არსად შეგვხვედრია.
გაითვალისწინეთ, რომ სასურსათო მაღაზიები, დიდი მარკეტები, აფთიაქები საკმაოდ ადრე 7-8 საათზე იკეტება და მათი უმრავლესობა შაბათ-კვირას არ მუშაობს.

კვება :

Café Mozart – ვენის ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესი, ცნობილი კაფეა. უპირობო ფავორიტებია: სახლის ლიმონათი (ლიმონის), ხვადასხვა სახის ცივი ყავა და ნაყინი.

Schweizerhaus – გასართობი პარკის Prater (რომლის შესახებ, მოგვიანებით მოგითხრობთ) ბოლოს ამ გადასარევ ადგილს მიაგნებთ. აქ არის როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები. დაახლოებით 100 მაგიდა მაინც იქნება, რომელთაგან ყველა, ყოველთვის დაკავებულია და უმჯობესია თუ წინასწარ დაჯავშნით. ჩვენ ეს არ ვიცოდით და თავისუფალი 2 ადგილისთვის მოთმინების ბოლო წვეთამდე ბრძოლა მოგვიწია. შედეგი ამად ღირდა. გემრიელი კანჭი და კიდევ უფრო გემრიელი ლუდი (მე ლუდი არ მიყვარს, შესაბამისად შეფასება – გემრიელი, ძალიან ობიექტურია), რომელსაც რაც მთავარია, მეორე დღეს თავის ტკივილი და ბახუსი არ მოჰყვა.

ეს ორი ადგილი, ჩვენი ფავორიტია.ზოგადად კი, როგორც ტურისტულ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქს შეეფერება, აქ ძალიან ბევრი რესტორანი, კაფე, ბარი და ფაბია. ასევე აღნიშვნის ღირსია MC, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპი, რომ სხვა ქვეყნებში უგემური საკვები და გაზიანი სასმელი აქვთ.

ქალაქში განვითარებულია საკვების ადგილზე მიტანის სერვისი, ჩვენ Uber eats-ით ვისარგებლეთ და სერვისით კმაყოფილები დავრჩით.

პ.ს შეგიძლიათ წყლის ონკანიდან დალევა.

აქტივობები და ლოკაციები :

სეირნობა, სეირნობა და სეირნობა. თან როგორი ქალაქია, ყველა ქუჩაზე გამწვანებული, მოვლილი მოსასვენებელი პარკით, სადაც დაჯდომა, წამოწოლა და მთელი დღის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს

Prater – სადაც არ უნდა წავიდე, გასართობი პარკი, ატრაქციონები და მულტფილმების გმირები, ჩემ განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევენ. არც ეს პარკია გამონაკლისი, სადაც შესასვლელშივე შეგხვდებათ მადამ ტიუსოს მუზეუმი. აუცილებლად ეწვიეთ მას, ჩვენ ძალიან გავერთეთ.

პარკი არც ისე დიდია, ყველა ატრაქციონის შემოსავლელად და წასახემსებლად ნახევარი დღე სავსებით საკმარისია.

ჩვენთვის აქ გატარებული ერთი დღე, რომელიც ზემოთ უკვე ხსენებულ ფაბში დავასრულეთ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სასიამოვნო იყო.

Zoo Vienna Schönbrunn – ვენის ზოოპარკი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ეს არის მაგალითი იმისა მინიმუმ რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ცხოველები. ის უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ვოლიერები თემატურადაა დაჯგუფებული. ჩვენი ინტერესის მთავარ საგანს ფუმფულა, საყვარელი პანდები წარმოადგენდნენ, რომელთაგან ერთს ხის კენწეროზე ეძინა დილიდან საღამომდე და მეორემ, მხოლოდ 5 წუთით დაგვდო მისი ხილვის პატივი. აქ ასევე იხილავთ ჟირაფებს, თეთრ დათვს, ფლამინგოებს, ფოტოგენურ და უკომპლექსო კოალას, პინგვინებს და ფაუნის სხვა წარმომადგენლებს. ზოოპარკში რამდენიმე საკვები დაწესებულებაა, სადაც შესვენება და სწრაფად წახემსება შეგიძლიათ.

Schönbrunn Palace – ზოოპარკი კომპლექსის ერთ-ერთი ნაწილია, მისგან გამოსვლის შემდეგ ან შესვლამდე, შეგიძლიათ მწვანე ლაბირინთებში დაიკარგოთ ან დაუსრულებლად ისეირნოთ ჰაერით სავსე პარკში.

Hundertwasser village & Museum – Friedensreich Hundertwasser ავსტრიელი ხელოვანი და არქიტექტორი იყო. რომელმაც საბურავების ქარხანა ხელოვნების ნიმუშად გადააქცია, სადაც ახლა მაღაზიები და კაფეებია თავმოყრილი. აქვეა მისი მუზეუმი, სადაც სამახსოვრო სუვენირების შეძენაა შესაძლებელი.

ჩემდა გასაკვირად პეიზაჟებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები არ მაქვს, არც ჩანაწერები გამიკეთებია ადგილზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ იქ გატარებული ყოველი წუთით სიამოვნებას ვიღებდით და ვცდილობდით ელექტრონულ მოწყობილობებზე არ გვეფიქრა და სილამაზე არა ობიექტივზე, არამედ გონებაში აღგვებეჭდა. თქვენც ასეთ დასვენებას გისურვებთ.

7 შთამბეჭდავი დღის შემდეგ, ჩემი ბიჭი და მე დავუბრუნდით რუტინულ თბილისს. გზაშივე დავგეგმეთ შემდეგი ვოიაჟი, რომლის შესახებაც აუცილებლად მოგითხრობთ ამავე ბლოგზე.