banner

სილამაზე და თავის მოვლა

რა? სად? როდის? – ტონერი, შრატი, მკვებავი, დამატენიანებელი და ა.შ

სილამაზის ინდუსტრია უამრავ პროდუქტს და მოვლის საშუალებებს გვთავაზობს, რაც გოგოებს, რომლებიც სულ ახლა იწყებენ საკუთარი რუტინის შექმნას არაერთ კითხვას უჩენს. პოსტში შევეცდები მოკლედ და გასაგებად მიმოვიხილო თავის მოვლისთვის/კანზე ზრუნვისთვის არსებული პროდუქტები და მათი დანიშნულება ღამის რუტინის შემთხვევაში.

მიცელარული წყალი – განკუთვნილია მაკიაჟის მოსაშორებლად. ის დემაკიაჟის და საღამოს რუტინის პირველი საფეხურია, რაც ზედაპირიდან წარმატებით მოგაშორებთ მაკიაჟს, დღის განმავლობაში დაგროვებულ ჭუჭყს. განსაკუთრებით ეფექტურია თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად. ისიც როგორც სხვა პროდუქტები კანის ტიპის და საჭიროებების მიხედვით უნდა აარჩიოთ. რჩევა – თუ გსურთ რომ მიცელარულმა ზედმეტი ძალისხმევის და დაზიანების გარეშე მოგაშოროთ მძიმე მაკიაჟი, განსაკუთრებით თვალებიდან აარჩიეთ ორფაზიანი საშუალება, რომელიც შეიცავს ზეთს და მარტივად შლის წყალგამძლე მაკიაჟის ნაწილაკებს. ჩამოვიბანოთ თუ არა სახე მიცელარულის გამოყენების შემდეგ? ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და მწარმოებლებიც სხვადასხვა ანოტაციას ურთავენ თავიანთ პროდუქტს. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით რომ მე ვიშორებ, ვინაიდან სახის გაწმენდის ჩემი რუტინა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბამბის დისკოთი, ზედაპირულად გასუფთავებული კანით და დამატებით სხვა პროდუქტებსაც ვიყენებ, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ფავორიტი მიცერალური წყალი – Bioderma sensibio

გამწმენდი რძე – მიცელარულისგან განსხვავდება სტრუქტურით, თუმცა იგივე ფუნქცია აქვს. რომელს აირჩევთ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მე უპირატესობას რძეს ვანიჭებ, რადგან უფრო ნაზად, მინიმალური გაღიზიანების გარეშე და რბილად აშორებს მაკიაჟს და ამასთანავე მსუბუქად ატენიანებს კიდევაც კანს. ფავორიტი გამწმენდი რძე – Bioderma sensibio

დასაბანი ქაფი/გელი/ზეთი – დემაკიაჟის შემდგომი საფეხურია. ქაფს გამოიყენებთ გელს თუ ზეთს ეს თქვენი კანის ტიპზე და სურვილზეა დამოკიდებული. ამ პროდუქტების მიზანია ღრმად გაწმინდოს კანი, მოაშოროს ის ჭუჭყი და მაკიაჟის ნარჩენები, რომელსაც მიცერალური და გამწმენდი რძე ვერ ერევა. თავად, ღამის რუტინაში ზეთოვან დასაბან საშუალებას ვიყენებ რადგან ის შლის მაკიაჟის ყველა ნაწილაკს, აღწევს ფორებში, ამასთანავე ამშვიდებს და აბალანსებს კანის ფერს. ფავორიტი დასაბანი ზეთი – Avene XeraCalm. 

ტონერი – კანის გაწმენდის შემდეგი საფეხურია ტონერის გამოყენება, რომელიც აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს, ათანაბრებს კანის ფერს, ამასთანავე უზრუნველყოფს კანის სრულიად გასუფთავებას და ამზადებს მას შემდგომი პროდუქტების უკეთ ასათვისებლად. ტონერი ცოტა ხნის წინ ჩავრთე ჩემს რუტინაში, ვიყენებ PIXI ტონერს, რომელიც მომწონს, თუმცა შემდგომში ვაპირებ Mario Badescu ალოეს ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალურად მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი პროდუქტი გამოვიყენო.

შრატი – განკუთვნილია კანის დამატებითი დატენიანებისთვის, მისი გაჯანსაღებისთვის, ოვალის შესანარჩუნებლად. შრატს დამატენიანებელი კრემისგან განასხვავებს შემადგენლობა, მასში უფრო მეტი აქტიური ინგრედიენტია, უფრო თხელია, რაც ამარტივებს მის შეწოვას. ფავორიტი შრატი – Mario badescu კოლაგენის შრატი კომბინირებული, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

დამატენიანებელი და მკვებავი კრემები – განსხვავებული პროდუქტებია თავისი შემცველობით და დანიშნულებით. საბოლოოდ ორივე კანის კვებას და დატენიანებას ემსახურება, უბრალოდ განსხვავებული თანაფარდობით. დამატენიანებელი კრემის მთავარი შემადგენელი ნაწილი წყალია. ის იცავს კანს გამოშრობისგან, გაუწყლოვანებისგან, შეიძლება ჰქონდეს მზისგან დამცავი და აღმდგენი ფუნქციაც. არის შედარებით თხელი და მსუბუქი კონსისტენციის. მკვებავი კრემი კი სქელია და გამოირჩევა მსუყე შემცველობით. თუ დამატენიანებელის შემთხვევაში შემადგენლობის 70% წყალია, აქ პირიქით 70% ცხიმებს წარმოადგენს. მკვებავი კანს საჭირო ვიტამინებით ამდიდრებს, იცავს მას და  უნარჩუნებს ელასტიურობას. როგორ გამოვიყენებთ მათ კანის ტიპზე, სეზონზე და საჭიროებებზეა დამოკიდებული. თავად, ზამთრის სეზონზე ღამით დამატენიანებელს ვიყენებ (ვინაიდან წყლის მაღალი შემცველობის გამო დღისით მისი ტარება არაეფექტურია) ხოლო დღისით მკვებავს. ზაფხულში ეს რუტინა იცვლება. ღამის რუტინისთვისთვის ამ ეტაპზე ვიყენებ Mario badescu კრემს გვირილის ექსტრაქტით მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

თვალის გარშემო კრემი – ვფიქრობ, რომ ჩემი რუტინა მინიმალური, აუცილებელი პროდუქტებისგან შეგდება და თითოეულს თავისი სრულყოფილი დატვირთვა აქვს, თუმცა თუ ჩამოთვლილი საშუალებებიდან 1 ის არჩევა მომიწევდა, ის 1 კი დასაბანი ზეთი იქნებოდა (რადგან არაფერს აქვს აზრი თუ ჭუჭყიანი კანი გვექნება), მაგრამ მეორე აუცილებლად თვალების ირგვლივ კრემია, რადგან ჩვენი სახის ყველაზე მგრძნობიარე ადგილს, რომელსაც რეგენერაციის უნარი ნაკლებად აქვს და მთლიანად ჩვენს მოვლაზეა დამოკიდებული განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. თვალის გარშემო კრემის არჩევისას ხშირად ცდებიან როდესაც მას მხოლოდ ასაკობრივი ზღვარის მიხედვით არჩევენ. რა თქმა უნდა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, თუმცა გასათვალისწინებელია კანის ტიპი და მისი მდგომარეობა. მშრალ კანს თინეიჯერობის ასაკიდანვე უნდა კარგი დატენიანება. პროდუქტის შემცველობა და მასში ინგრედიენტების შემადგენლობა კი ეტაპობრივად უნდა გამრავალფეროვნდეს. ამ ეტაპზე, ფავორიტი თვალის კრემი რომელსაც დღის და საღამოს რუტინაში ვიყენებ Belif – ია.

—————————————————–
ზემოთ მოცემული სტანდარტული ღამის რუტინაა თავისი შემადგენელი პროდუქტებით, თუმცა დამატების სახით მინდა გაგაცნოთ ის პროდუქტები, რომელიც დამატებითი სისუფთავისთვის, გაჯანსაღებისა და დატენიანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სკრაბი/გომაჟი – პატარა ნაწილაკებისგან შემდგარი კრემოვანი სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება კვირაში 2-3 ჯერ (კანის ტიპის მიხედვით) უზრუნველყოფს ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას, ღრმა წმენდას და ფორების გასუფთავებას. სკრაბსა და გომაჟში განსხვავება მათ სტრუქტურაშია. პირველი შედარებით უხეშია, მეორე უფრო რბილი. მათ ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს მათთვის გომაჟის გამოყენებაა უმჯობესი კვირაში მაქსიმუმ 2 ჯერ, ხოლო სხვა ტიპის კანისთვის შესაძლებელია შედარებით მსხვილი ნაწილაკების შემცველობის სკრაბების გამოყენება კვირაში მაქსიმუმ 3 ჯერ პერიოდულობით.

სახის ნიღბები – ნაჭრის ნიღბები ძალიან პოპულარულია. მას ყველა დიდი ბრენდი უშვებს, თუმცა უპირობო ლიდერი კორეული საშუალებებია. სხვადასხვა შემადგენლობის მქონე, სითხით გაჟღენთილი ნიღბები განკუთვნილია დატენიანებისთვის, კვებისთვის, ასაკობრივი ნიშნების პრევენციისთვის, დაღლილობის/შეშუპების მოსახსნელად, კანის ტონის გათანაბრებისთვის და ა.შ. მისი გამოყენება კვირაში 2-3 ჯერ შეგიძლიათ. კარგად გასუფთავებულ კანზე, თუნდაც იმ დღეებში როდესაც ზემოთხსენებულ, შედარებით უხეშ პროდუქტებს გამოიყენებთ. ეს ნიღბები უზრუნველყოფს გაღიზიანებული კანის დაწყნარებას და მისი ბუნებრიობის აღდგენას.

თვალის ნიღბები, ე.წ “პაჩები” – ამ შემთხვევაშიც არჩევანი დიდია და ამ შემთხვევაშიც, კორეული საშუალებები გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და ხარისხით. თვალის პაჩები განკუთვნილია კანის დატენიანებისთვის, ასაკობრივი ნიშნების გაჩენის პრევენციისთვის, დაღლილობის/შეშუპების მოსახსნელად. მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ სუფთა კანზე. მაგალითად დილას მაკიაჟის გაკეთებამდე, საღამოს წვეულებაზე წასვლამდე და ა.შ.

banner

Related Posts