banner

სილამაზე და თავის მოვლა

სახის კანის მოვლის ღამის რუტინა

სახის კანზე ზრუნვა და თავის მოვლის პროდუქტების შერჩევა რა თქმა უნდა ინდივიდუალური საკითხია, გამომდინარეობს კანის სტრუქტურისგან და საჭიროებებისგან, თუმცა არსებობს საფეხურები და თანმიმდევრობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

მნიშვნელობა არ აქვს როგორი ხარისხის კოსმეტიკას ან დამატენიანებელს/მკვებავს გამოიყენებთ, თუ დემაკიაჟს და სახის გასუფთავებას სათანადო ყურადღებას არ დაუთმობთ. კანის მოვლის პირველი ეტაპი სწორედ მისი გაწმენდაა, რომელიც სხვადასხვა გზით შეგიძლიათ.

მიცელარული წყალი – უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით. თანამედროვე, კარგი საშუალებები თანაბარი წარმატებით უმკლავდებიან როგორც სახის, ასევე თვალის მაკიაჟს. შესაბამისად, დამატებითი პროდუქტის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. სითხით დასველებული ბამბის დისკოთი მანამდე გაიწმინდეთ სახე, სანამ ზედაპირი სრულიად თეთრი და სუფთა არ გახდება. გაწმენდის შემდეგ სახე წყლით ჩამოიბანეთ ან გამოიყენეთ თერმული წყალი.
  
გამწმენდი რძე – ამ შემთხვევაშიც კანის ტიპის გათვალისწინებაა აუცილებელი. გამწმენდი რძე ყოველდღიური მოხმარებისთვის განსაკუთრებით მათ გამოგადგებათ ვისაც სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ. გარდა მაკიაჟის მოშორებისა ის მსუბუქად დაატენიანებს კანს და არ საჭიროებს ჩამობანას.

გამწმენდი ქაფი/გელი – თუ სარკის წინ, ბამბის დისკით მოშორებული მაკიაჟი და გაწმენდილი კანი თქვენთვის საკმარისი არ არის, ამასთან მიდრეკილი ხართ აკნესკენ, როზაცეასკენ ან სხვა სპეციფიური მდგომარეობისკენ, რუტინაში შეგიძლიათ ჩართოთ შესაბამისი გამწმენდი ქაფი ან გელი, რომელიც გამორიცხავს ზედაპირზე რაიმე ნარჩენის დატოვებას და აღადგენს ბუნებრივ ბალანსს.

სკრაბი/გომაჟი – ტექსტურით განსხვავდება ტანის სკრაბისგან და უფრო პატარა კრისტალებს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს კანის სიღრმისეულ თუმცა ნაზ წმენდას, მისი გაღიზიანების გარეშე. სკრაბის გამოყენება კვირაში საშუალოდ 2-ჯერ შეგიძლიათ. უმჯობესია შხაპის მიღების შემდეგ, თბილ კანზე, მაშინ როდესაც ფორები ღიაა. ნაზად, წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ სკრაბი (მოერიდეთ თვალების გარშემო ზონას) 2 წუთით მსუბუქად დაიმასაჟეთ და ნელ-თბილი წყლით ან თბილი პირსახოცით ჩამოიბანეთ.

ტონერი – გაწმენდის შემდგომი ნაბიჯი ტონირებაა, რაც უზრუნველყოფს კანის მჟავა-ტუტოვან (PH) ბალანსს და მომზადებას დამატენიანებლის მაქსიმალურად შესათვისებლად.

სამკურნალო საშუალება – თუ თქვენ კანს დამატენიანებლის გარდა სხვა “დახმარებაც” სჭირდება, დაიტანეთ მცირე ოდენობის სპეციალური საშუალება წერტილოვნად/იმ უბნებზე სადაც პრობლემაა. 

დამატენიანებელი – შეარჩიეთ ასაკის, კანის ტიპის და საჭიროებების მიხედვით. არ გადაამეტოთ რაოდენობაში, “less is more” ოქროს წესია, რომელიც საცხების წასმისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

თვალის კრემი – მისი გამოყენება 22-23 წლის ასაკიდან შეიძლება მიმიკურ ნაოჭებთან საბრძოლველად და თვალების გარშემო ზონისთვის ჯანსაღი იერის მისანიჭებლად. საჭიროების და ასაკის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ გელისებური ან უფრო მსუყე ტექსტურით. წაისვით თვალის ქვეშ და კუთხეებზე წრიული, ნაზი მოძრაობებით. 

სახის კანის ღამის მოვლის რუტინაში შრატს და ზეთებსაც იყენებენ, თუმცა ეს ინდივიდუალურია. პოსტში მოცემული საფეხურები კი აუცილებელი მინიმუმია სასურველი შედეგის მისაღებად. ასევე რეკომენდებულია კვირაში 2-3 ჯერ, გაწმენდილ სახეზე სხვადასხვა შემცველობის და დანიშნულების ნიღბების გამოყენება.

banner

Related Posts