banner

სილამაზე და თავის მოვლა

ვემზადებით შემოდგომისთვის

კანს ნებისმიერ სეზონზე სჭირდება ყურადღება და მოვლა, განსაკუთრებით კი გარდამავალ ეტაპზე, როდესაც ტემპერატურა იცვლება. იმისათვის, რომ თქვენი კანი გრილი შემოდგომისთვის ფორმაში იყოს, მზადება ახლა დაიწყეთ. 

კანის განახლება – სკრაბის როგორც სხეულზე ასევე სახეზე გამოყენება თავის მოვლის ჩვეული რუტინაა, რომელსაც ბევრი ადამიანი კვირაში რამდენჯერმეც მიმართავს, თუმცა სეზონის გარდამავალ ეტაპზე მისი ღრმად განახლებაა საჭირო, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც ხშირად იმყოფებოდა მზის სხივების ქვეშ, გაირუჯა ან შემთხვევით დაიწვა. მკვდარი უჯრედების კანიდან მოშორება აუცილებელია, რომ არ დაიხშოს ფორები და მას ბუნებრივად სუნთქვა შეეძლოს. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ როგორც სალონურ პროცედურებს, ასევე სახლის პირობებში თქვენი კანის შესაბამისი ძლიერი შემცველობის სკარბის/გამწმენდების და დამხმარე ხელთათმანების (ტანის შემთხვევაში) გამოყენებით.

კანის დატენიანება – ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია და აღგვინიშნავს რომ თავის მოვლის ეს საფეხური ყველა სეზონზე და პირობებშია აუცილებელი. განსხვავება მხოლოდ დამატენიანებელი საშუალების შემცველობაშია. თუ ზაფხულში მსუბუქი, გელისებური სტრუქტურის, წყლის ბაზაზე დამზადებული საშუალებებია რეკომენდებული, გრილ სეზონზე საცხის კონსისტენცია უნდა შეიცვალოს. უმჯობესია თუ მის შემადგენლობაში იქნება სხვადასხვა ზეთი და ვიტამინი, რომელიც ღრმად დაატენიანებს კანს და დაიცავს გარემოს ზემოქმედებისგან.

ტუჩები – ზღვის წყალი, მზე და ტენიანობა ტუჩებს აშრობს, რაც არასასიამოვნოდ გამოიყურება. კვირაში 2-3 ჯერ გამოიყენეთ სკრაბი, ხოლო ყოველდღიურად სასარგებლო ზეთების შემცველობის დამატენიანებელი ბალზამი წაისვით რამდენიმეჯერ.

იდაყვები და ქუსლები – ვინაიდან ზაფხულში ჩვენი სხეული ნაკლებად დაცულია და გარემოს კანთან მეტი შეხება აქვთ ყველაზე მგრძნობიარე არეები უხეშდება, შრება და განსაკუთრებულ დატენიანებას ითხოვს. მხოლოდ ტანის დამატენიანებელს არ დასჯერდეთ და ამ ზონებისთვის დამატებითი პროდუქტი შეარჩიეთ, რომელსაც მეტად მსუყე შემცველობა ექნება.

თმა – ისევე როგორც კანს, თმასაც დატენიანება სჭირდება. ზღვის მარილიანმა წყალმა, სიცხემ და უჰაერობამ თმა შეიძლება მტვრევადი და მშრალი გახადოს. შემოდგომისთვის მოსამზადებელ რუტინაში გარდა თქვენი თმის ტიპისთვის მისაღები შამპუნისა აუცილებლად ჩართეთ გამაჯანსაღებელი ზეთები (განსაკუთრებით მათ ვისაც გრძელი თმა გაქვთ და ბოლოები მარტივად გეყოფათ).

banner

Related Posts